Accessibility links

logo-print

რიკ სანტორუმმა კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები


რიკ სანტორუმი და მისი მეუღლე კარენი ალაბამასა და მისისიპიში გამართული პრაიმერის შემდეგ

რიკ სანტორუმი და მისი მეუღლე კარენი ალაბამასა და მისისიპიში გამართული პრაიმერის შემდეგ

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, რიკ სანტორუმმა, სამშაბათს ქვეყნის სამხრეთ შტატებში - ალაბამასა და მისისიპიში - გამართულ პრაიმერებში გაიმარჯვა და კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები, როგორც პარტიის სავარაუდო ერთიანმა კანდიდატმა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა, სანტორუმის ამ გამარჯვების მიუხედავად, რესპუბლიკურ პარტიას ჯერ კიდევ ბევრი უკლია აშკარა ფავორიტის გამოსავლენად.

სამშაბათის პრაიმერამდე ბევრი ვარაუდობდა, რომ ალაბამასა და მისისიპიში გამარჯვებას რესპუბლიკური პარტიის ზომიერი ფრთის ფავორიტი კანდიდატი, მასაჩუსეტსის შტატის ექს-გუბერნატორი მიტ რომნი მოიპოვებდა. მაგრამ ორივე შტატში მიტ რომნი მესამე ადგილზე გავიდა - ექს-გუბერნატორს მცირე უპირატესობით აჯობეს თანაპარტიელებმა ნიუტ გინგრიჩმა და რიკ სანტორუმმა. ყოფილმა სენატორმა პენსილვანიიდან ორივე შტატში გაიმარჯვა და კიდევ უფრო განუმტკიცდა რწმენა, რომ, კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლების მხარდაჭერით, მომდევნო პირველად არჩევნებშიც გაიმარჯვებს და ნოემბერში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებშიც. აი, რა განაცხადა რიკ სანტორუმმა ლუიზიანის შტატში, სადაც თვის ბოლოს კიდევ ერთი პრაიმერი გაიმართება:

„ჩვენ ყველგან ვიბრძოლებთ. ჩვენ ყველგან ვიბრძოლებთ. დროა, რომ კონსერვატორები ერთად დადგნენ. დროა დავრწმუნდეთ, დავრწმუნდეთ იმაში, რომ საუკეთესო შანსი გვაქვს იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებში და ამ არჩევნებში გამარჯვების საუკეთესო შანსი არის ის, რომ ავირჩიოთ კონსერვატორი, რომელიც დაუპირისპირდება ბარაკ ობამას და დაამარცხებს მას ნებისმიერ შემთხვევაში.“

როგორც მიმომხილველები მიუთითებენ, რიკ სანტორუმის გამარჯვების შანსები გაიზრდებოდა, თუკი რბოლას ჩამოშორდებოდა ნიუტ გინგრიჩი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, რომელიც ასევე კონსერვატიულად განწყობილ ამომრჩეველთა ხმებით ცდილობს კონკურენტებზე გამარჯვებას. მიუხედავად იმისა, რომ გინგრიჩმა ჯერ მხოლოდ ორ შტატში გამართულ პრაიმერებში გაიმარჯვა, იგი სულაც არ აპირებს ვადამდე მოხსნას საკუთარი კანდიდატურა:

„ დღევანდელმა ღამემ ცხადყო ერთი რამ, რომ არსებითად ჩაიფუშა ელიტური მედიის განზრახვა გამოეცხადებინა რომნი არჩევნების ლიდერად. ფაქტი კი ისაა, რომ ორივე შტატში, ალაბამასა და მისისიპიში, კონსერვატორმა კანდიდატებმა ხმების თითქმის 70 პროცენტი მიიღეს. ამგვარად, თუკი თქვენ ლიდერი ხართ და მესამე ადგილზე გახვედით, უკვე აღარ ითვლებით ლიდერად.“

ბოლოს ვიტყვით, რომ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს საბოლოო გამარჯვებისათვის აგვისტოში დანიშნულ პარტიულ ყრილობაზე, რომელიც ფლორიდაში გაიმართება, 1444 დელეგატის ხმა სჭირდება. სამშაბათის პრაიმერის შედეგებით, მიტ რომნის 450 დელეგატის ხმა აქვს და ორჯერ უსწრებს სანტორუმს, რომელმაც მას მისისიპისა და ალაბამას შტატებში მოპოვებული გამარჯვებით აშკარად გაურთულა საქმე. ხუთშაბათსა და მომდევნო სამშაბათს კი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების დაპირისპირება ჰავაისა და ამერიკის სამოაში დაგეგმილი კოკუსებით გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG