Accessibility links

ირანს უკვე ბოლო 35 წელია დაწესებული აქვს ეკონომიკური და სამხედრო სანქციები, რაც გამოიხატება ბევრ აკრძალვაში, რომელთა მიზანია თეირანის იძულება შეწყვიტოს საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერა, გააუმჯობესოს ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება და გააქარწყლოს შიშები, რომ ის ბირთვულ იარაღზე მუშაობს.

ახლა, როცა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ირანის მიერ ბირთვული შეთანხმების გაფორმების პერსპექტივა გაჩნდა, ასევე არსებობს სანქციების შემსუბუქების რეალისტური შესაძლებლობა, შეთანხმების ფარგლებში.

როგორ აწესებს აშშ სანქციებს

აშშ სანქციებს ორი გზით აწესებს - კონგრესის მიერ დამტკიცებული კანონმდებლობით და პრეზიდენტის ბრძანებებით. ირანისთვის დაწესებული სანქციების უმრავლესობა ბრძანების შედეგად ამოქმედდა.

1990-იანი წლებიდან აშშ-ის კონგრესმაც დაუწესა ირანს სანქციები, იმ შეშფოთებიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდებოდა ბირთვული იარაღის გავრცელების, ადამიანის უფლებების დარღვევის, ფულის გათეთრების პრობლემებს და საფრთხეებს. ამ სანქციებმა არაერთი საკითხი მოიცვა - იქნებოდა ეს ირანთან სამხედრო ვაჭრობა, ირანის ენერგეტიკის სექტორი თუ ირანის ბანკები. 2010 წელს შემოღებულმა სანქციების ფართომასშტაბიანმა პაკეტმა თითქმის სრულად აკრძალა ირანთან ექსპორტი და იმპორტი.

პირველი ასეთი ბრძანება 1979 წელს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა გასცა. ირანთან დაკავშირებით „ეროვნული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა, დაიბლოკა ირანის მთავრობის ქონება, რომელზეც აშშ-ის იურისდიქცია ვრცელდებოდა. ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ბრძანებები გასცეს შემდგომმა პრეზიდენტებმაც - მათ შორის, რონალდ რეიგანმა, ბილ კლინტონმა, უმცროსმა ჯორჯ ბუშმა და ბარაკ ობამამ.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, განსაკუთრებით კი თეირანში აშშ-ის საელჩოში 52 ამერიკელის მძევლად აყვანის ფონზე. სწორედ ამან უბიძგა ჯიმი კარტერს ირანისთვის პირველი სანქციების დაწესებისკენ.

სანქციებს სანქციები დაემატა პრეზიდენტ რეიგანის დროს, მათ შორის, პრეზიდენტის ბრძანების ფორმით - მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები თეირანის კავშირზე 1983 წელს ბეირუთში საზღვაო ბაზაზე იერიშთან, ლიბანში განთავსებულ ექსტრემისტულ ჯგუფ ჰესბოლასთან ურთიერთობის გზით. აშშ-მა ირანი შეიყვანა ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში და აკრძალა აშშ-ის მხრიდან მისთვის დახმარების გამოყოფა.

სანქციების რეჟიმი კიდევ უფრო გაფართოვდა 1990-იან წლებში, პრეზიდენტ კლინტონის დროს. კლინტონმა, თავისი ბრძანებით, აკრძალა აშშ-ის მონაწილეობა ირანის ნავთობის მრეწველობის განვითარებაში და დაბლოკა აშშ-ის მხრიდან ირანთან ვაჭრობა და ინვესტიციები.

2002 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი ორ საიდუმლო ბირთვულ ობიექტს ამუშავებდა. ამის შედეგად, აშშ სათავეში ჩაუდგა სანქციების ახალი ტალღის დაწესების კამპანიას, რომელმაც ასევე მოიცვა გაეროსა და ევროკავშირის სანქციები. პრეზიდენტ ბუშის პირობებში გაყინვას დაექვემდებარა ირანის მოქალაქეებისა და კომპანიების კიდევ უფრო მეტი ქონება და სანქციები იმ უცხოურ კომპანიებსაც შეეხო, რომლებიც ირანის ბირთვულ და იარაღის პროგრამებში მონაწილეებად ითვლებოდნენ.

2010 წელს კონგრესმა დაამტკიცა ირანის სანქციების ფართომასშტაბიანი პაკეტი, რომელსაც პრეზიდენტმა ობამამ მოაწერა ხელი. ამ ზომამ მნიშვნელოვნად გაამკაცრა უკვე მოქმედი სანქციები. 2012 წელს ობამამ შეაჩერა ირანის ცენტრალური ბანკის ყველა გადარიცხვა აშშ-ში და აშშ-ის უწყებებს უფლება მისცა გაეყინათ ირანის აქტივები.

სანქციათა გაუქმება

როგორც წესი, აშშ-ის კონგრესიც და პრეზიდენტიც აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია სანქციების დაწესება და მოხსნა სწრაფად და მოქნილად ხდებოდეს, პროცესების განვითარების მიხედვით.

პრეზიდენტის ბრძანების შეჩერება თავად პრეზიდენტსვე შეუძლია.

პრეზიდენტი ასევე უფლებამოსილია შეაჩეროს კონგრესის მიერ დამტკიცებული სანქციების დიდი ნაწილი.

თუმცა 2010 წელს შემოღებული სანქციების უმრავლესობის მოსახსნელად პრეზიდენტმა კონგრესს უნდა აცნობოს, რომ ირანი აღარ უჭერს მხარს საერთაშორისო ტერორიზმს და აღარც ბირთვული, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის თუ ბალისტიკური რაკეტების შექმნას ან მოპოვებას ცდილობს.

სანქციების საბოლოოდ და სამუდამოდ მოხსნისთვის კონგრესში კენჭისყრის გამართვა გახდება აუცილებელი.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენტონი ბლინკენმა 19 მარტს განაცხადა, აშშ სანქციების მოხსნას ეტაპობრივ პროცესად აღიქვამსო:

„ეს პროცესი რამდენიმე ფაზას მოიცავს - ჩვენ მტკიცედ მოვითხოვთ ირანმა დაამტკიცოს, რომ ემორჩილება მოთხოვნებს და შემდეგ ზოგიერთი სანქცია შეიძლება შეჩერდეს, მაგრამ არ მოიხსნას. ირანი თუ გააგრძელებს მოთხოვნების შესრულებას, გარკვეულ ეტაპზე სანქციებიც დასრულდება, თუკი კონგრესი ჩათვლის ამას საჭიროდ“.

ბლინკენმა დასძინა, რომ ანალოგიური პროცესი განვითარდება გაეროს სანქციებთან დაკავშირებითაც - ისინი ჯერ შეჩერდება, შემდეგ კი, თუ საჭიროება მოითხოვს, საბოლოოდ გაუქმდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG