Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ ბრენანი და ჰეიგელი ოფიციალურად წარადგინა


ჩაკ ჰეიგელი (მარცხნივ), ბარაკ ობამა და ჯონ ბრენანი (მარჯვნივ)
ჩაკ ჰეიგელი (მარცხნივ), ბარაკ ობამა და ჯონ ბრენანი (მარჯვნივ)
აშშ-ის პრეზიდენტმა ჩაკ ჰეიგელი და ჯონ ბრენანი ოფიციალურად წარადგინა აღამსრულებელი ხელისუფლების ორ საკვანძო თანამდებობაზე. ყოფილი რესპუბლიკელი სენატორი თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს, კონტრტერორიზმის დარგში ობამას მრჩეველი ჯონ ბრენანი კი დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს ჩაუდგება სათავეში.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ჯონ ბრენანი და ჩაკ ჰეიგელი სწორედ ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც უკეთესად უზრუნველყოფენ აშშ-ის უსაფრთხოების დაცვას. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის გამოც, ობამას სიტყვებით, მან ჯონ ბრენანი დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის, ხოლო ჩაკ ჰეიგელი თავდაცვის მინისტრის პოსტზე დასამტკიცებლად წარადგინა.
მე ძალიან გამიჭირდება მხარი დავუჭირო ნებისმიერ ისეთ კანდიდატს თავდაცვის მინისტრის პოსტზე, რომელსაც სჯერა, რომ ირანელების არ გვესმის, რომ უნდა მოვილაპარაკოთ მათთან ...
ლინდსი გრეჰემი

თუმცა აშშ-ის სენატში ჰეიგელისა და ბრენანის კანდიდატურის მიმართ საკმაოდ ბევრია კრიტიკულად განწყობილი. რესპუბლიკელი სენატორი ჩაკ ჰეიგელი მისსავე თანაპარტიელებს არ მოსწონთ ისრაელის მიმართ მისი კრიტიკული დამოკიდებულებისა და ირანთან მოლაპარაკებების იდეის მხარდაჭერის გამო. ამგვარ განწყობას რესპუბლიკელი სენატორის სამხრეთ კაროლინიდან, ლინდსი გრეჰემის მიერ 6 იანვარს ტელეკომპანია CNN-ისათვის მიცემული ინტერვიუც მოწმობს:

„მე ძალიან გამიჭირდება მხარი დავუჭირო ნებისმიერ ისეთ კანდიდატს თავდაცვის მინისტრის პოსტზე, რომელსაც სჯერა, რომ ირანელების არ გვესმის, რომ უნდა მოვილაპარაკოთ მათთან, არ დავუწესოთ მათ სანქციები და მოვუწოდოთ ისრაელს, მოლაპარაკება გამართოს ჰამასთან, რომელიც ისრაელ ბავშვებს ხოცავს“.

თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დარწმუნებულია, რომ ვიეტნამის ომის ვეტერანი, 66 წლის ჰეიგელი ყველაზე უკეთ გაუძღვება აშშ-ის სამხედრო უწყებას:

„ჩაკ ჰეიგელი არის ლიდერი, რომელსაც ჩვენი შეიარაღებული ძალები იმსახურებენ. ის ამერიკელი პატრიოტია. იგი საკუთარი სურვილით ჩაირიცხა ჯარში და მოხალისედ წავიდა ვიეტნამში“.
კამათისა და გადაწყვეტილების მიღების დროს ჯონ ბრენანი სვამს რთულ კითხვებს და მოითხოვს მაღალ და ზუსტ სტანდარტებს ...
ბარაკ ობამა

ჰეიგელისაგან განსხვავებით, ბარაკ ობამას მთავარი მრჩეველი კონტრტერორიზმის საკითხებში ჯონ ბრენანი უფრო მეტი ნდობით სარგებლობს ამერიკელ კანონმდებლებში. თუმცა ბრენანის მიმართ ძირითადი პრეტენზია ისაა, თითქოს ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს იგი ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკითხვის პროცესში დახვეწილი წამების მეთოდების გამოყენებას უჭერდა მხარს. ამ ბრალდების გამო 2008 წელს ჯონ ბრენანმა ერთხელ უკვე თქვა უარი დაეკავებინა დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის პოსტი.

თუმცა თავად პრეზიდენტი ბარაკ ობამა მაღალი აზრისაა კონტრტერორიზმის სფეროში თავის მთავარ მრჩეველზე, რომელიც დაზვერვის, თავდაცვისა და სამართალდამცველი ძალების საქმიანობას კურირებდა:

„კამათისა და გადაწყვეტილების მიღების დროს ჯონ ბრენანი სვამს რთულ კითხვებს და მოითხოვს მაღალ და ზუსტ სტანდარტებს. იგი ხშირად ესაუბრება ამერიკელ ხალხს ჩვენს ანტიტერორისტულ პოლიტიკაზე, რადგან ბრენანს გაცნობიერებული აქვს ჩვენი პასუხისმგებლობა, ვიყოთ რაც შეიძლება ღია და გამჭვირვალე“.

ბარაკ ობამამ, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების ახალი ხელმძღვანელების გარდა, ახალი წლის დასაწყისში სახელმწიფო მდივნის პოსტზე ჰილარი კლინტონის შემცვლელად სენატორი ჯონ კერი დაასახელა. წარდგენილი კანდიდატები სენატმა უნდა დაამტკიცოს. ზემოთ ითქვა, რომ ყველაზე დიდი წინააღმდეგობა აშშ-ის კანონმდებელთა მხრიდან რესპუბლიკელი ჩაკ ჰეიგელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენას ელოდება. სენატში მოსალოდნელია ცხარე კამათი ობამას მიერ დასახელებული კანდიდატების მოსმენის დროს, თუმცა, როგორც სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამების დირექტორის მოადგილე სტივენ სანოკი ვარაუდობს, ეს იქნება მხოლოდ სანახაობა, რაც, საბოლოო ჯამში, უმცირესობის მხარდაჭერით სამი საკვანძო უწყების ახალი ხელმძღვანელების დამტკიცებით დასრულდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG