Accessibility links

logo-print

აშშ-საფრანგეთის ურთიერთობა პარიზში ტერაქტების შემდეგ


ჯონ კერი

ჯონ კერი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ 15 იანვარს პარიზში ჩავა გასული კვირის ტერაქტების შემდეგ ექსტრემისტების ძალადობასთან დაპირისპირების საკითხზე ფრანგ ოფიციალურ პირებთან მოსალაპარაკებლად. კერის განცხადების ფონია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ კრიტიკა იმის გამო, რომ მაღალი რანგის ოფიციალური პირი არ გაუგზავნია პარიზში 11 იანვრის „ერთიანობის მარშზე“ დასასწრებად. აქციაში მონაწილეობდა მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ათობით ქვეყნის ლიდერები.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ 12 იანვარს, ინდოეთში ვიზიტისას, განაცხადა, რომ 15 იანვარს ეწვევა პარიზს, რათა სოლიდარობა დაუდასტუროს შეერთებული შტატების უძველეს მოკავშირეს, საფრანგეთს, გასული კვირის ტერაქტების შემდეგ.

„საფრანგეთთან ურთიერთობა არ შემოიფარგლება ერთი დღით ან ერთი განსაკუთრებული მომენტით. ეს არის მიმდინარე, ხანგრძლივი ურთიერთობა, რომელიც ემყარება საერთო ღირებულებებს და, განსაკუთრებით, ერთგულებას გამოხატვის თავისუფლების მიმართ“, - განაცხადა კერიმ, რომელიც პარიზში ორდღიანი ვიზიტისას შეხვდება ფრანგ კოლეგა ლორან ფაბიუსს და პატივს მიაგებს ტერაქტების შედეგად დაღუპული 17 ადამიანის ხსოვნას.

როგორც ცნობილია, 11 იანვარს პარიზში გამართულ აქცია „ერთიანობის მარშში“, რომელსაც უკვე ისტორიულს უწოდებენ მონაწილეთა სარეკორდო რაოდენობის გამო, ჩართულნი იყვნენ მსოფლიოს ათობით ქვეყნის ლიდერები, მათ შორის -საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. მაგრამ ლიდერებს შორის არ ყოფილა საფრანგეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის, შეერთებული შტატების, უმაღლესი რანგის წარმომადგენელი.

ჯონ კერის განმარტებით, როცა მან შეიტყო, რომ პარიზში აქცია იგეგმებოდა, თავის გუნდს ჰკითხა, როდის შეძლებდა, თავისი განრიგიდან გამომდინარე, ყველაზე მალე ჩასულიყო საფრანგეთში.

„პრეზიდენტი და ჩვენი ადმინისტრაცია, ძალიან, ძალიან მჭიდროდ ახდენს საფრანგეთთან მუშაობის კოორდინირებას გამოძიების ფედერალური ბიუროს საკითხებში, დაზვერვის, სამართალდამცველთა მუშაობის მხრივ და ჩვენ გავაგრძელებთ ყოველგვარ მხარდაჭერას, რაც შესაძლოა საჭირო იყოს“, -განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა პარიზში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG