Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მომავალი ელჩი აზერბაიჯანში დემოკრატიულ რეფორმებს ხელს შეუწყობს


რიჩარდ მორნინგსტარი
რიჩარდ მორნინგსტარი
აშშ-ის პრეზიდენტმა აზერბაიჯანში თავისი ქვეყნის ელჩის კანდიდატურად წამოაყენა რიჩარდ მორნინგსტარი, რომელიც გამოცდილი დიპლომატია, ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონის მრჩევლადაა ნამუშევარი კასპიის აუზში ენერგოდიპლომატიის სფეროში. მორნინგსტარმა პირობა დადო, რომ თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყნად აზერბაიჯანის გადაქცევის საქმეს ყველანაირად შეუწყობს ხელს, თუ პოსტზე დაამტკიცეს. ის ოთხშაბათს წარდგა სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის სხდომაზე. როცა ნავთობით მდიდარი ქვეყნის ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავების თემას შეეხო, თქვა, აზერბაიჯანთან ურთიერთობა, მილსადენების თემის გარდა, ფართო სპექტრს უნდა მოიცავდესო:

„მხოლოდ იმის თქმა, ესა და ეს უკეთ უნდა გააკეთო, ან ესა და ეს მნიშვნელოვანია, არ შეიძლება. ჩვენ უნდა შევძლოთ ავუხსნათ, რამდენად არის მათსავე ინტერესებში ცვლილებები, ღია და უფრო სტაბილური საზოგადოებისკენ სიარული, და იმედი მაქვს, ამას მოვახერხებთ.“

ჩვენ დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ აზერბაიჯანს უსაფრთხოების სფეროში, იქნებ სამხედროშიც კი. ეს უნდა მოხდეს იმგვარად, რომ ანგარიში გაეწიოს სომხეთისა თუ მთიანი ყარაბაღის ფაქტორს და იქ ვითარება არ გამწვავდეს ...
რიჩარდ მორნინგსტარი

აზერბაიჯანს კორუმპირებული, პოლიტიკურ პლურალიზმს მოკლებული, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაშეზღუდული ქვეყნის სახელი აქვს დიდი ხანია, მაგრამ მორნინგსტარს, ბუნებრივია, ამ ქვეყანაში მუშაობისას მაინც მოუწევს დაკავდეს ენერგეტიკით და ამასთან დაკავშირებული - მაგალითად, მილსადენების - თემებით. ამ მხრივ ერთ-ერთი მთავარია „სამხრეთის ნაკადი“, რომლის პროექტშიც ბაქომ მთავარი როლი უნდა ითამაშოს და რომელიც რუსეთისა და ირანის გვერდის ავლით დასავლეთში გაზის გატანის ერთადერთი გზაა. მორნინგსტარი რეგიონს იცნობს. ის 90-იან წლებში ელჩად იყო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, ევრაზიის ენერგეტიკის საქმეში საგანგებო წარგზავნილის სტატუსიც ჰქონდა, მოგვიანებით აშშ-ის ელჩი იყო ევროკავშირში. ასე რომ, 67 წლის დიპლომატს ინფორმაცია არ აკლია. მან კონკრეტულად აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გამო დაპირისპირების შესახებაც ილაპარაკა სენატის მოსმენებზე, როც აქ გამოაცხადა, რომ თავის დიპლომატიურ გამოცდილებას მოახმარს ამ კონფლიქტის მოგვარებას, დაძაბულობის განმუხტვას. მისი აზრით, თუ ბაქო ამ კონფლიქტს მოაგვარებს, მას შეეძლება მეტი ყურადღება დაუთმოს უსაფრთხოების სხვა საკითხებს, როგორიცაა ირანის, მისი თქმით, მზარდი თემა. მორნინგსტარმა გამოაცხადა, რომ ამ კონტექსტში აშშ-მა შეიძლება ბაქოს სამხედრო დახმარებაც გაუწიოს. თუ ეს ნაბიჯი მართლაც გადაიდგა, სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწევს უარი თქვას თავის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე, რადგან ის სომხეთისთვის სახიფათოდ ითვლებოდა:

„ჩვენ დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ აზერბაიჯანს უსაფრთხოების სფეროში, იქნებ სამხედროშიც კი. ეს უნდა მოხდეს იმგვარად, რომ ანგარიში გაეწიოს სომხეთისა თუ მთიანი ყარაბაღის ფაქტორს და იქ ვითარება არ გამწვავდეს. ვფიქრობ, ამის გაკეთება მოგვიწევს მკაცრი დისციპლინის დაცვით, მაგრამ მაინც მგონია, რომ მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებას შევძლებთ.“

აშშ-ის ელჩი აზერბაიჯანში უნდა გამხდარიყო მეთიუ ბრაიზა, რომლის კანდიდატურა კონგრესში ვერ გავიდა, რადგან მას ანტისომხური განწყობილება, აზერბაიჯანელ ოფიციალურ პირებთან საეჭვო კავშირები დააბრალეს. მორნინგსტარის კანდიდატურის წაყენება ამ პოსტზე, თვლის ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს წევრი უაიან მერი, იმიტომ გახდა საჭირო, რომ მთავრობას აღარ სურდა ადრინდელ რისკზე წასვლა, რომ მისი რანგის დიპლომატის ელჩად დანიშვნას ასეთ პატარა ქვეყანაში ბაქო დადებითად შეხვდება, აზერბაიჯანის მიმართ პატივისცემაა და ობამას ადმინისტრაციას ბაქოსთან უკეთესი ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას აძლევს. მორნინგსტარის კანდიდატურა უნდა დაამტკიცოს სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა და შემდეგ კი უკვე კონგრესის ორივე პალატამ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG