Accessibility links

logo-print

უსახლკაროები მელიქიშვილის 49-დან


მელიქიშვილის 49-ში მდებარე ობიექტიდან გამოსახლებულები

მელიქიშვილის 49-ში მდებარე ობიექტიდან გამოსახლებულები

თბილისში, მელიქიშვილის 49-ში მდებარე ობიექტიდან 28 მარტს გამოსახლებული სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახები დედაქალაქის მერიას ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას სთხოვენ. ამ ოჯახების დიდი ნაწილი ამ დრომდე ღია ცის ქვეშ იმყოფება. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თბილისის მერს, დავით ნარმანიას, სთხოვს ამ ადამიანების თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი დაუყოვნებლივ მოაგვაროს.

სახალხო დამცველის თბილისის მერისადმი მიწერილ მიმართვაში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ჭერის გარეშე დარჩენილი ოჯახების პრობლემის მოსაგვარებლად გადადგმული ნაბიჯები ნაკლებად ეფექტურია, რეაგირება კი - გაჭიანურებული, რითაც ირღვევა უსახლკაროთა სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება.

კარვებში ერთი ქალი წავიყვანეთ და ისეთი გაუსაძლისი მდგომარეობაა... 12 ადამიანი რომ ერთად იქნება!..

მელიქიშვილის 49-დან იძულებით გამოსახლებული ადამიანები კი კვლავ ცდილობენ მიიპყრონ საზოგადოებისა და სამთავრობო სტრუქტურების ყურადღება:

“მუნიციპალიტეტსაც მივმართეთ, ადამიანის უფლებების დაცვის იმასაც მივმართეთ, სახალხო დამცველსაც მივმართეთ, ყველას. როცა ბავშვიანები ჩვენ გვყავდა გვერდით, მაშინ ჩვენ ინტერესში იყვნენ, მაგრამ ეხლა ბავშვიანი ხალხი, რო კითხო, დააკმაყოფილეს, მაგრამ ესენიც არ არიან დაკმაყოფილებულები. 7 ადამიანი, თითქმის 9 სული, საცოდავი ბავშვები ერთ ოთახში არიან მოქცეული“.

აღნიშნულ სახლში 12 ოჯახი წლების წინ თვითნებურად შესახლდა. თბილისის მერიის თანახმად, ეს ოჯახები სახლის კერძო მესაკუთრის მოთხოვნით გამოასახლეს. მთაწმინდის რაიონის გამგეობამ მათ მუნიციპალურ თავშესაფარში გადასახლება შესთავაზა, რაზეც გამოსახლებულმა ოჯახებმა უარი განაცხადეს:

„კარვებში ერთი ქალი წავიყვანეთ და ისეთი გაუსაძლისი მდგომარეობაა... 12 ადამიანი რომ ერთად იქნება!..“

თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე, არსებული კარვების ქალაქს ზაფხულიდან, თბილისის მერიის თანახმად, სოფელ დიდ ლილოში მდებარე მიუსაფართა კაპიტალური თავშესაფარი ჩაანაცვლებს. თავშესაფარი ყველა საჭირო სერვისით იქნება უზრუნველყოფილი და მასში, თბილისის მერის დავით ნარმანიას განმარტებით, ბენეფიციარები დარჩებიან მანამ, სანამ საცხოვრებელს იპოვიან.

დავით ნარმანია

დავით ნარმანია

“დედაქალაქის ისტორიაში პირველად დაიწყო მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა, ჯამური ღირებულებით, 1, 7 მილიონი ლარი, რაც 240 ბენეფიციარზე არის გათვლილი. მშენებლობა წელს ზაფხულში დასრულდება და ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ და დღემდე გვყავს კარვებში, ეს ადამიანები იქ განთავსდებიან“.

ეს სიტყვები დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას, საკრებულოს წინაშე საანგარიშო გამოსვლის იმ ნაწილიდანაა, რომელშიც იგი მერიის მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს ჩამოთვლის. იქნება თუ არა ამ მშენებარე თავშესაფრის ბენეფიციართა შორის მელიქიშვილის 49-ის ყოფილ ბინადართა ნაწილი, ჯერ ცნობილი არ არის. ამ დროისათვის 12-დან 2 ოჯახი, რომელთაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ, მთაწმინდის გამგეობამ საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილა, თუმცა 2 ოჯახი ხელოვნურად გააერთიანა და მხოლოდ 20 კვადრატული მეტრი ფართის ბინა უქირავა. სახალხო დამცველის თანახმად, დანარჩენ 10 ოჯახს მხოლოდ ერთი თვის ბინის ქირა შესთავაზეს, რაზეც ისინი არ დათანხმდნენ.

მერიის მიერ გაკეთებულ განცხადებებში არაფერია ნათქვამი მხოლოდ ერთი თვის ბინის ქირის დაფარვის თაობაზე. თავად მერმა დავით ნარმანიამ კი, სახალხო დამცველის პასუხად, მედიის წარმომადგენლებთან განმარტა, რომ მერია იძლევა გარანტიას, რომ ბინის ქირას გამოსახლებულ ოჯახებს იმდენ ხანს გადაუხდის, რამდენიც საჭირო იქნება. ვითარების განმუხტვის ამ კონკრეტული პერსპექტივის მიუხედავად, ზოგადად, უსახლკაროთა ქირით გაყვანის გზით დავის გადაჭრას პრობლემის დროებით მოგვარებად მიიჩნევს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი:

უჩა ნანუაშვილი

უჩა ნანუაშვილი

“ჩვენი რეკომენდაციები უკავშირდება იმას, რომ, პირველ რიგში, აუცილებელია შეიქმნას მონაცემთა ბაზა, რომ ვიცოდეთ რამდენი უსახლკარო ადამიანია, რამდენ ადამიანს სჭირდება სათანადო საცხოვრისი. ამაზე, სამწუხაროდ, არანაირი სტატისტიკა ქვეყანაში არ არსებობს. მეორე, მნიშვნელოვანია, რომ საბინაო ფონდი შეიქმნას და, შესაბამისად, თვითმმართველობებს ჰქონდეთ კონკრეტული თანხები გამოყოფილი ყოველწლიურად ბიუჯეტში სწორედ ამ საჭიროებებისთვის“.

სახალხო დამცველის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ თვითმმართველობას ასეთი შემთხვევებისთვის მოქმედების სტრატეგია ჰქონდეს და სოციალური საცხოვრისების მოწყობაზე იზრუნოს, წლების განმავლობაში გრძელდება პრაქტიკა, როდესაც, პრობლემის გრძელვადიანი მოგვარების ნაცვლად, სახელმწიფო ცდილობს უსახლკაროთა პრობლემები ქირის თანხის გაცემით გადაჭრას. რაც შეეხება მელიქიშვილის 49-დან გამოსახლებულებს, სახალხო დამცველი ითხოვს თბილისის მერმა მათი საკითხი პირად კონტროლზე აიყვანოს, გაითვალისწინოს პრობლემის გადაუდებელი ხასიათი და მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს ღია ცის ქვეშ დარჩენილი ადამიანების უმოკლეს ხანებში გრძელვადიანი და ღირსეული საცხოვრებლით დასაკმაყოფილებლად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG