Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი კუბაში ვიზიტისას „ნამდვილი დემოკრატიის“ დამყარების მოწოდებით გამოვიდა


ჰავანაში ისტორიული ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოს აღდგენა წაადგება ორივე ქვეყანას, აშშ-საც და კუბასაც. კერი კუბაში „ნამდვილი დემოკრატიის“ მოწოდებით გამოვიდა ცერემონიაზე, რომლის დროსაც აშშ-ის საელჩოს თავზე აშშ-ის დროშა აფრიალდა, პირველად 54 წლის განმავლობაში.

ჯონ კერის კუბაში ვიზიტს აღიქვამენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიმბოლურ ნაბიჯად ცივი ომის პერიოდის ამ ორი მეტოქე ქვეყნის ურთიერთობის გაუმჯობესების პროცესში.

აშშ-ის საელჩო 54 წლის განმავლობაში პირველად გაიხსნა. ამ მოვლენამდე ოთხიოდე კვირით ადრე აშშ-მა და კუბამ ოფიციალურად აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობა და თავიანთ დიპლომატიურ მისიებს სტატუსი საელჩოებამდე აუმაღლეს.

კუბელებმა ეს მოვლენა 20 ივლისს იზეიმეს, ვაშინგტონში თავიანთი დროშის აღმართვის ცერემონიით, აშშ-ის წარმომადგენლები კი კერის ჰავანაში ვიზიტს დაელოდნენ.

დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა გზას უხსნის უფრო რთულ პროცესს - კავშირების სრულად ნორმალიზებას.

კუბას სურს აშშ-მა დაასრულოს კუნძულისთვის დაწესებული ეკონომიკური ემბარგო, დააბრუნოს გუანტანამოს ყურეში აშშ-ის საზღვაო ბაზა და შეწყვიტოს კუბისკენ მიმართული რადიო და ტელესიგნალები.

კუბის მიმართ აშშ-ის მოთხოვნები მოიცავს ადამიანის უფლებების სფეროში ვითარების გაუმჯობესებას, იმ ძებნილი პირების დაბრუნებას, რომლებსაც თავშესაფარი მიანიჭეს და ამერიკელების საჩივრების განხილვას იმ საკუთრებასთან მიმართებით, რომელიც ფიდელ კასტროს მთავრობის პირობებში სახელმწიფოს გადაეცა.

კუბაში 70 წლის განმავლობაში არ ჩასულა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. ჯონ კერის ვიზიტი პირველია მთელი ამ ხნის მანძილზე. სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, კერის დელეგაცია მოიცავს თანაშემწეებს, კონგრესმენებს და სამ საზღვაო ქვეითს, რომლებმაც 1961 წლის იანვარში უკანასკნელად ჩამოსწიეს აშშ-ის დროშა.

ჰავანასთან დიპლომატიური ურთიერთობა პრეზიდენტმა დუაით ეიზენჰაუერმა გაწყვიტა მას შემდეგ, რაც კავშირები დაიძაბა კუბაში 1959 წელს მომხდარი რევოლუციიდან ცოტა ხანში.

ურთიერთობის ნორმალიზაციის სურვილის გამოხატვის პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და

კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ გამოაცხადეს, რომ აღადგენდნენ დიპლომატიურ ურთიერთობას და გახსნიდნენ საელჩოებს.

ჰავანაში კერის ვიზიტის შესახებ ობამამ 1 ივლისს ვაშინგტონში გამოაცხადა. საელჩოების გახსნას და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას მან „წინგადადგმული ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა:

"ეს წინგადადგმული ისტორიული ნაბიჯია ჩვენს მცდელობაში კუბის მთავრობასა და ხალხთან ურთიერთობის ნორმალიზება მოვახდინოთ“.

ობამას თქმით, უწინდელი მტრული დამოკიდებულება არ შეიძლება იყოს მომავლის განმსაზღვრელი: "კუბის მომავალი არ შეიძლება გახდეს წარსულში მომხდარი მოვლენების მძევალი“.

ობამამ თავისი აღმასრულებელი უფლებამოსილებაც გამოიყენა საიმისოდ, რომ შეემსუბუქებინა აშშ-ის მხრიდან მოგზაურობასა და ვაჭრობაზე დაწესებული შეზღუდვები. თუმცა კონგრესი, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ამ დრომდე ეწინააღმდეგება მის მოწოდებებს აშშ-ის ფართო ეკონომიკური ემბარგოს დასრულების თაობაზე.

ობამას ადმინისტრაციის აზრით, ნაყოფი არ გამოიღო ვაშინგტონის ხანგრძლივმა პოლიტიკამ იზოლირებით მიეღწია ხელისუფლების შეცვლისთვის კომუნისტების მიერ მართულ კუბაში.

კერიმ ტელევიზია „უნივიზიონს“ ვიზიტამდე უთხრა, იმედი მაქვს „ტრანსფორმაციის“ დაწყებას ვიხილავთო.

უფრო მეტი ხალხი იმოგზაურებს, მეტი გაცვლა-გამოცვლა იქნება, მეტი ოჯახი გაერთიანდება და, იმედია, კუბის მთავრობაც მიიღებს ცვლილებების მოხდენის გადაწყვეტილებასო, - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG