Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არც ტერაქტი, მაგრამ არც „უბედური შემთხვევა“


ვაშინგტონის პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დევნის ოპერაციაში მოკლეს მძღოლი ქალი, რომელიც მანამდე აშშ-ის კონგრესის უსაფრთხოების ზონის გადალახვას ცდილობდა. პოლიციის წინასწარი გამოძიებით, ინციდენტი, რომელიც ხუთშაბათს შუადღისას მოხდა, არ არის ტერორისტული აქტი.

აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა ტელეკომპანია „ალჰურამ“ დევნის ოპერაციის შესახებ გადასცა კადრები, სადაც ჩანდა, თუ როგორ უახლოვდება პოლიციის მანქანა შავი ფერის „სედან ინფინიტს“, რასაც მოჰყვება სროლა და შემდეგ მანქანა დიდი სიჩქარით ტოვებს შემთხვევის ადგილს. ქალი დაიღუპა, ორი პოლიციელი კი დაიჭრა. დაზარალებულ პოლიციელებს, როგორც აღმოჩნდა, ჯამაგირიც კი არ ჰქონიათ აღებული კონგრესში საბიუჯეტო კანონის ჩავარდნის გამო აშშ-ის მიერ გამოცხადებულ სამთავრობო უწყებების ნაწილობრივ დახურვასთან დაკავშირებით.

ეს ინციდენტი მოხდა ხუთშაბათს კაპიტოლიუმის კომპლექსის გარეთ, სადაც სენატი და წარმომადგენელთა პალატა მდებარეობს.

პოლიციის ცნობით, მანქანიდან სროლის შედეგად, თეთრი სახლის დაცვის ოფიცერი და კაპიტოლიუმის კომპლექსის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დაიჭრნენ.

აღსანიშნავია, რომ მანქანაში, საიდანაც სროლა დაიწყო, ერთი წლის ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც არ დაშავებულა.

ყველა ინფორმაციით, რაც ჩვენ ამ დროისათვის მოგვეპოვება, არანაირად არ ეტყობა, რომ ეს იყო „უბედური შემთხვევა“. პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდა დევნას, მასში მონაწილეობდა დიდი სიჩქარით მოძრავი რამდენიმე მანქანა, იყვნენ პოლიციელები, რომლებსაც თავს დაესხნენ...
კეიტი ლანიე
ინციდენტის დეტალები უცნობია, ხოლო პოლიციამ უარი თქვა დაესახელებინა მოკლული ქალის ვინაობა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები კი, ანონიმურობის დაცვით, იმაზე საუბრობენ, რომ მოკლული ქალი კონექტიკუტის შტატში მცხოვრები 34 წლის დედაა. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ უკვე გასცა სანქცია და გამოცხადდა ძებნა ინციდენტში მონაწილე კონექტიკუტის შტატის ქალაქ სტამფორდის მცხოვრებზე.

მოკლული შეიარაღებული არ ყოფილა. ქალის ამგვარი მოქმედების მიზეზები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ სამართალდამცველებმა უკვე გამორიცხეს ტერაქტის ვერსია, ვაშინგტონის პოლიციის ხელმძღვანელმა კეიტი ლანიემ კი, თავის მხრივ, გამორიცხა ვარაუდები, რომ მომხდარი შესაძლოა მხოლოდ „უბედური შემთხვევა“ ყოფილიყო:

„ყველა ინფორმაციით, რაც ჩვენ ამ დროისათვის მოგვეპოვება, არანაირად არ ეტყობა, რომ ეს იყო „უბედური შემთხვევა“. პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდა დევნას, მასში მონაწილეობდა დიდი სიჩქარით მოძრავი რამდენიმე მანქანა, იყვნენ პოლიციელები, რომლებსაც თავს დაესხნენ და იყო მცდელობა გაერღვიათ დამცავი ზღუდეები. ასე რომ, ეს არაფრით არ ჰგავს „უბედურ შემთხვევას“.

ხუთშაბათის ინციდენტმა, რომელიც ვაშინგტონში აშშ-ის მთავრობის ნაწილობრივი დახურვის მესამე დღეს დაემთხვა, ტრადიციულად ძალიან წყნარ კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, დააფრთხო ტურისტები და სამთავრობო ოფისების თანამშრომლები. კიდევ უფრო გააღიზიანა ამან ვაშინგტონის მცხოვრებნი, რომლებსაც კოშმარივით ახსოვთ სულ რაღაც სამი კვირის წინ ვაშინგტონის სამხედრო-საზღვაო ძალების გემთმშენებელ ქარხანაში მომხდარი თავდასხმა, როდესაც ყოფილმა მოიჯარემ 12 კაცი დახოცა და შემდეგ, პოლიციასთან შეტაკებისას, თავადაც დაიღუპა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG