Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს სხვაობა საქართველო - აშშ-ის ვაჭრობის მონაცემებში


სარფის საბაჟო პუნქტი
სარფის საბაჟო პუნქტი
13 ივნისს გაიმართა პრეზენტაცია კვლევის შედეგებისა, რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობის მონაცემებში ცდომილებას ასახავს. კვლევის ავტორია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი შალვა მექვაბიშვილი. მისი აზრით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვის გარკვეული ნაწილი "ჩრდილში" ექცევა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვან შემოსავლებს კარგავს. რას ნიშნავს სხვაობა საქართველო - აშშ-ის ვაჭრობის მონაცემებში?

შალვა მექვაბიშვილმა, რომელიც წლების მანძილზე კონტროლის პალატაში და სახელმწიფო კანცელარიაში საპასუხისმგებლო პოსტებზე მუშაობდა, აშშ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 8 წლის მონაცემები შეისწავლა. მისმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო-აშშ-ს შორის ექსპორტ-იმპორტის რიცხვებში თითქმის 50 პროცენტიანი სხვაობაა:

”ამერიკიდან წამოსული პროდუქციის ძალიან დიდი ნაწილი აღურიცხავი იყო საქართველოში და საქართველოდან წასული ამერიკაშ იყო 512 მილიონი დოლარით მეტი აღრიცხული, ვიდრე ჩვენ გვქონდა დაფიქსირებული. ხოლო ამ 8 წელიწადში საქართველოში ამერიკიდან შემოსული პროდუქცია ამერიკის მხარეს ჰქონდა მილიარდ 368 მილიონი დოლარით მეტი, ვიდრე ჩვენ გვქონდა დაფიქსირებული.”

შალვა მექვაბიშვილის აზრით, ასეთმა სხვაობამ სავაჭრო მონაცემებში საქართველოს ბიუჯეტი დაახლოებით მილიარდი დოლარით აზარალა. ექსპერტის მტკიცებით, ქვეყნის ექსპორტ-იმპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი კონტრაბანდას წარმოადგენს და ”ჩრდილშია” მოქცეული. ასეთ დასკვნას აკეთებენ ეკონომიკის სხვა ექსპერტებიც, მათ შორისაა ლადო პაპავაც:

ისეთ სერიოზულ სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორიც არის აშშ, საგარეო ვაჭრობაში ჩვენ გვაქვს გარკვეული მაქინაციები ...
ლადო პაპავა
”ყველაფერი მიუთითებს შემდეგ რამეზე: ისეთ სერიოზულ სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორიც არის აშშ, საგარეო ვაჭრობაში ჩვენ გვაქვს გარკვეული მაქინაციები. ეს სქემები არის დასტური იმის, რომ არის გარკვეული სქემები კორუფციის, რომლის დროსაც საგარეო ვაჭრობაში ფიქსირდება საკმაოდ განსხვავებული მაჩვენებლები. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ამერიკელები ხელოვნურად ამცირებენ ციფრებს.”

ლადო პაპავას მსგავსად, პრეზენტაციაზე შეკრებილმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა შეშფოთება გამოთქვეს კვლევაში ასახული სხვაობის გამო და სპეციალური კომისიის შექმნაც კი მოითხოვეს.

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის დავით ნარმანიას განცხადებით, დამაფიქრებელია ისიც, რომ ცდომილებაა არა მარტო აშშ-დან საქართველოში განხორციელებული იმპორტის მაჩვენებლებში, არამედ საქართველოდან განხორციელებულ ექსპორტშიც:

საქართველოდან წასული ექსპორტის მაჩვენებლები უფრო ნაკლები არის დაფიქსირებული მთელ რიგ შემთხვევებში, ვიდრე ამერიკის ბაზარზე არის შესული. ანუ საქართველოდან გავიდა საქონელი, ამერიკის ბაზარზე შევიდა უფრო მეტი, ვიდრე საქართველოდან გავიდა, და ჩნდება კითხვა, საიდან შევიდა, სხვა ქვეყანაში ხომ არ იწარმოება ქართული ყალბი დოკუმენტაციით საქონელი და საქართველოს სახელით ხომ არ შედის? რადგან საქართველო ამერიკაში 'ჯი-ეს-პით' სარგებლობს”

საქართველოს ტერიტორიას ვერ გადმოლახავს ვერც ერთი ტვირთი, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყოს, თუ მან არ გაიარა ადეკვატური კონტროლი ...
ლილი ბეგიაშვილი
დავით ნარმანიას ამ და სხვა კითხვებზე, რომლებიც კვლევის შედეგებმა წარმოაჩინა, მთავრობას ოფიციალური პასუხი არ გაუცია. თუმცა კი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ლილი ბეგიაშვილმა ჟურნალისტების წინაშე მცირე კომენტარი მაინც გააკეთა. მისი განცხადებით, შეუძლებელია საქართველოში აღურიცხავი პროდუქცია შემოვიდეს ან გავიდეს:

”საქართველოს საბაჟოს შემთხვევაში ეს არის შეუძლებელი, იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორიას ვერ გადმოლახავს ვერც ერთი ტვირთი, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყოს, თუ მან არ გაიარა ადეკვატური კონტროლი.”

ლილი ბეგიაშვილის მიერ ნახსენები ”ადეკვატური კონტროლის” მიუხედავად, აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის მონაცემებში სხვაობა არ უკვირს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსს ზაზა ჭელიძეს. მისი განცხადებით, ამდაგვარი სხვაობა თითქმის ყველა ქვეყნის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებშია. ზაზა ჭელიძის განცხადებით, რიცხვებს შორის ცდომილებას ძირითადად სამი ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთი მათგანია ტვირთის მიმართულების ან საბოლოო დანიშნულების შეცვლა:

”ძალიან ხშირად ხდება ტვირთის ადგილმდებარეობის შეცვლა. მე მაგალითად შევიძინე ტვირთი აშშ-ში და გზად ნებისმიერ დროს შემიძლია გავყიდო თუ ამის მყიდველი გამოჩნდა. შესაბამისად ის ამერიკაში აღირიცხება როგორც საქართველოში წამოსული, მაგრამ ის ჩვენთან არ შემოდის, ეს ბუნებრივია იძლევა განსხვავებას. ასევე, ხშირ შემთხვევაში ტვირთები ჩვენთან შემოდის, საწყობდება, იმპორტის რეჟიმში არ ექცევა და მისი რეექსპორტზე. ის ამერიკაში აღირიცხება როგორც საქართველოში წამოსული, მაგრამ ჩვენთან არ იმპორტის რეჟიმში არ შემოდის. თუნდაც, ძალიან დიდი რაოდენობის ავტომობილები შარშან, შარშანწინ შემოვიდა და პირდაპირ გადამისამართდა ყაზახეთში.”

თუ ეს არის ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილი, ჩვენი ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, შეერთებული შტატების საბაჟოს და საგადასახადო ინსპექციას ნამდვილად ვერ დაასწრებდა ამის დანახვას ...
მიშა თავხელიძე

არის სხვა მიზეზიც, კერძოდ, ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულება საქართველოს საზღვარზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამერიკაში ჩატანის შემდეგ, რადგან პროდუქციის ფასს ტრანსპორტირების ხარჯები ზრდის. საქსტატის ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის განმარტებით, საგარეო ვაჭრობის მონაცემებში სხვაობა ისეთ ქვეყნებსაც კი აქვთ, რომლებიც ერთმანეთს ესაზღვრებიან. ისეთ ვითარებაში, როდესაც საქართველოს აშშ-თან ათასობით კილომეტრი, რამდენიმე სახელმწიფო და ოკეანე აშორებს, ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებში სხვაობის აღმოჩენა არ აკვირვებს კოალიცია ”ევროპული საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ეკონომიკის ექსპერტს მიშა თავხელიძეს. იგი შალვა მექვაბიშვილის კვლევის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟში უფრო პოლიტიკურ ინტერესს ხედავს:

”მათი ეს თეზისი, რომ ბიუჯეტმა მილიარდი დოლარი დაკარგა შემოსავლების სახით, არის სრული სისულელე, იმიტომ, რომ იმ განსხვავებიდან გამომდინარე რაც მათ დაითვალეს მილიარდი დოლარი ბიუჯეტის შემოსავლების სახით ნამდვილად არ გამოდის. გარდა ამისა, თუ ეს არის ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილი, ჩვენი ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, შეერთებული შტატების საბაჟოს და საგადასახადო ინსპექციას ნამდვილად ვერ დაასწრებდა ამის დანახვას."

აშშ საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეშვიდე პოზიციაზეა და ორ ქვეყანას შორის ექსპორტ-იმპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. ოფიციალური თბილისი და ვაშინგტონი იმედოვნებენ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უახლოეს მომავალში გაფორმება ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. უახლოეს მომავალში საქართველო პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტურ სივრცეში აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის მქონე ერთადერთი ქვეყანა იქნება.
XS
SM
MD
LG