Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ბიუჯეტში საქართველო გაითვალისწინეს


შეერთებული შტატების კონგრესი შეთანხმდა საქართველოსთვის 30 მლნ დოლარის გამოყოფის თაობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, საგარეო სამხედრო დაფინანსების (Foreign Military Financing - FMF) პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის გათვალისწინებულია 30 მლნ აშშ დოლარი. ამას გარდა, „ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის" (European Reassurance Initiative - ERI) ფარგლებში, 57 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთისთვის დახმარების გაზრდის მიზნით. რა კონკრეტულ მიზნებს მოემსახურება ეს თანხები, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, 2014 წლის 10 დეკემბერს აშშ-ის კონრესის ორივე პალატამ - სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ - მიაღწია შეთანხმებას 2015 ფისკალური წლის ასიგნებების კანონპროექტის პაკეტთან („2015 ფისკალური წლის კონსოლიდირებული და შემდგომი მიმდინარე ასიგნებების აქტი") დაკავშირებით. აღნიშნული კანონმდებლობა წარმოადგენს, 2013 წელს მიღებული ორპარტიული საბიუჯეტო აქტის ფარგლებში, ფედერალური მთავრობის ხარჯების გეგმას 2015 წლის 30 სექტემბრამდე.

2015 ფისკალური წლის სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებისა და შესაბამისი პროგრამების ასიგნებების ნაწილში საქართველოსთან მიმართებით საყურადღებოა, რომ საგარეო სამხედრო დაფინანსების (Foreign Military Financing - FMF) პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის გათვალისწინებულია 30 მლნ აშშ დოლარი. ამას გარდა, „ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის" (European Reassurance Initiative - ERI) ფარგლებში, 57 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის დახმარების გაზრდის მიზნით. დამატებით, 25 მლნ დოლარია გათვალისწინებული ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ის პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერის მიმართულებით. 2015 ფისკალური წლის თავდაცვის დეპარტამენტის ასიგნებების ნაწილში „ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის"(ERI) ფონდიდან საქართველოსთვის კონკრეტული რაოდენობა არ არის გამოყოფილი, თუმცა, ERI-ის ფარგლებში, ჯამში, გამოყოფილია 810 მლნ აშშ დოლარი, რომელიც მიზნად ისახავს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში შემდგომი დესტაბილიზაციის შეკავებას და ამ მიმართულებით შესაძლებლობების, რეგიონში ყოფნის, მზაობისა და რეაგირების გაზრდის მხარდაჭერას.

ერთი პროგრამა არის საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამა, მეორე არის უფრო ინიციატივა, რომელსაც ჰქვია „ევროპის მხარდაჭერის ინიციატივა“. ორივე ამ პროგრამასა და ინიციატივაში არის მოხსენიებული საქართველო და გამოყოფილია სოლიდური თანხები ჩვენ დასახმარებლად...
დავით კერესელიძე

აღსანიშნავია, რომ 2015 ფისკალური წლის ასიგნებების კანონპროექტის პაკეტი უნდა დამტკიცდეს აშშ-ის კონგრესიის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ, რის შემდეგაც მას ხელს მოაწერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფას კონგრესის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის წრამომადგენლებიც ეთანხმებიან:

„ერთი პროგრამა არის საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამა, მეორე არის უფრო ინიციატივა, რომელსაც ჰქვია „ევროპის მხარდაჭერის ინიციატივა“. ორივე ამ პროგრამასა და ინიციატივაში არის მოხსენიებული საქართველო და გამოყოფილია სოლიდური თანხები ჩვენ დასახმარებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც სენატში, ისე წარმომადგენელთა პალატაში ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ორივე პარტიამ - როგორც რესპუბლიკელებმა, აგრეთვე დემოკრატებმა“.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ რა მიმართულებით გამოიყოფა თანხები საქართველოსთვის. ასევე უცნობია, სამი ქვეყნისთვის - საქრთველო-უკრაინა-მოლდავეთისთვის - გათვალისწინებული 57 მილიონი დოლარიდან თანხა რა პროპორცით გადანაწილდება ქვეყნებზე.

დახმარებებზე საუბარი ერთია, მაგრამ ფაქტია რეალური. მარტო აღშფოთებით და შეშფოთებით, ეს მილიონჯერ გვითქვამს, ვერ ჩამოაგდებ მოწინააღმდეგის თვითმფრონავს და ვერც ტანკს აუფეთქებ...
ირაკლი ალადაშვილი

ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ საქართველოს თავდაცვის სისტემა მრავალი მიმართულებით საჭიროებს დახმარებას: მთავარ პრობლემად საჰაერო სივრცის კონტროლი რჩება და მისი თავდაცვისუნარიანობის გაზრდაა საჭირო; მნიშვნელოვანია ასევე ტანკსაწინააღმდეგო მიმართულება; პრობლემაა შვეულმფრენებთან მიმართებითაც. სატრანსპორტო შვეულმფრენები, ანუ „მი“ ტიპის საბჭოთა შვეულმფრენები, თითქმის ამოღებულია ხმარებიდან, ისევე როგორც „მი 24“ საბრძოლო ტიპის შვეულმფრენები.

ირაკლი ალადაშვილის სიტყვებით, 2008 წლის აგვისტოს ომის გათვალისწინებით, შეერთებული შტატები და დასავლელი პარტნიორები არ იჩენდნენ საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის ინიციატივას, თუმცა, უკრაინის მოვლენების ფონზე, ამის თვალსაჩინო აუცილებლობა გამოიკვეთა.

„დახმარებებზე საუბარი ერთია, მაგრამ ფაქტია რეალური. მარტო აღშფოთებით და შეშფოთებით, ეს მილიონჯერ გვითქვამს, ვერ ჩამოაგდებ მოწინააღმდეგის თვითმფრონავს და ვერც ტანკს აუფეთქებ. ამიტომ არის საჭირო აუცილებელი საშუალებები და არა მარტო საშუალებები, არამედ მათი ათვისება, გამოყენება და ორგანიზაციაა საჭირო. ამას დრო სჭირდება და ეს დრო გამოყენებული უნდა იყოს მშვიდობიანობისას და არა იმ რთულ დროს, როცა მოწინააღმდეგემ შეიძლება დაიწყოს სამხედრო შემოტევა“.

შეერთებული შტატების მხარდაჭერის დადასტურებად მიიჩნევს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სენატისა და წამომადგენლობითი პალატის მიერ მიღწეულ შეთანხმებას 2015 წლის ფისკალური წლის ასიგნებების კანონპროექტის პაკეტთან დაკავშირებით:

„ეს არის იმისათვის, რომ ჩვენ შეგვეძლოს დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, რომ ჩვენ შეგვეძლოს დაცული ქვეყნის პირობებში განვავითაროთ ჩვენი სისტემები, მოვახდინოთ მეტი სვლა დასავლეთისკენ და გავხდეთ საერთო ევროპული ოჯახის ძლიერი ნაწილი“.

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა კონკრეტული საჭიროებებისთვის ითვალისწინებს შეერთებული შტატები საქართველოსთვის გამოყოფილ თანხებს. ყოველ ცალკეულ საკითხზე კომენტარის გაკეთება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა ფინანსურ დოკუმენტს ხელი მოეწერება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG