Accessibility links

შეძლებს თუ არა შეთანხმება ირანისა და აშშ-ის დაახლოებას


აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯონ კერი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი.

აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯონ კერი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი.

ბირთვული პროგრამის თაობაზე მიღწეული ჩარჩოშეთანხმება მოხსნის ირანისა და აშშ-ის ურთიერთობაში დიდი ხნის განმავლობაში არსებულ რამდენიმე ბარიერს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ანალიტიკოსების შეფასებით, ქვეყნებს შორის არსებული კედლის დანგრევა მოსალოდნელი არ არის.

ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების მიღწევა ირანსა და აშშ-ს მეგობრებად ნამდვილად არ გადააქცევს, მაგრამ ნდობას კი გააძლიერებსო, - ამბობს ჯონ ლამბერტი, თეირანში არსებული აშშ-ის საელჩოს ყოფილი დიპლომატი, რომელიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰყავდათ აყვანილი მძევლად მას შემდეგ, რაც 1979 წლის ისლამური რევოლუციის დღეებში თავდამსხმელებმა შტურმით აიღეს ამერიკის საელჩო.

„რამდენიმე წლის წინ, აშშ-ის მთავრობაში ყოფნისა და სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის დროს, როცა ავღანეთში მყოფ ირანელებთან სუნიტური წარმომავლობის ექსტრემიზმისა თუ ნარკოტიკების შესახებ მოლაპარაკების თაობაზე ჩამოვარდებოდა საუბარი, პასუხად გვესმოდა, ამის გაკეთება შეუძლებელია ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების მოუგვარებლადო“.

1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენდა ირანისა და აშშ-ის ოფიციალურ პირთა პირდაპირი კონტაქტები, მაგრამ ვითარება აშკარად შეიცვალა ბოლო თვეების განმავლობაში, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფის შეხვედრა ჩვეულებრივი გახდა. ეს პირდაპირი კონტაქტები კი დაიწყო ისტორიული სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომელიც 2013 წლის სექტემბერში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანს შორის.

როგორც ირანის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ქალი ფატიმე ჰაღაღაჯუ აღნიშნავს, ბირთვული პროგრამის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები, საბოლოო ჯამში, დაანგრევს უნდობლობის იმ კედელს, რომელიც დიდი ხნის მტრებს ყოფდა ერთმანეთისგან:

„ერთობლივი ინტერესები ზოგჯერ აახლოებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ერთმანეთს მტრებად მიიჩნევდნენ ანდა იდეოლოგიურ კონფლიქტში იყვნენ ერთანეთთან. მიუხედავად იმისა, რომ იდეოლოგია ბატონობს, ირანის რეჟიმმა აჩვენა, რომ, როდესაც საჭიროება მოითხოვს, მას შეუძლია იყოს პრაგმატული და თვალი გაუსწოროს რეალობას“.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევის სკოლის დეკანი და სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო საკითხების ყოფილი ექსპერტი ვალი ნასრი ასევე წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ირანში ტაბუ მოეხსნა კონტაქტებს აშშ-თან. თუმცა, ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ, მათი ინტერესების გათვალისწინებით, აშშ და ირანი მომავალშიც ერთმანეთის მეტოქეებად დარჩებიან:

„აშშ-მა მიაღწია ირანთან დიალოგის განახლებას, მაგრამ დიალოგის განახლება არ არის იმდენად მყარი და მნიშვნელოვანი, რომ მან რეალურად გამოიწვიოს სტრატეგიული ურთიერთობის გამოსწორება. ასე რომ, აშშ გააგრძელებს მოქმედებას თავისი მთავარი მოკავშირეების ინტერესების შესაბამისად, ხოლო ირანი დარჩება იმ მსოფლმხედველობის გავლენის ქვეშ, რომ მას სჭირდება ანტიამერიკული პოზის შენარჩუნება რეგიონში საკუთარი ინტერესების დასაცავად“.

ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2 აპრილს მიღწეულ ჩარჩოშეთანხმებას ერთადერთხელ გამოეხმაურა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, რომელსაც საბოლოო სიტყვა ეკუთვნის სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტაში. 9 აპრილს თეირანში საუბრის დროს ირანის უმაღლესმა ლიდერმა ფრთხილად განაცხადა, რომ ის შეთანხმების საბოლოოდ დამტკიცებას დაელოდება. „თუ ჩვენ დავინახავთ, რომ მეორე მხარე კვლავ აგრძელებს ფარისევლურ მოქმედებას, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ადრინდელ პოზიციას, რომ არ ვენდოთ ამერიკასო“, - დასძინა აიათოლა ხამენეიმ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG