Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი სახელმწიფო მდივნები უსაფრთხოების გამოწვევებზე


ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი სენატის კომიტეტში
ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი სენატის კომიტეტში

შეერთებული შტატების სამი ყოფილი სახელმწიფო მდივანი, რომლებიც დიპლომატიური გამოცდილების სამ ათწლეულს აერთიანებენ, კონგრესის კომიტეტის წინაშე წარსდგა და მას მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევებსა და ამერიკის უსაფრთხოებაზე ხედვები გაუზიარა.

ჰენრი კისინჯერი პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაციიდან - 1970-იანი წლები, ჯორჯ შულცი რონალდ რეიგანის ადმნისტრაციიდან - 80-იანი წლები და მადლენ ოლბრაიტი ბილ კლინტონის ადმინისტრაციიდან - 90-იანი წლები. ყოფილი სახელმწიფო მდივნები სენატის შეაირაღებული ძალების კომიტეტის წინაშე წარსდგნენ და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს, მათ შორის იყო „ისლამური სახელმწიფო“ და უკრაინის კრიზისი.

უკრაინაზე საუბრისას ოლბრაიტმა კომიტეტის წევრებს უთხრა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა ევროპის სიმშვიდე დაარღვია, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა.

„რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ფუნდამენტურად შეცვალა უსაფრთხოების გამოთვლები კონტინენტზე და პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის საზღვრები ძალადობრივად შეიცვალა. უკანასკნელი დღეების მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ის რაც ბევრს გაყინული კონფლიქტი ეგონა, სინამდვილეში მწვავე აღმოჩნდა.“

პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის საზღვრები ძალადობრივად შეიცვალა. უკანასკნელი დღეების მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ის რაც ბევრს გაყინული კონფლიქტი ეგონა, სინამდვილეში მწვავე აღმოჩნდა.
მადლენ ოლბრაიტი, შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი

„ისლამური სახელმწიფოსგან“ მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას ჰენრი კისინჯერმა თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლები„ისლამურ სახელმწიფოს“ ასაზრდოებს და საფრთხეს უქმნის უკვე ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებს.

„ტერორისტების კონტროლის ქვეშ ტერიტორიების მოქცევა ცხადჰყოფს მათ მიზნებს -გადაატრიალონ ყველა არსებული ინსტიტუცია, ეს არის უსაფრთხოების გამოწვევა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კონფლიქტი ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ,“ თქვა კისინჯერმა.

საერთაშორისო პოლიტიკის გამოწვევებზე ისაუბრა ჯორჯ შულცმაც, რომელიც ასევე შეეხო ჩრდილოეთ ამერიკის და ე.წ. „სამეზობლოს“ გამოწვევებს. მისი თქმით შეერთებული შტატების იმიგრაციის საკითხები მხოლოდ ამერიკის პრობლემა არ არის:

„როცა არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩვენს საზღვრებზე ბავშვების პრობლემებს ვაწყდებოდით, არც ერთი მათგანი არ იყო მექსიკელი. ეს კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ ჩვენ საზღვრის საკითხის მოგვარებაზე უნდა ვიზრუნოთ, რატომ არის ასეთი მძიმე პირობები ელ სალვადორში, ჰონურსაში, გუატემალაში, რომ მშობლები ბავშვებს ჩრდილოეთის საზღვართან აგზავნიან. ჩვენ ამ საკითხს მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ. არალეგალური ემიგრაციის პრობლემას ბევრი მხარე აქვს.“

საკომიტეტო გამოსვლები რამდენიმე წუთით დემონსტრანტის გამოჩენამ შეაჩერა, რომელიც ვიეტნამის ომში და სამხრეთ ამერიკის კონფლიქტებში კისინჯერის როლს აპროტესტებდა.

კისინჯერის დასაცავად ფეხზე წამოდგა ჯორჯ შულცი,დემონსტრანტი კი დარბაზიდან ტაშის ფონზე გააცილეს.

XS
SM
MD
LG