Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გენერლების სახიფათო ურთიერთობა ქალებთან


ავღანეთი, 2011 წლის ივლისი: გენერალი ჯონ ალენი (მარცხნივ) და ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალებისა (ISAF) და აშშ-ის ჯარების მაშინდელი სარდალი, გენერალი დევიდ პეტრეუსი
ავღანეთი, 2011 წლის ივლისი: გენერალი ჯონ ალენი (მარცხნივ) და ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალებისა (ISAF) და აშშ-ის ჯარების მაშინდელი სარდალი, გენერალი დევიდ პეტრეუსი
აშშ-ში ფართოვდება სკანდალი, რომელიც უკავშირდება ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორის, დევიდ პეტრეუსის პირად ცხოვრებას - ცოლის ღალატს, რის გამოაშკარავებასაც მოჰყვა პეტრეუსის გადადგომა. ახლა ირკვევა, რომ შეკითხვებს ბადებს კიდევ ერთი ცნობილი ამერიკელი გენერლის, ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალებისა და აშშ-ის ჯარების სარდლის, ჯონ ალენის ქმედებები.

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო გამოძიება „შეუფერებელ მიმოწერასთან“ დაკავშირებით, რომელიც, როგორც ირკვევა, ავღანეთში შეერთებული შტატების ჯარების სარდალს, გენერალ ჯონ ალენს ჰქონდა ნაცნობ ქალთან, ჯილ კელისთან. 2010-2012 წლებში მათ ერთმანეთისათვის აქვთ მიწერილი ათასობით გვერდი, უმეტესწილად იმეილების სახით, ელექტრონული ფოსტით.

ეს ამბავი გამოაშკარავდა სკანდალის ფონზე, რომელიც ახლავს შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის, წარსულში ოთხვარსკვლავიანი გენერლის, დევიდ პეტრეუსის გადადგომას, ცოლის ღალატის გამოაშკარავების შემდეგ.

ამგვარი ქმედება შესაძლოა, ზოგს გადადგომისათვის არასაკმარის მიზეზად მოეჩვენოს, როგორც ნებისმიერი ადამიანის პირადი ცხოვრების ნაწილი. მაგრამ პეტრეუსი იყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, ხოლო უსაფრთხოების სფეროში, ზოგადად, ერთ-ერთ ყველაზე მიუღებელ გადაცდენად არის მიჩნეული მეუღლის ღალატი. მოღალატე ქმარი თუ ცოლი ხდება შანტაჟის იოლი მსხვერპლი, რაც პირდაპირი მუქარაა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. შეერთებული შტატების სამხედრო პერსონალის შემთხვევაში, მეუღლის ღალატი არის დანაშაული სამხედრო სამართლის ერთიანი კოდექსით.
მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ განაგრძოს საქმე, რომლის კეთებაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ...
ლიონ პანეტა

ეს, ბუნებრივია, იცოდა დევიდ პეტრეუსმა, რომელსაც, როგორც გაირკვა, ინტიმური კავშირი ჰქონდა მისი ბიოგრაფიის ავტორთან, პოლა ბროდუელთან. პეტრეუსი ამ ამბის გამოაშკარავების შემდეგ გადადგა თანამდებობიდან.
„ჩემი აზრით, დევიდ პეტრეუსმა სწორი ნაბიჯი გადადგა და ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, როცა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი ხარ ყველა გამოწვევით, რომლის წინაშეც დგახარ ამ თანამდებობაზე, რომ მთავარია პატიოსნება“, განაცხადა 13 ნოემბერს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლიონ პანეტამ. ის, როგორც ბევრს შესაძლოა, ახსოვდეს, პეტრეუსის წინამორბედი იყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის პოსტზე.

ლიონ პანეტამ, რომელიც ავსტრალიაში ვიზიტს იწყებს, თვითმფრინავში უპასუხა შეკითხვებს პეტრეუსის გადადგომასთან დაკავშირებით: „ჩემი აზრით, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ განაგრძოს საქმე, რომლის კეთებაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მისია, რომლის ცენტრშიც დგას დაზვერვა და სადაზვერვო ოპერაციები. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, დაინიშნოს ძლიერი, უნარიანი, თავდადებული ადამიანი, რომელიც შეძლებს ამ ძალისხმევის გაგრძელებას.“

თუმცა, ამოცანა ახლა არა მარტო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ახალი ლიდერის მოძებნაა. კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა ზემოხსენებულ გენერალ ჯონ ალენის კანდიდატურა, რომელიც ევროპაში ნატოს ძალების სარდლის პოსტზე უნდა წარედგინათ. პანეტას განცხადებით, ალენის კანდიდატურის განხილვა შეჩერებულია, ნაცნობ ქალთან, ჯილ კელისთან ურთიერობის გამოძიების დაწყების შემდეგ. ეს ურთიერთობა დამატებით ინტერესს იწვევს იმის გამო, რომ კელის კავშირი აქვს პეტრეუსის და მისი საყვარლის, პოლა ბროდუელის ურთიერთობასთან.

საერთოდ, მთელი სკანდალი იმით დაიწყო, რომ ჯილ კელიმ გამოძიების ფედერალურ ბიუროს მიმართა დახმარების თხოვნით მას შემდეგ, რაც მუქარის შემცველი წერილები მიიღო პეტრეუსის საყვარლისაგან. ჯილ კელი პეტრეუსის და მისი მეუღლის მეგობარია და პოლა ბროდუელმა, როგორც ჩანს, მასზე იეჭვიანა. ასე დაიწყო შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ბროდუელის მიწერ-მოწერის შესწავლა და აღმოაჩინა მისი კავშირი დევიდ პეტრეუსთან. დანარჩენი უკვე ითქვა.

მას შემდეგ, რაც პეტრეუსი გადადგა, ახლა ყურადღების ცენტრში დგას გენერალი ჯონ ალენი. ჯერ არ არის ცნობილი, რა ბრალდებებს უყენებენ მას, მიაწოდა თუ არა მან ჯილ კელის რაიმე სახის გასაიდუმლოებული ინფორმაცია.
XS
SM
MD
LG