Accessibility links

logo-print

აშშ-მა თავდაცვის ახალი სტრატეგია წარმოადგინა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლიონ პანეტა (მარცხნივ) და აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარტინ დემპსი პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლიონ პანეტა (მარცხნივ) და აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარტინ დემპსი პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე

აშშ-ის თავდაცვის უწყებას ახალი გეგმა აქვს - შეკვეცოს სამხედრო ხარჯები. 2022 წლამდე განზრახულია სახმელეთო ჯარების რაოდენობის შემცირება, სტელსის ახალი თვითმფრინავების შეკვეთაზე დროებით უარის თქმა, ასევე ძველი მოდელის თვითმფრინავებისა და გემების ეტაპობრივად მოხმარებიდან ამოღება. სულ, მომავალ ათ წელიწადში ამ ზომებით პენტაგონი ხუთასი მილიარდი დოლარის დაზოგვას აპირებს. რას გულისხმობს ეს დაზოგვა კონკრეტულად და რას წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს „მცირე ბიუჯეტის ახალი სამხედრო სტრატეგია“? თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ ჟურნალისტები მიიწვია და განუმარტა, როგორ აპირებს დეპარტამენტი ხარჯების შეკვეცას და, ამავე დროს, თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნებას. პანეტამ თქვა, რომ აშშ-ის არმია შემობრუნების წერტილზეა ახლა, ათწლიანი ეტაპის შემდეგ, როცა, 2001 წლიდან მოყოლებული, სამხედრო ბიუჯეტი წლითიწლობით იზრდებოდა:

„გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანია შესაძლებელი გავხადოთ აშშ-ის და აშშ-ის სამხედრო ძალების სამომავლო თავდაცვის ახალი სტრატეგიის განვითარება; ეს სტრატეგია გვიკარნახებს საბიუჯეტო სელექციას და თავდაცვითი პრიორიტეტების ახალი პაკეტის შექმნას.“

რაც შეეხება რიცხობრივ შემცირებას: სამხელეთო ჯარი, დღევანდელი 570 ათასი, შემცირდება 80 ათასი ჯარისკაცით მომავალ ხუთ წელიწადში. საზღვაო დესანტების რაოდენობა ათი პროცენტით შეიკვეცება - 202 ათასიდან 182 ათასამდე. გაისად, 2013 წელს, სამხედრო ბიუჯეტის ოდენობა იქნება 613 მილიარდი დოლარი. ამ თანხაში, პირველ რიგში, შედის ავღანეთში ჯერ კიდევ მიმდინარე ომის ხარჯი, 88 მილიარდი. წლევანდელთან შედარებით, ბიუჯეტი გაისად 33 მილიარდით მცირდება. პანეტამ თქვა, რომ მომავლის არმია იქნება უფრო მცირე და კომპაქტური, მაგრამ უფრო სწრაფი, უფრო მოქნილი, ტექნოლოგიურად მოწინავე და, ამავე დროს, ექნება უნარი, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს. თავდაცვის მინისტრმა ისიც თქვა, საომარი რეგიონებიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან, სხვა არეალებზე გადაგვაქვს ყურადღებაო:

„შევცვლით გლობალური, ოპერატიულ-სტრატეგიული გეგმების ბალანსს. აქცენტი გაკეთდება პოტენციური პრობლემების რეგიონებზე - აზია-წყნარი ოკეანის აუზსა და ახლო აღმოსავლეთზე.“

პანეტამ იქვე განაცხადა, იმისთვის ვიზრუნებთ, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგის აგრესიას წინ აღვუდგეთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ არეალშიო. ამისთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მეტი ჯარის განთავსებაა პენტაგონის სურვილი.

რის გაზრდასაც აპირებს აშშ-ის სამხედრო უწყება, ეს არის საგანგებო დანიშნულების რაზმები, ანუ იმ ტიპის შენაერთები, როგორმაც მოკლა ოსამა ბინ ლადენი და გადაარჩინა ამ კვირაში ჰუმანიტარული ორგანიზაციის ორი თანამშრომელი სომალიში. თვითონ პანეტა კმაყოფილია თავის მიერ შეთავაზებული გეგმით, რომელსაც „გაწონასწორებული და სრულყოფილი პაკეტი უწოდა“. რესპუბლიკური პარტია ასე არ ფიქრობს. მეტიც, შეიარაღებული სამსახურების სენატის კომიტეტის წევრმა, სენატორმა ტეხასიდან ჯონ კორნინმა, განაცხადა, სახმელეთო ძალების შემცირება ქვეყანას დიდ საფრთხეს შეუქმნისო. არიზონელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა დაამატა, პანეტას გეგმა ისტორიის გაკვეთილებს არ ითვალისწინებს და იმდენად ამცირებს არმიას, რომ ის ვეღარ გაუმკლავდება ახლო მომავალში მოსალოდნელ მოვლენებსო. ეს თვალსაზრისი განხილული იქნა შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარესთან, არმიის გენერალ მარტინ დემპსისთან ერთად. დემპსი პენტაგონის პრესკონფერენციაზე პანეტასთან ერთად მივიდა. მან იქ თავისი პოზიცია ასე გამოხატა: „ბიუჯეტი არ მიგვიყვანს შეიარაღებული ძალების შესუსტებამდეო“.
XS
SM
MD
LG