Accessibility links

სენატორები სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდიან


აშშ-ის სენატორები ჯონ მაკკეინი (მარცხნივ), ჯო ლიბერმანი და ლინდსი გრემი თბილისში ვიზიტისას

აშშ-ის სენატორები ჯონ მაკკეინი (მარცხნივ), ჯო ლიბერმანი და ლინდსი გრემი თბილისში ვიზიტისას

საქართველოში გრძელდება ამერიკელი სენატორების ორდღიანი ვიზიტი. ჯონ მაკკეინმა, ჯოზეფ ლიბერმანმა და ლინდსი გრემმა თბილისში ოფიციალური შეხვედრები 6 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს. შეხვდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს, დღის ბოლოს კი მედიისათვის პრესკონფერენციაც გამართეს. შეხვედრების მთავარი თემა მომავალი საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნოდ შექმნილი გარემო იყო. ამერიკელმა სენატორებმა არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისაკენ მოუწოდეს, თქვეს, რომ ეს იქნება გადამწყვეტი არჩევნები საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში, რომ დამარცხება ყველა პოლიტიკურმა ძალამ ღირსეულად უნდა აღიაროს და, შესაბამისად, დაეთანხმოს ქართველი ხალხის ვერდიქტს.

წინასაარჩევნოდ საქართველოში ჩამოსული სენატორების მთავარი მესიჯი როგორც ხელისუფლების, ისე მისი ოპონენტების მისამართით საპარლამენტო არჩევნების ღირსეულად ჩატარება იყო. ჯონ მაკკეინმა, ჯოზეფ ლიბერმანმა და ლინდსი გრემმა წინასაარჩევნოდ საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ საკუთარი ვერსიები მოისმინეს როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებისაგან, ისე კოალიცია ”ქართული ოცნებისა” და ”ქრისტიან- დემოკრატიული” პარტიების ლიდერებისაგან.

ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ასეთი მაღალი რანგის დელეგაციის სტუმრობას საქართველოში, თანაც საარჩევნო კამპანიის დროს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:

”ჩვენ ყველანი ვიბრძვით იმისთვის, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნებმა ბიძგი მისცეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას. საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის უფრო მეტად ზრდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს გაზრდის ინვესტორების აქტიურობას და ქართველი ხალხის დასაქმებას”, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მან სენატორებს წინასაარჩევნოდ მისი პოლიტიკური ძალის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ აცნობა, სენატორ მაკკეინს ასევე მოკლედ უამბო საკუთარი ბიოგრაფიაც, კერძოდ, რუსეთში თავისი მოღვაწეობის შესახებ მოუთხრო და აცნობა, რომ რუსეთში არსებული მისი ბოლო ქონება სულ ახლახან გაიყიდა. ამით ივანიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ ქვეყანასთან კავშირი აღარა აქვს.

”ქართული ოცნების” ლიდერის ეს სიტყვები სენატორმა ჯონ მაკკეინმა მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზეც გაიხსენა, როდესაც მას ჰკითხეს, ხომ არ შეიცვლის ქვეყანა პროდასავლურ კურსს არჩევნებში ივანიშვილის პოლიტიკური ძალის გამარჯვების შემთხვევაში. მაკკეინმა თქვა, რომ მან ივანიშვილისგან მტკიცე პირობა მიიღო, რომ საქართველოს მიზანი კვლავაც იქნება ნატოში ინტეგრაცია. ”ჩვენ ვიღებთ მის სიტყვებს, ხალხი კი არჩევანს თავად გააკეთებს”, თქვა ამერიკელმა სენატორმა.

სამივე სენატორი თანხმდება იმ აზრზე, რომ საქართველო შესამჩნევი პროგრესის გზით მიდის. ჯონ მაკკეინმა მისი წინა ვიზიტები გაიხსენა და თქვა, რომ დღევანდელი საქართველო მკვეთრად განსხვავდება იმ ქვეყნისგან, სადაც კორუფცია ყვაოდა, ხალხს კი ქუჩაში სიარულის ეშინოდა. თუმცა მომავალი არჩევნები საქართველოსათვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, განაცხადა ჯონ მაკკეინმა 6 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე:

”ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და დიდი ყურადღებით მივადევნებთ თვალს პროცესებს. ჩვენ დავეყრდნობით არჩევნების შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ბევრი რამ გამოიარეს, იმსახურებენ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. აშშ- ის მთავრობა არ ანიჭებს უპირატესობას რომელიმე კანდიდატს, მაგრამ ამერიკა ნამდვილად ამაყობს იმ პროგრესით, რომელსაც საქართველომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია.”

სენატორმა ჯოზეფ ლიბერმანმა შენიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორისაც, თუმცა მას არ მიუღწევია დემოკრატიის, თავისუფლებისა და ხალხის კეთილდღეობის თვალსაზრისით საბოლოო მიზნამდე. სწორედ ამიტომ ეწვივნენ ისინი საქართველოს არჩევნების წინ არა რომელიმე კანდიდატის, არამედ ქვეყნის მხარდასაჭერად:

”ჩვენ სამს საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სულ ვცდილობდით ამ ქვეყნის და მისი ხალხის დამცველები ვყოფილიყავით. ვიბრძოდით და კვლავაც ვიბრძოლებთ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს. ვგმობთ რუსეთის აგრესიას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. კვლავაც ვიბრძოლებთ კონგრესში იმისათვის, რომ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდეს თავდაცვითი იარაღი, რათა საქართველოს მთავრობამ თავისი ხალხის და ქვეყნის დაცვა შეძლოს. დღეს კი, ამ წინასაარჩევნო პერიოდში, აქ ვართ იმიტომ, რომ მხარი დავუჭიროთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომლის მეშვეობითაც საქართველო შეძლებს იაროს დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისაკენ.”

ლინდსი გრემმა კი პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას:

”ვიცი, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია მუშაობს, რადგან ვისაც ჩვენ შევხვდით, ყველა ერთმანეთზე ჩივის. თავი ამერიკაში მეგონა. მოგიწოდებთ არჩევნებში მონაწილეობისაკენ. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს საქართველო გახდება ნატოს წევრი. თქვენ ამას იმსახურებთ.”

ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჯონ მაკკეინმა გამოთქვა წუხილი იმის გამო, რომ შესაძლოა არჩევნების შემდეგ გაგრძელდეს დავა მისი შედეგების შესახებ და ზოგადად არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ. სენატორის რეკომენდაცია იყო ყველა პოლიტიკურმა ძალამ ღირსეულად აღიაროს დამარცხება და მიიღოს ხალხის ვერდიქტი.

სენატორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ, მართალია, მათ პრეზიდენტ სააკაშვილთან მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ, მაგრამ დღეს საქართველოში მის მხარდასაჭერად არ ჩამოსულან და რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებზე, ქართველი და ამერიკელი ხალხების მეგობრობა ჩვეულებრივ გაგრძელდება.

საგანგებო პრესკონფერენციის შემდეგ ამერიკელი სენატორები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. ამით დასრულდა კიდეც ჯონ მაკკეინის, ჯოზეფ ლიბერმანისა და ლინდსი გრემის საქართველოში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი. ვიზიტის დარჩენილ ნაწილში მათ ბათუმისა და მესტიის მონახულება ელით, რის შემდეგაც, 7 სექტემბერს, ამერიკელი სენატორები საქართველოს დატოვებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG