Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს ბრალს სდებს იარაღის კონტროლის შესახებ ორი ხელშეკრულების დარღვევაში


აშშ რუსეთს ადანაშაულებს ორი მნიშვნელოვანი ხელშეკრულების დარღვევაში, რომლებიც იარაღის კონტროლს ეხება.

იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მინისტრის მოადგილემ როუზ გოტემიულერმა 10 დეკემბერს კონგრესში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რუსეთი არღვევს საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღისა და ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულებებსო.

რუსეთი უარყოფს ბრალდებას საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულების დარღვევის თაობაზე, თუმცა ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულებაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2007 წელს მორატორიუმი გამოაცხადა.

გოტემიულერის თქმით, აშშ გაერთიანებული რჩება საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულებაში და სურს იმუშაოს საიმისოდ, რომ რუსეთმა კვლავ სრულად უერთგულოს ხელშეკრულების პირობებს:

„ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ზეწოლა რუსებზე, რათა ისინი დაუბრუნდნენ ხელშეკრულების პირობების შესრულებას. ისე თუ მოხდა, რომ ხელშეკრულება ჩვენც დავტოვეთ, ეს, რეალურად, მათ სრულ თავისუფლებას მისცემს ის აკეთონ, რასაც მოისურვებენ“.

აშშ-მა რუსეთს პირველად ივლისში დასდო ბრალი ამ ხელშეკრულების დარღვევაში აკრძალული, ხმელეთიდან ნასროლი ფრთოსანი რაკეტის გამოცდის გზით.

1987 წელს გაფორმებული ხელშეკრულება კრძალავს ხმელეთიდან ნასროლ ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს, რომლებსაც 500-დან 5,500 კილომეტრამდე რადიუსში შეუძლიათ ფრენა.

სენატში სხდომა გაიმართა ტერორიზმის, იარაღის გაუვრცელებლობისა და ვაჭრობის ქვეკომიტეტში, რომელიც საგარეო საქმეთა კომიტეტის ნაწილია, და სტრატეგიული ძალების კომიტეტში, რომელიც შეიარაღებული ძალების კომიტეტის ნაწილს წარმოადგენს.

თხოვნას, ან „კი“, ან „არა“ ეპასუხა კითხვაზე, იცავს თუ არა რუსეთი ბიოლოგიური იარაღისა და ქიმიური იარაღის შესახებ ხელშეკრულებებს, გოტემიულერმა ორივე შემთხვევაში უპასუხა, საბჭოთა პერიოდის პროგრამებთან მიმართებით არაო.

მისი თქმით, რუსეთი იცავს ღია ცის შეთანხმებას, რაც ორივე მხარეს საშუალებას აძლევს მცირე ხნით ადრე გაგზავნილი შეტყობინების შემდეგ განახორციელოს შეუიარაღებელი სადაზვერვო ფრენები ერთმანეთის ტერიტორიაზე, ისევე როგორც ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულებას, ანუ START-ს. რუსეთმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ, ხელშეკრულების ფარგლებში, აშშ-ის ტერიტორიაზე სადაზვერვო ფრენას განახორციელებს.

XS
SM
MD
LG