Accessibility links

logo-print

უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა „ისალმური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი ოთხი პირი


ლევან იზორია

ლევან იზორია

ექსტრემისტული დაჯგუფების „ისალმური სახელმწიფოს“ იდეოლოგიის მხარდამჭერი 4 პირი დააკავა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. მისი ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან იზორიამ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ პირთა მონაწილეობის ფაქტზე კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციით გამოიკვეთა რამდენიმე პირი, რომლებიც ემხრობიან ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიას. ლევან იზორიას ცნობით, 18 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა თერთმეტი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის განჩინება, რომლის საფუძველზე 29 ნოემბერს ჩხრეკა ჩატარდა ყველა მითითებულ მისამართზე. ლევან იზორიას ინფორმაციით, 4 პირის საცხოვრებელ სახლებში აღმოჩენილია ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები, ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები, მობილური ტელეფონები, სხვადასხვა მობილური ოპერატორის სიმბარათები, ინტერნეტმოდემები, ნოუთბუქები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, CD და DVD დისკები და ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ დროშები. ლევან იზორიას განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის და შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს ოთხი პირი, რომლებსაც ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ლევან იზორიას განმარტებით, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავებული პირების კავშირების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისფაქტის დასადგენად მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გრძელდება გამოძიება ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის მქონე სხვა პირების მხილების და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG