Accessibility links

აშშ და თურქეთი სირიაზე ზეწოლას აგრძელებენ


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი მზად არიან გააძლიერონ ზეწოლა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმზე. ამის თაობაზე ორი ქვეყნის ლიდერებმა ხუთშაბათს ისაუბრეს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემა სირიის კონფლიქტის მოწესრიგება იყო. ობამამ აღნიშნა, რომ მხარეებმა განიხილეს ასევე სირიის ოპოზიციისათვის პოლიტიკური და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის საკითხები.

ერთ მშვენიერ დღეს სირია განთავისუფლდება ასადის ტირანიისაგან, განაცხადა ხუთშაბათს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ბარაკ ობამამ, თუმცა დასძინა, რომ ამის განხორციელებას სირთულეები ახლავს:

„არ არსებობს მაგიური ფორმულა ისეთი განსაკუთრებული ძალადობის აღსაკვეთად და რთული ვითარების მოსაგვარებლად, როგორიც სირიაშია. ასე რომ იყოს, მე და პრემიერ-მინისტრი ერდოანი ამ მიმართულებით ვიმოქმედებდით და, ვფიქრობ, პრობლემა აქამდე გადაიჭრებოდა. სამაგიეროდ, ჩვენ მივმართავთ მტკიცე საერთაშორისო ზეწოლას და გავაძლიერებთ ოპოზიციას“.

ბარაკ ობამამ ფრთხილი ოპტიმიზმი გამოხატა იმ საერთაშორისო კონფერენციის თაობაზე, რომელიც შვეიცარიაში ივნისში იგეგმება და რომელმაც სირიაში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების საკითხებზე უნდა იმსჯელოს. ჟენევის კონფერენციას, თავის მხრივ, მხარს უჭერს რუსეთი, რომელიც ბაშარ ალ ასადის დიდი ხნის პარტნიორია და იმის მომხრეა, რომ სირიელმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს, ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პარასკევს, გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა:

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ ვინ არის მზად სირიის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. ამის გარეშე არაფერი გამოვა. და მეორე ამოცანა ისაა, რომ განისაზღვროს სირიის გარდა კონფერენციაში მონაწილე სხვა ქვეყნების წარომადგენელთა წრე“.
ლავროვმა გაიმეორა, რომ ემხრობა გაეროს ეგიდით მიმდინარე გამოძიებას, რომელმაც უნდა დაადგინოს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა კი, თავის მხრივ, კვლავ დაადასტურა, რომ გააგრძელებს ზეწოლას ასადზე, რათა გადადგეს და გზა გაუხსნას სირიაში დემოკრატიას. სირიელი აქტივისტების მტკიცებით, ორწლიან სამოქალაქო ომს სირიაში დაახლოებით 100 ათასი კაცი შეეწირა. ომი სირიაში ნეგატიურ გავლენას ახდენს რეგიონის სახელმწიფოებზე და, განსაკუთრებით, თურქეთზე, რომლის საზღვრებსაც ასიათასობით სირიელი დევნილი მოაწყდა, ხუთშაბათის შეხვედრამდე ორი დღით ადრე კი იქ სისხლიანი თავდასხმები მოეწყო, რაშიც ანკარა სირიის სადაზვერვო სამსახურებს სდებს ბრალს. სირიამ, თავის მხრივ, უარყო ყოველგვარი კავშირი თურქეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან, რასაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG