Accessibility links

logo-print
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ორშაბათს ვაშინგტონიდან პეკინში გაემგზავრა. კლინტონმა განაცხადა, რომ ჩინეთში დაგეგმილ ოფიციალურ შეხვედრებზე, რომლებიც ორი ქვეყნის სტრატეგიულ და ეკონომიკურ საკითხებს დაეთმობა, იგი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს წამოჭრის. კლინტონის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, 22 აპრილს, ჩინეთში შინაპატიმრობიდან თავის დაღწევა და პეკინში აშშ-ის საელჩოში თავის შეფარება მოახერხა ცნობილმა უფლებამდაცველმა ჩენ გუანჩენმა.

ვიდრე სახელმწიფო მდივნის ვიზიტი დაიწყებოდა, ჩინეთის ხელისუფლებასთან ჩენ გუანჩენის საკითხის გასარკვევად ჩინეთში დაგეგმილზე ადრე ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კურტ კემპბელი. ჩინეთში გამგზავრებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კი ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა მდგომარეობა კვლავაც უთანხმოების საგანს წარმოადგენს ჩინეთსა და აშშ-ს შორის. მან უარი თქვა გაეკეთებინა კომენტარი ჩენის საქმეზე, თუმცა განაცხადა, რომ ჩინეთის მხარესთან განხილული იქნება „ყველა გადაუჭრელ საკითხი, ადამიანის უფლებების ჩათვლით”.

„კონსტრუქციული თანამშრომლობა გულისხმობს ძალიან გულწრფელ მსჯელობას ყველა იმ სფეროზე, მათ შორის ადამიანის უფლებების ჩათვლით, სადაც ჩვენ უთანხმოება გვაქვს. ეს არის სულისკვეთება, რომლითაც ამაღამ მივემგზავრები პეკინში და შემიძლია მოგცეთ სრული გარანტია, რომ ჩვენ ერთმანეთში ვიმსჯელებთ ყველა საკითხზე, მათ შორის ადამიანის უფლებებზე, რაც დღის წესრიგში დგას.“
ადამიანის უფლებების საკითხი ყოველთვის წამოიჭრება ჩინეთის ხელისუფლებასთან გამართულ ჩვენს შეხვედრებზე ...

1 მაისს ჩინელი დისიდენტი ჩენ გუანჩენი არც აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას უხსენებია, თუმცა იაპონიის პრემიერ-მინისტრ იუშიკო ნოდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, ჩინეთი კიდევ უფრო ძლიერი გახდება, თუკი გადადგამს ნაბიჯებს ადამიანის უფლებათა დასაცავადო:

„ცხადია, ვეცნობი მედიის ცნობებს ჩინეთში შექმნილი ვითარების შესახებ, მაგრამ არ ვაპირებ განცხადების გაკეთებას ამ საკითხზე. ერთადერთი, რისი ხაზგასმაც მსურს, არის ის, რომ ადამიანის უფლებების საკითხი ყოველთვის წამოიჭრება ჩინეთის ხელისუფლებასთან გამართულ ჩვენს შეხვედრებზე. დარწმუნებული ვართ, ეს არა მხოლოდ იმის გამოა სწორი, რომ ადამიანის უფლებების შესახებ ჩვენს რწმენასა და პრინციპებს შეესაბამება, არამედ იმის გამოც, რომ ნამდვილად გვგონია, ამით ჩინეთიც უფრო ძლიერი იქნება.“

შინაპატიმრობიდან გაქცეული 40 წლის ჩინელი დისიდენტი ამჟამად აშშ-ის მთავრობის მფარველობის ქვეშ იმყოფება. აშშ-ში არსებული ჩინეთის ჰუმანიტარული ჯგუფი იუწყებოდა, ჩენ გუანჩენის ბედთან დაკავშირებით „მაღალი დონის მოლაპარაკებები“ მიმდინარეობს აშშ-სა და ჩინეთს შორისო. თუმცა რითი დასრულდა მოლაპარაკებები, ცნობილი არ არის. ჩენ გუანჩენმა, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ იბრძოდა, თითქმის 20 თვე დაყო შინაპატიმრობაში. უსინათლო დისიდენტი 22 აპრილს შინიდან გაიქცა და დატოვა აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარე შანდონგის პროვინცია. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთი არ იძლევა უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს ჩენ გუანჩენისათვის, რომელიც, მისი მეგობრების თქმით, არ აპირებს დატოვოს ჩინეთი, სადაც მისი ცოლი, დედა და ექვსი წლის გოგონა ცხოვრობენ.
XS
SM
MD
LG