Accessibility links

logo-print

უკრაინა აშშ-ისგან 2 მლრდ დოლარის საკრედიტო გარანტიებს მიიღებს


შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი ჯეკ ლიუ (მარჯვნივ) და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო

შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი ჯეკ ლიუ (მარჯვნივ) და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო

შეერთებული შტატები უკრაინას 2 მილიარდი დოლარის საკრედიტო გარანტიებს დაჰპირდა წელს "მოკლევადიანი სოციალური ხარჯების" დაფარვაში დასახმარებლად და გამოთქვა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი სანქციები დაუწესოს რუსეთს, უკრაინაში მისი მოქმედებისათვის.

კიევში შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის ჯეკ ლიუს ვიზიტისას, მან და უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ნატალია იარესკომ ხელი მოაწერეს შეთანმხებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისათვის საკრედიტო გარანტიების მიცემას.

„უკრაინა შეერთებული შტატებისგან მიიღებს 2 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის საკრედიტო გარანტიებს. ეს უკრაინას შესაძლებლობას მისცემს უფრო აქტიურად განახორციელოს რეფორმები, რომლებიც უკვე დაწყებულია, და მიიღოს საერთაშორისო ფინანსური დახმარება უფრო მომგებიანი პირობებით“, - აღნიშნა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ნატალია იარესკომ კიევში გამართულ ბრიფინგზე.

მისი ამერიკელი კოლეგის, ჯეკ ლიუს, განმარტებით, საკრედიტო გარანტიები დამოკიდებულია უკრაინაში ფისკალური და ანტიკორუფციული რეფორმების გაგრძელებასა და კურსის შენარჩუნებაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან საკრედიტო პროგრამის პირობების შესასრულებლად. სავალუტო ფონდის დელეგაცია ამჟამად იმყოფება კიევში და აწარმოებს მოლაპარაკებას დახმარების პაკეტზე, რომელიც 17 მილიარდ დოლარს მოიცავს. მიმდინარე თვეშივე, უფრო ადრე, ევროკავშირიც დაჰპირდა უკრაინას დახმარებას, კერძოდ, 1,8 მილიარდ ევროს ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა კიევში ვიზიტისას ჟურნალისტებს უთხრა ისიც, რომ ვაშინგტონი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციებისათვის, უკრაინაში სეპარატისტების დახმარების გამო. „ჩვენთვის პრიორიტეტია დიპლომატიით მოგვარება, რომელიც მოგვცემს სანქციების შემსუბუქების შესაძლებლობას, მაგრამ კვლავაც მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, მეტის გასაკეთებლად. ამ მიზნით გავაგრძელებთ ჩვენს მოკავშირეებთან მუშაობას, რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად“, - განაცხადა კიევში შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა.

27 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ტელეფონით ისაუბრეს უკრაინის ფინანსური დახმარების მნიშვნელობასა და აღმოსავლეთ უკრაინაში „ძალადობის მნიშვნელოვან ზრდაზე“. თეთრი სახლის განცხადებით, ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ საჭიროა რუსეთს პასუხი აგებინონ სეპარატისტების მხარდაჭერისა და მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შეუსრულებლობისთვის. იმავე დღეს, როცა ობამამ და მერკელმა ტელეფონით ისაუბრეს უკრაინაში კონფლიქტის შესახებ, ევროკავშირის ლიდერებმა დაავალეს საგარეო საქმეთა მინისტრებს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობა განიხილონ შეხვედრაზე, რომელიც 29 იანვარს გაიმართება.

შარშანდელი აპრილიდან მოყოლებული, აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლებმა 5000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. 28 იანვარს უკრაინის სამხედრო წარმომადგენლებმა გაავრცელეს ცნობა განვლილი დღე-ღამის განმავლობაში კიდევ სამი უკრაინელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG