Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ საქართველოს მოუწოდებს პოლიტიკური დევნის აღქმა გააქარწყლოს


“ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით შენიშნავს საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ თავდაცვის მინისტრ ალასანიას და მინისტრის მოადგილეების გადაყენებას, ისევე როგორც მოგვიანებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პეტრიაშვილის და საგარეო საქმეთა მინისტრ ფანჯიკიძის და მისი მოადგილეების გადადგომას”-განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ. განცხდებაში აღნიშნული იყო, რომ აშშ ძალიან აფასებს ამ მინისტრების საქმიანობას საკუთარი ქვეყნის სამსახურში, ისევე როგორც აშშ-სთან პარტნიორობის გზაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა დააკონკრეტა, რომ რეგიონული არეულობისა და შიდა ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, “საქართველოს ინტერესებში შედის სტაბილურობის, ერთობის, სამართლიანი სასამართლოსა და კანონის უზენაესობისადმი პატივისცემა, ისევე როგორც საზოგადოების ნდობის შენარჩუნება დემოკრატიულ ინსტიტუტებში.”

ფსაკიმ აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი “ყველა მხარეს მოუწოდებს აღნიშნული მიზნების მისაღწევად ერთად იღვაწოს, და ფოკუსირება მოახდინოს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის უზრუნველყოფაზე.” სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა საქართველოს მთავრობას იმ ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა, “რომლებიც სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების აღქმას გააქარწყლებს. ამით საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს ერთგულებას საერთო, დემოკრატიულ ღირებულებებისადმი.

4 ნოემბერს საქართველოს პრემიერ მინისტრმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან დაითხოვა. ამ ფაქტის შემდეგ პოსტი დატოვა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმაც, 5 ნოემბერს კი საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოთხ მოადგილესთან ერთად, ანალოგიური გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოგვიანებით ერთერთმა მოადგილემ-დავით ჯალაღანიამ აღნიშნა, რომ პრემიერის თხოვნით ის დროებით დარჩება ამ პოსტზე.

XS
SM
MD
LG