Accessibility links

ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა „მაგნიტსკის სიის“ შემდეგ


ვლადიმირ პუტინი და ბარაკ ობამა

ვლადიმირ პუტინი და ბარაკ ობამა

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები მორიგ შეხვედრაზე შეთანხმდნენ: ის უნდა გაიმართოს ივნისში ჩრდილოეთ ირლანდიაში, „დიდი რვიანის“ სამიტის პარალელურად. ამ გეგმის შესახებ დღეს გამოცხადდა მას შემდეგ, რაც მოსკოვში გაიმართა ეროვნული უსაფრთხოების საკითხში შეერთებული შტატების მრჩევლის თომას დონილონის შეხვედრა რუს ლიდერებთან, მათ შორის - პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

მას შემდეგ, რაც რუსეთში მწვავე უკმაყოფილება და საპასუხო ნაბიჯი მოჰყვა 12 აპრილს შეერთებულ შტატებში ე.წ. „მაგნიტსკის სიის“ გამოქვეყნებას, მხარეები ისევ თანამშრომლობაზე ალაპარაკდნენ. შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა „მაგნიტსკის სიაში“ შეყვანილ რუსეთის 18 მოქალაქეს, რომლებსაც ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. სანქცირებულთა უმრავლესობა დაკავშირებულია მოსკოვის ციხეში 2009 წელს ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებასთან. „მაგნიტსკის სიის“ გამოქვეყნების საპასუხოდ რუსეთმა მომდევნო დღესვე, 13 აპრილს, სანქციები დაუწესა ასევე 18 ამერიკელს...

მოვისმინეთ, რომ მათ კარგად ესმით, რა უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაზე მთელი რიგი ფაქტორები. ამ ფაქტორებს შორის არის „მაგნიტსკის სიაც“...
მოსკოვი რომ განაწყენებულია, ეს არ დაუმალავს არც საგარეო უწყების ხელმძღვანელს სერგეი ლავროვს, რომელმაც ორშაბათს, 15 აპრილს, მოსკოვში ეროვნული უსაფრთხოების საკითხში შეერთებული შტატების მრჩეველ თომას დონილონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„ტომ დონილონის, ისევე როგორც სახელმწიფო მდივნის ჯეო კერისგან, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლონდონში შევხვდი, მოვისმინეთ, რომ მათ კარგად ესმით, რა უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაზე მთელი რიგი ფაქტორები. ამ ფაქტორებს შორის არის „მაგნიტსკის სიაც“ და პრობლემებიც, რომლებიც უკავშირდება შეერთებულ შტატებში ნაშვილებ რუს ბავშვებს“.

რუსეთმა წელს, იანვარში, აკრძალა შეერთებული შტატების მოქალაქეებზე რუსი ბავშვების გაშვილება, ახალ ოჯახებში რამდენიმე ბავშვის გარდაცვალების გასაპროტესტებლად.

ობამას ადმინისტრაციას ესმის, რომ ამ ამბებს, რბილად რომ ვთქვათ, სერიოზული გამაღიზიანებელი ეფექტი აქვს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაზე...
ლავროვი აღნიშნავს აგრეთვე, რომ თომას დონილონი მოსკოვში ჩავიდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამასაგან მესიჯით, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის არის განკუთვნილი. როგორც პუტინის თანაშემწე იური უშაკოვის განცხადებით ირკვევა, საქმე ეხება შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილობით მიმართვას. უშაკოვის სიტყვებით, მიმართვა კონსტრუქციული ტონით გამოირჩევა და მოიცავს წინადადებებს ორმხრივი დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშესაწყობად. მიმართვაში საუბარია, მაგალითად, ანტისარაკეტო თავდაცვასა და ბირთვულ არსენალზე, თანამშრომლობაზე ეკონომიკის სფეროში.

ასევე ორშაბათს, რუსეთის ლიდერებთან ტომ დონილონის შეხვედრის შემდეგ, გაკეთდა განცხადება, რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართება ივნისში ჩრდილოეთ ირლანდიაში, „დიდი რვიანის სამიტის“ პარალელურად.

ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა ფრთხილი ოპტიმიზმი გამოავლინა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაზე საუბრისას:

“ობამას ადმინისტრაციას ესმის, რომ ამ ამბებს, რბილად რომ ვთქვათ, სერიოზული გამაღიზიანებელი ეფექტი აქვს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაზე, და მიმართავს ზომებს, რათა მოხსნას ეს გამაღიზიანებელი ფაქტორები. ვნახოთ! ყოველ შემთხვევაში, განვსჯით საქმის და არა სიტყვების მიხედვით“.
XS
SM
MD
LG