Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში უთანხმოებაა რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების დაზუსტებაზე


ვაშინგტონში უთანხმოება მწიფდება - ვერ გადაუწყვეტიათ, მაინც ვინ უნდა იყოს ჩართული იმ რუსი ოფიციალური პირების სიაში, ვისაც აშშ სანქციებს უწესებს.

გავრცელებული ცნობებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებს პოლიტიკურად მგრძნობიარე „მაგნიტსკის სიის“ შემცირება სურთ, კონგრესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი უფრო ფართო სიას უჭერენ მხარს და აცხადებენ, რომ ამისათვის ბრძოლას არ შეწყვეტენ.

ამგვარი სიის შემუშავება იმ კანონის მოთხოვნაა, რომელიც კონგრესმა 2012 წლის ბოლოს მიიღო. სანქციების მიზანია რუსეთის იმ ოფიციალური პირების დასჯა, რომლებსაც კავშირი აქვთ კორუფციასთან მებრძოლი მოსკოველი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის, სამართლებრივ დევნასა და ციხეში სიკვდილთან.

სერგეი მაგნიტსკი 2008 წელს დააპატიმრეს - მას შემდეგ, რაც რუსეთის სამინისტროებში მომუშავე ოფიციალურ პირებს ბრალი დასდო კომპლექსური სქემის შემუშავებაში, რომელმაც მათ სახელმწიფო რეზერვებიდან 230 მილიონი დოლარის მოპარვის საშუალება მისცა. გარდაცვალებამდე მას ციხეში სცემდნენ და სამედიცინო დახმარებაზე უარს ეუბნებოდნენ. 37 წლის მაგნიტსკის ციხეში სიკვდილის საქმე რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევისა და კანონის უზენაესობის უგულებელყოფის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

აშშ-ის მიერ შემოღებული კანონი ითვალისწინებს სიაში შეყვანილ პირებზე ვიზის გაცემის აკრძალვას და მათი ანგარიშების გაყინვას. ამასთან, კანონი მხოლოდ მაგნიტსკის საქმით არ შემოიფარგლება და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის სხვა შემთხვევებთან დაკავშირებული პირების დასჯასაც ითვალისწინებს. ბევრი ვარაუდობს, რომ ეს სანქციები კიდევ უფრო მეტად გააუარესებს აშშ-სა და რუსეთს შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობას.
მოსკოვის მხრიდან გაბრაზებული პასუხის მოლოდინში და დიპლომატიური კავშირების შესაძლო გაუარესების შიშით, ობამას ადმინისტრაცია ამ ზომებს ეწინააღმდეგებოდა.

ახლა პრეზიდენტ ობამას 13 აპრილამდე აქვს დრო საიმისოდ, რომ გამოაქვეყნოს სანქციების სიაში შეყვანილ პირთა სახელები, თუმცა მას რჩება შესაძლებლობა ზოგიერთი სახელი საიდუმლოდ დატოვოს, „ეროვნული უშიშროების სასიცოცხლო ინტერესებიდან“ გამომდინარე.

თეთრ სახლს არ გაუმხელია რომელ პირებზე მსჯელობს. კონგრესში შარშან შემუშავებული სია 60-მდე სახელს მოიცავდა.

გავრცელებული ცნობებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა, კანონის შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც მიმართა რჩევის მიღების მიზნით იმის თაობაზე, თუ კიდევ რომელი ოფიციალური პირები უნდა დაემატოს სიას.

ათამდე ორგანიზაციამ - მათ შორის იყვნენ Freedom House და Human Rights Watch-ი - თავისი რეკომენდაციები სახელმწიფო დეპარტამენტს თებერვალში წარუდგინა.

დემოკრატი კონგრესმენი ჯეიმს მაკგოვერნი მაგნიტსკის სანქციების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. რუსეთის შესახებ 4 მარტს გამართულ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე ის კანონის შემსუბუქების მცდელობის წინააღმდეგ გამოვიდა:

„თუკი ჩემივე მთავრობაში არიან ბიუროკრატები, რომლებიც ნებისმიერი მიზეზით გადაწყვეტენ კანონი არ განახორციელონ იმ სულისკვეთებით, რომლითაც ის დაიწერა და დამტკიცდა, მაშინ გარწმუნებთ, რომ კონგრესი კანონს გაამყარებს - მასში ცვლილებებს შეიტანს, რომლებიც უფრო მკაცრი ენით იქნება ფორმულირებული“.

რადიო თავისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც გაესაუბრა, რომლებიც აცხადებენ, რომ იბრძოლებენ სიაში მათ მიერ რეკომენდებული პირების შეყვანისთვის.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ სიაში შესაყვანად დაასახელა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და რუსეთის გავლენიანი საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი.

კადიროვს რუსეთისა და დასავლეთის სამოქალაქო საზოგადოებები უკვე დიდი ხანია ადანაშაულებენ მკვლელობის, წამების და ოპონენტებისა და აქტივისტების გაქრობის შემთხვევებთან კავშირში. ბასტრიკინმა კი ოპოზიციის არაერთი წარმომადგენლის წინააღმდეგ წამოიწყო სამართლებრივი დევნა და იუკოსის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ ხოდორკოვსკის საქმის გამოძიების უკანაც ის იდგა.

კონგრესის მიერ მაგნიტსკის კანონის მიღების შემდეგ კრემლმა საპასუხო ნაბიჯი გადადგა და აშშ-ის მოქალაქეებზე რუსეთიდან ბავშვების გაშვილება აკრძალა.

მოსკოვი ასევე იმუქრება, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაში დადანაშაულებულ ამერიკელებს შავ სიაში შეიყვანს. როგორც იუწყებიან, მათი სახელები ე.წ. „გუანტანამოს სიაში“ შეაქვთ.
XS
SM
MD
LG