Accessibility links

აშშ-ის საელჩო განცხადებას აქვეყნებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ


საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს რომელიმე კონკრეტულ პარტიას ან კანდიდატს და რომ კანონში შესწორება, გატარებულ რიგ სხვა ზომებთან ერთად, ხელს შეუწყობს კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. მაგრამ საელჩოს განცხადებაში ამავე დროს გამოთქმულია სინანული, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმება ახალი საარჩევნო კოდექსის იმ ნაწილზე, რომელიც გააქარწყლებდა ეჭვებს საარჩევნო სისტემაში არსებულ უთანასწორობასთან დაკავშირებით. „ვშიშობთ, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების რეტროაქტიული გამოყენება კიდევ უფრო უთანასწოროს გახდის პოლიტიკურ კონკურენციას“, ვკითხულობთ განცხადებაში. შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, „გააგრძელოს მუშაობა ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა 2012 წლის არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და დაიმსახუროს საყოველთაო ნდობა.“
XS
SM
MD
LG