Accessibility links

logo-print

ზამთრის მოახლოებასთან ერთად უსახლკაროთა პრობლემები უფრო და უფრო მწვავდება. რა ელით იმ ადამიანებს, რომლებსაც თავშესაფარი არ აქვთ და ქუჩაში ან სახელდახელოდ მოწყობილ საცხოვრისებში უხდებათ ღამის გათენება? ორგანიზაცია „იდენტობამ“ 3 ნოემბერს პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართა და უსახლკაროთა პრობლემების მიმართ მეტი ყურადღება მოითხოვა.

აქციაზე, რომელიც ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, 3 ნოემბერს გაიმართა, სულ თხუთმეტი ადამიანი მივიდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ წარმომადგენლები და სოციალურად დაუცველი რამდენიმე ადამიანი მთავრობისგან უსახლკაროთა პრობლემის გადასაჭრელად კონკრეტული გეგმის დასახვას მოითხოვდნენ. „ვითხოვთ სოციალური საცხოვრებლების კანონიერ მართვას“, „თქვენს გამთბარ ბინებში იფიქრეთ ქუჩაში გაყინულ ადამიანებზე“, „შეასრულეთ დაპირება“ - ეწერა აქციის მონაწილეთა პლაკატებზე.

დიღომში სოციალური საცხოვრისი გამოგვიყვეს, მაგრამ სანამ შევიდოდით, სხვა ადამიანები უკანონოდ შეიჭრნენ და ხუთი ოჯახი ასე უბინაოდ დავრჩით...

მარტოხელა დედა თეა თათარიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციასთან სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად მოვიდა. როგორც ჰყვება, კიდევ ორი შვილი ბებიასთან ჰყავს გაგზავნილი, რადგან პეტრე-პავლეს სასაფლაოსთან პატარა ვაგონში ყველანი ვერ ეტევიან:

„ხუთი წელია, ასე უბინაოდ ვართ. მერიაში განცხადება შევიტანეთ და დაგვაკმაყოფილეს, დიღომში სოციალური საცხოვრისი გამოგვიყვეს, მაგრამ სანამ შევიდოდით, სხვა ადამიანები უკანონოდ შეიჭრნენ და ხუთი ოჯახი ასე უბინაოდ დავრჩით“.

ამ ხუთი ოჯახის უფლებებს სასამართლოში ორგანიზაცია „იდენტობის“ იურისტი ნინო ბოლქვაძე იცავს. მისი თქმით, სასამართლოს პირველ ინსტანციაში საქმე მოიგეს, თუმცა მერიამ შედეგი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. როგორც ნინო ბოლქვაძე ამბობს, სახელმწიფო უსახლკაროების მიმართ კანონებს არ იცავს, ამიტომაც ერთადერთი დარჩენილი გამოსავალი ქუჩაში აქციების გამართვაა:

„დღემდე არ არის შემუშავებული ხანგრძლივი გეგმა, თუ როგორ აპირებს სახელმწიფო ამ პრობლემასთან გამკლავებას. ასევე, უკვე არსებული სოციალური საცხოვრისები კანონიერად ეფექტურად არ იმართება: კონკრეტულად, ქალაქ თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს იმედს უჩენს, რომ ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით და შემდეგ არ თუ ვერ ასრულებს დაპირებებს, რითაც ადამიანის უფლებებს არღვევს“.

ერთ-ერთი თავშესაფარი უსახლკაროებისათვის 2013 წელს აიგო - კარვების დასახლება მოსკოვის გამზირზე. 2014 წლის მიწურულს ეს თავშესაფარი ჯანდაცვის სამინისტროდან მერიის დაქვემდებარებაში გადავიდა. როგორც მერიის წარმომადგენელი ზურაბ ისაკაძე ამბობს, კარავი ისევ შეიფარებს ქუჩაში უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს და მერიის დაქვემდებარებაში გადასვლის შემდეგ მისი მართვა ბევრად გაადვილდება:

რომ გავთბე, ხანდახან ბანკში შევდივარ ხოლმე, ერთ ნახევარ საათს დავჯდები, გავთბები, გამოვდივარ. ხანდახან მეტროში ჩავდივარ. ავტობუსებს დავყვები ხოლმე, გრძელ მარშრუტებს. ძირითადად მაინც რუსთაველზე ვარ ხოლმე...

„ადვილი იქნება და გეტყვით, რატომ: ჩვენ გარკვეულ პრობლემებს წავაწყდით, როდესაც გვჭირდებოდა ქალაქის მერიის შესაბამის სამსახურებთან კონკრეტული საკითხების მოგვარება. უფრო ბიუროკრატიული მექანიზმიდან გამომდინარე, გვჭირდებოდა ორი-სამი კვირა, რომ პასუხი მიგვეღო. ეს ასე აღარ იქნება“.

კარვების დასახლებაში მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ საკვების, გათბობისა თუ სამედიცინო მომსახურების პრობლემას არ უჩივიან. მიუხედავად ამისა, მოსკოვის პროსპექტზე უსახლკაროთა თავშესაფრის პირობები ყველასათვის მისაღები არ არის.

ნელი ლეკიაშვილი, რომელიც აგვისტოში ბინიდან გამოსახლების შემდეგ ქუჩაშია დარჩენილი, სწორედ ამ პრობლემაზე ლაპარაკობს. მან სახლი 2 000 წელს დაკარგა და მას შემდეგ ქირით ცხოვრობდა. 2014 წლის ივლისსა და აგვისტოში ბინის ქირა მერიამ გადაუხადა, თუმცა მას შემდეგ, რაც მოულოდნელად დახმარება შეუწყდა, თავშესაფარს უშედეგოდ ეძებს.

„რომ გავთბე, ხანდახან ბანკში შევდივარ ხოლმე, ერთ ნახევარ საათს დავჯდები, გავთბები, გამოვდივარ. ხანდახან მეტროში ჩავდივარ. ავტობუსებს დავყვები ხოლმე, გრძელ მარშრუტებს. ძირითადად მაინც რუსთაველზე ვარ ხოლმე, იმიტომ რომ აქ „მაკდონალდსია“ და წყალს აქ ვიღებ, არც საპირფარეშოს გამოყენებას მიშლიან“.

საბოლოოდ, მას მერია დაუკავშირდა და მოსკოვის პროსპექტზე კარავში შესახლება შესთავაზა, თუმცა, როგორც ნელი ლეკიაშვილი ამბობს, ჯანმრთელობის პრობლემებისა და რამდენჯერმე გადატანილი ინფარქტის შემდეგ, ასეთ პირობებში მისთვის დარჩენა სახიფათოა.

ზურაბ ისაკაძის თქმით, უსახლკაროთათვის სრულფასოვანი თავშესაფრის ასაშენებლად ტენდერი უკვე დასრულდა და მშენებლობა დიდი ლილოს ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია:

„სავარაუდოდ, ამას, ალბათ, შვიდი-რვა თვე დასჭირდება. შეიძლება მეტიც დასჭირდეს, მაგრამ მათთვის შენდება კაპიტალური შენობები და კეთდება უმაღლესი კლასის საცხოვრისი“.

მშენებლობის დასრულებამდე კი სოციალურად დაუცველ ადამიანებს გამოზამთრება კარვების დასახლებაში ან ქუჩაში მოუხდებათ.

XS
SM
MD
LG