Accessibility links

აშშ-ში ემზადებიან საარჩევნო ხმების ხელახლა დასათვლელად


აშშ-ში სიმწვავით გამორჩეული საარჩევნო პროცესისა და პრეზიდენტად, ბევრისთვის მოულოდნელად, დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, კეთდება განცხადებები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების შედეგებს. პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყოფილი კანდიდატი მოითხოვს ხმების ხელახლა დათვლას სამ შტატში, რომლებშიც დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. თავის მხრივ, დონალდ ტრამპი „სერიოზულ გაყალბებაზე“ საუბრობს ზოგი შტატის შემთხვევაში, სადაც მხარდაჭერა მისმა მეტოქემ მოიპოვა.

თეთრი სახლის განცხადებით, არაფერი მიანიშნებს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მასშტაბურ გაყალბებაზე. მასშტაბურ გაყალბებაზე არ საუბრობს არც აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი ჯილ სტეინი, მაგრამ ის გამოდის ინიციატივით, ხელახლა იქნეს დათვლილი 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მიჩიგანის, პენსილვანიისა და უისკონზინის შტატებში.

„ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ მაინცდამაინც ჰაკერული თავდასხმა მოხდა ან კენჭისყრა გაყალბდა - არა მგონია ამის მტკიცებულებები გვქონდეს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ბუნებრივია და კარგია, დავარწმუნოთ ამერიკელები, რომ ჩვენი ხმები დათვლილია, განსაკუთრებით ასეთი კონფრონტაციული და მძიმე არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა ჯილ სტეინმა 25 ნოემბერს ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-თან ინტერვიუში.

ვისკონზინის შტატის შემთხვევაში, მან უკვე მიიღო ოფიციალური თანხმობა საარჩევნო ხმების ხელახლა დათვლაზე. ამ შტატში, კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა 22 ათასამდე ხმით აჯობა მთავარ მეტოქეს, დემოკრატ კანდიდატს, ჰილარი კლინტონს, ჯილ სტეინს კი ხმების მხოლოდ უმნიშვნელო წილი ერგო. მაგრამ სწორედ მისი ინიციატივით კიდევ ერთხელ დაითვლიან ამომრჩეველთა ხმებს. ვისკონზინში ამ პროცესს კლინტონის ადვოკატებიც დაესწრებიან.

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

ვისკონზინის გარდა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად აუცილებელი მიზნის მიღწევა - საარჩევნო კოლეგიის წევრების მიმხრობა - შეძლო პენსილვანიისა და მიჩიგანის შტატებშიც, რომლებშიც სტეინი ხმების განმეორებით დათვლას ითხოვს. არადა, ზოგადად, მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით, ჰილარი კლინტონს ტრამპზე ორ მილიონამდე ხმით მეტი აქვს მიღებული! მიზეზად, თუ რატომ მაინც ვერ გაიმარჯვა ჰილარი კლინტონმა, სახელდება შეერთებული შტატების რთული საარჩევნო სისტემა, რომელსაც ბევრი მიიჩნევს მოძველებულად და უსამართლოდ.

ძნელი წარმოსადგენია, ხმების ხელახლა დათვლამ გავლენა მოახდინოს არჩევნების საბოლოო შედეგზე, თუმცა საარჩევნო კოლეგიის წევრები ჯერ არ შეკრებილან პრეზიდენტის ოფიციალურად ასარჩევად, როგორც ამას შეერთებული შტატების კონსტიტუცია მოითხოვს. ეს შეკრება 19 დეკემბერს გაიმართება.

„ის ფაქტი, რომ ხმების ხელახლა დათვლის ინიციატივა, ძირითადად, უცებ დაფინანსდა თვითონ აქტივისტების მიერ, ასახავს ამერიკელი ხალხის წარმოუდგენლად ძლიერ სურვილს, გადადგას პოზიტიური ნაბიჯები და შეუდგეს ისეთი საარჩევნო სისტემის შექმნას, რომელსაც ყველა ვენდობით“, - აღნიშნა „სი-ენ-ენ“-თან საუბრისას ჯილ სტეინმა, სამ შტატში საარჩევნო ხმების ხელახლა დათვლის ინიციატორმა.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს „კენჭისყრა სერიოზულად გაყალბდა“ კალიფორნიის, ნიუ ჰემპშირისა და ვირჯინიის შტატებში.უნდა ითქვას, რომ სამივეში ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა. ოფიციალური პირები სამივეგან უარყოფენ დონალდ ტრამპის ბრალდებას.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG