Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ეჭვმიტანილ ტერორისტთა წინააღმდეგ წამებას მიმართავდნენ


გუანტანამოს ციხე
გუანტანამოს ციხე
„უეჭველია, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ აშშ-ში წამების პრაქტიკა გამოიყენებოდა“, -ასეთ დასკვნამდე მივიდა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელშიც აშშ-ის ყოფილი მაღალი რანგის მოხელეები და კონგრესმენებიც შედიოდნენ. ანგარიშში, რომელიც ამ ჯგუფმა გაავრცელა, ყურადღება ძირითადად პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მოღვაწეობის პერიოდში გამოვლენილ ფაქტებზეა გამახვილებული, თუმცა ე.წ. „გადამეტებული კონფიდენციალობის გამო“ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაცაა გაკრიტიკებული.

პატიმართადმი მოპყრობის თაობაზე საკონსტიტუციო პროექტის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, რომელსაც ორი ყოფილი კონგრესმენი - რესპუბლიკელი ეისა ჰათჩინსონი და დემოკრატი ჯეიმს ჯონსი - ხელმძღვანელობს, 16 აპრილს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე თავის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები წარმოადგინა. 11 კაციანმა ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც 16 თვის განმავლობაში მუშაობდა ანგარიშზე, ვერ იპოვა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ წამების გზით შესაძლებელი იყოს სასარგებლო ინფორმაციის მოპოვება.

„საჯარო დოკუმენტებში არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა მიმართ ფართოდ გავრცელებული წამების მეთოდი აუცილებელი იყო, ანუ, რომ ეს იძლეოდა მნიშვნელოვანი ფასეულობის ინფორმაციას, რომლის მიღებაც სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა“, განაცხადა პრესკონფერენციაზე ეისა ჰათჩინსონმა.

ექსპერტთა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ყოფილი დემოკრატი კონგრესმენი ჯეიმს ჯონსი კი აღნიშნავს, რომ მათი დასკვნა ეფუძნება ძალიან ინტენსიურ გამოკვლევებს, რომლებიც რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, გუანტანამო ბეის საპყრობილეშიც ჩატარდა:

„გამოკვლევაში დიდი რაოდენობით ინფორმაციამ მოიყარა თავი. ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჩატარებული გამოკვლევა, ანალიზი თუ დასკვნა ხელმისაწვდომი საჯარო დოკუმენტების შესწავლას და 100-ზე მეტ ადამიანთან, მათ შორის, ყოფილ პატიმრებთან, სამხედროებსა და უშიშროების ოფიცრებთან ინტერვიუებს ეფუძნება. სპეციალური კომისიის აპარატმა და წევრებმა ფაქტები ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში, ლიტვაში, პოლონეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და ასევე გუანტანამო ბეიში შემთხვევის ადგილებზე შეისწავლეს.“

ეს არის ძალიან სანდო და დამოუკიდებელი ანგარიში, რომელიც არაორაზროვნად ადასტურებს, რომ აშშ ჩართული იყო წამებაში. ეს მხოლოდ იმის დემონსტრირებაა, რომ აშშ-ის მორალური ავტორიტეტი მთელ მსოფლიოში შეილახა...
ამრიტ სინგჰი
როგორც უკვე ითქვა, ზემოხსენებული ჯგუფის ყურადღების ცენტრში იყო ძირითადად პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მოღვაწეობის პერიოდი, თუმცა ანგარიშის ავტორთა კრიტიკა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციასაც ხვდა წილად ე.წ. „გადამეტებული კონფიდენციალობის გამო“.

მიუხედავად იმისა, რომ ობამას ადმინისტრაციის დროს შეუდარებლად გაუმჯობესდა საერთაშორისო წითელი ჯვრის წარმომადგენელთა დაშვება პატიმრებთან, ანგარიშის თანახმად, არავითარი გამართლება არ აქვს არც ტერორიზმში ეჭვმიტანილთა წამებას და არც ძალიან მაღალი ხარისხის გასაიდუმლოებას, რაც თან ახლდა მათი გადაცემის პროცესს.

მეტიც, ანგარიშის თანახმად, ამ ყველაფერმა „ძალიან დააზარალა ამერიკის იმიჯი“ და პოტენციური საფრთხის ქვეშ დააყენა ტყვედ ჩავარდნილი ამერიკელი სამხედროებიო, - ამბობს ამრიტ სინგჰი, ორგანიზაცია „ღია საზოგადოების მართლმსაჯულების ინიციატივის“, ეროვნული უსაფრთხოებისა და კონტრტერორიზმის საკითხების უფროსი მრჩეველი.

„ეს არის ძალიან სანდო და დამოუკიდებელი ანგარიში, რომელიც არაორაზროვნად ადასტურებს, რომ აშშ ჩართული იყო წამებაში. ეს მხოლოდ იმის დემონსტრირებაა, რომ აშშ-ის მორალური ავტორიტეტი მთელ მსოფლიოში შეილახა. ანგარიშში წარმოდგენილმა მონაცემებმა ძლიერ შეარყიეს აშშ-ის უფლება მოუწოდოს სხვა ქვეყნებს, რომ პატივი სცენ ადამიანის უფლებებს“, ამბობს ამრიტ სინგჰი და დასძენს, რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელსაც სურდა წინ ეყურებინა და არა წარსულისკენ, „შეცდომა დაუშვა“, როდესაც პრეზიდენტობის პირველ ვადაში უარყო მოწოდებები, გამოეძიებინათ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს პოტენციური აგენტების მხრიდან ჩადენილი დარღვევები.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG