Accessibility links

logo-print

ამერიკა მზად არის სირიასთან მოლაპარაკებებისთვის


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი

სირიის კონფლიქტი, რომელმაც 200 ათასი ადამიანი იმსხვერპლა და მილიონობით უსახლ-კაროდ დატოვა მეხუთე წელიწადში გადადის.ამ დროს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი - ჯონ კერი აცხადებს, რომ დროა კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირებისთვის ძალისხმევაგაჩაღდეს. სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მცდელობა რათა პრეზიდენტმა ასადმა აზრი შეცვალოს და მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

კვირას ტელეარხ CBS-ის გადაცემა Face the Nation-ისთვის ეგვიპტიდან მიცემულ ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ დროა მოლაპარაკებები განახლდეს და სირიის სამოქალაქო ომი დასრულდეს.

“სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ჩვენ ძალიან ვცდილობთ დიპლომატიური გამოასავალი ვიპოვოთ, რადგან ყველა თანხმდება, რომ სამხედრო გამოსავალი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტა. მაგრამ ასადს უნდა ავუხსნათ, რომ ყველა მონდომებულია ვუზრუნველყოთ პოლიტიკური გამოსავალი და რომ მას მოლაპარაკებებზე საკუთარი გათვლების შეცვლა მოუწევს. დარწმუნებული ვარ ჩვენი მოკავშირეების ძალისხმევით ასადზე წნეხი გაიზრდება,” განაცხადა კერიმ.

სახელმწიფო მდივნის თქმით, შეერთებულ შტატებს ყოველთვის სურდა მოლაპარაკებები ჟენევის პირველი მოლაპარაკებების ფორმატში ეწარმოებინა. 2012 წელს ჟენევის კომუნიკეს სახელით ცნობილი აღნიშნული ექვსპუნქტიანი დოკუმენტი ძალადობის შეწყვეტის და გარდამავალი მთავრობის შექმნის გეგმა იყო, რომელიც სირიის მთავრობამ უარყო. მოლაპარაკებების ბოლო მცდელობა გასულ იანვარს რუსეთის მიერ იყო დაფინანსებული, თუმცა მასში მონაწილეობა არ მიიღო სირიის მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ - სირიის ეროვნულმა კოალიციამ.

კითხვაზე არის თუ არა მზად სირიის ლიდერ - ბაშარ ალ-ასადთან მოლაპარაკებების გასამართად, კერიმ თქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწევს რეჟიმთან საუბარი.

მოგვიანებით სახელმწიფო დეპრატამენტის სპოკერმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკას თავისი პოლიტიკა არ შეუცვლია. “ასადის მსგავს სასტიკ დიქტატორებს მომავალი არ აქვთ,” ვკითხულობთ განცხადებაში.

ახლო აღმოსავლეთის ანალიტიკოსი იან ლასტიკი პენსილვანიის უნივერსიტეტიდან მიიჩნევს, რომ პოლიტიკური შეთანხმება ახლა უფრო რეალურია, ვიდრე ოდესმე.

“მოლაპარაკებების ბევრი ვარიანტი, რომელზეც მანამდე ფიქრობდნენ ახლა უბრალოდ არარეალურია. არსებობდა აზრი, რომ მოლაპარაკებების შედეგად ასადი მარტივად დატოვებდა ძალაუფლებას. ახლა ამის აღარავის სჯერა. თუმცა ვფიქრობ ახლოს არ ვართ პროცესთან, რომლის შედეგიც დამასკოს მიერ კონტროლირებული სირიის პირვანდელი სახელმწიფოს აღდგენა იქნება,” ამბობს ლასტიკი.

ცოტა ხნის წინ სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა ენტონი ბლინკენმა სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებს და სირიის დიასპორის წევრებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები ომის პოლიტიკურად მოგვარების მომხრედ რჩება.

ბლინკენის თქმით კონფლიქტმა მოსახლეობის 80% სიღარიბის ზღვარს მიღმა დატოვა, სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წლით შემცირდა და ომამდელი მოსახლეობა განახევრდა.

მისივე თქმით ობამას ადმინისტრაცია კონგრესს დამატებით 70 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფას სთხოვს, რითაც ამერიკის მიერ ომის დაწყების შემდეგ გამოყოფილი დახმარება 400 მილიონ დოლარს მიაღწევს.

XS
SM
MD
LG