Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში კიბერშეტევებისათვის მედალი დაწესდება


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლეონ პანეტას, განცხადებით, ქვეყანაში გამოუშვებენ მედალს, რომლითაც დაჯილდოვდებიან ის ამერიკელი სამხედროები, რომლებიც უპილოტო საფრენი აპარატებიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმებითა და კიბერშეტევებით ანადგურებენ და ასუსტებენ მოწინააღმდეგეს. ახალი მხედრული ჯილდოს შემუშავების შესახებ ინფორმაცია დაემთხვა პოლიციის რეიდს ესპანეთში, სადაც დააკავეს კიბერდამნაშავეთა ჯგუფი, რომელთა შორის ქართველებიც აღმოჩნდნენ.

დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი, რომელშიც ორი ქართველიც აღმოჩნდა, დიდი ხნის განმავლობაში უგზავნიდა ვირუსებს მომხმარებლებს, ადანაშაულებდა მათ ბავშვთა პორნოგრაფიის მოხმარებაში და სანაცვლოდ უკანონოდ ახდევინებდა სოლიდურ ფულად ჯარიმებს. ოფიციალური ინფორმაციით, ამ უკანონო საქმიანობით კრიმინალური ჯგუფის წევრებმა მოტყუებით მილეონობით ევრო მიიღეს. ევროპულ პრესაში კიბერდამნაშავეების შეპყრობის ფაქტი, როგორც ზემოთ ითქვა, დაემთხვა აშშ-ის მომავალი თავდაცვის მინისტრის, ლეონ პანეტას, ბოლო ინიციატივას, რითაც მოწინააღმდეგეზე განხორციელებული კიბერშეტევა საგანგებო ჯილდოთი აღინიშნება:

„მაქვს პატივი განვაცხადო, რომ ოფიციალურად დაწესდა ახალი მედალი უზადო საბრძოლო საქმიანობისათვის. მედლით აღინიშნება განსაკუთრებული, მთელი სამინისტროს მასშტაბით აღიარებული გამოჩენილი მიღწევები, რაც უშუალო გავლენას ახდენს საბრძოლო ოპერაციებზე, მაგრამ არ გულისხმობს იმ ფიზიკურ რისკსა და თავგანწირვას, რომელიც საბრძოლო საქმიანობას ახლავს“.
თავდაცვის მინისტრობისა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორობის პერიოდში ცხადად დავინახე, როგორ ცვლის ომის წარმოების მეთოდებს თანამედროვე საშუალებები...
ლეონ პანეტა

ახალი მედალი პირველი საბრძოლო ჯილდო იქნება, ვერცხლის ვარსკვლავის შემდეგ, რომელიც აშშ-ში 1944 წელს დაწესდა. თანაც, ახალი ჯილდოს შემოღება დაემთხვა იმ დროს, როდესაც სულ უფრო ძლიერდება კრიტიკა ამერიკული „დრონებიდან“ - უპილოტო თვითმფრინავებიდან - განხორციელებული შეტევების გამო. ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებზე ამერიკულ „დრონებს“ იერიში მიაქვთ პაკისტანში, ავღანეთში, ერაყში, იემენსა თუ სხვა ქვეყნებში. მაგრამ საავიაციო იერიშებს არცთუ იშვიათად თან ახლავს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, რაც მძაფრი კრიტიკის საგანია. ამ კრიტიკის მიუხედავად, აშშ-ის მთავრობა ამტკიცებს, რომ მას შეუძლია „დრონებით“ იერიში მიიტანოს იმ ამერიკელ მოქალაქეებზეც, რომლებიც ტერორისტულ თავდასხმებში არიან ეჭვმიტანილნი, თუმცა ბრალი ოფიციალურად არ აქვთ წაყენებული.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ „დრონების“ პროგრამა კანონიერი და ეთიკურია ასიმეტრიული ომის ერაში, როდესაც შესაძლოა არ იყოს საკმარისი დრო და საშუალება ტერორისტების შესაპყრობად და სასამართლოში წარსადგენად.

ამასთან, ლეონ პანეტამ, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორადაც მუშაობდა, საუბარში აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა, როგორიცაა უპილოტო ავიაცია და ავტომატიზებული კომპიუტერული ქსელი, შეცვალეს ომის წარმოების მეთოდები:

“თავდაცვის მინისტრობისა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორობის პერიოდში ცხადად დავინახე, როგორ ცვლის ომის წარმოების მეთოდებს თანამედროვე საშუალებები, დისტანციურად მართვადი აპარატები და კიბერსისტემები. მათი მეშვეობით ჩვენს მამაკაცებსა და ქალებს შეუძლიათ შეებრძოლონ მოწინააღმდეგეს და შორი მანძილიდან გადაწყვიტონ ბრძოლის ბედი. როდესაც თვალს ვადევნებ მათ ამ ყოველდღიურ რთულ საქმიანობას, მუდამ ვგრძნობ, რომ აუცილებლად უნდა იყვნენ დაფასებულნი ისინი, ვინც ასეთ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს“.

თავის მხრივ, უსაფრთხოების დაცვის ეს ახალი საშუალებები ისეთსავე გლობალურ საშიშროებას წარმოადგენს, როგორსაც ტერორიზმი. აშშ-ის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ გააფრთხილა მოსახლეობა იმ მზარდი საფრთხის შესახებ, რასაც კიბერშეტევა უქადის კომპიუტერულ ტექნოლოგიაზე დამოკიდებულ ამერიკის თავდაცვის უწყებას, საფინანსო, სამაუწყებლო და სატრანსპორტო კომპანიებს. კიბერუსაფრთხოებაზე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის ყოველწლიურ მიმართვაშიც გაამახვილა ყურადღება, ხოლო ამ კვირაში ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კიბერჯაშუშობისა და სხვა სახის თავდასხმების თავიდან ასაცილებლად აშშ-ის თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდას ითვალისწინებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG