Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის იზოლაცია, სოჭის ოლიმპიადის მიზეზით


ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი თვით ადრე რუსეთმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და განსაკუთრებული რეჟიმი აამოქმედა. სოჭის მიმართულებით მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ავტოტრანსპორტს შეუშვებენ და ისიც განსაკუთრებული ნებართვით. რას და რა იმედით სთავაზობს თბილისი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც დაწესებული შეზღუდვების გამო გარკვეულ იზოლაციაში მოექცევიან?

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დამტკიცებულია ”განაცხადების ჩაბარების წესები” რუსეთის საზღვრის გადალახვის მსურველთათვის. განცხადებები მიიღება სააკრედიტაციო მოწმობების გაცემის მიზნით ყოველდღიური სიების შესადგენად.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სიები მკაცრად არის ლიმიტირებული და რუსეთის საზღვრის გადალახვის უფლება ყოველდღიურად მხოლოდ 45 ავტოსატრანსპორტო საშუალებას მიეცემა. დამატებით გათვალისწინებულია არა უმეტეს 5-ერთეულიანი რეზერვი მხოლოდ გადაუდებელი სიტუაციებისთვის.

სია ყალიბდება პრიორიტეტების მიხედვით, სადაც, მაგალითად, სამგზავრო ავტობუსებსა და სატვირთო ავტომობილებზე უფრო პრიორიტეტულად მიიჩნევა ოპერატიული სამსახურების ტრანსპორტი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მაღალი თანამდებობის პირთა სამსახურებრივი ავტომობილები. ანუ ნებისმიერ ბიზნესმენს შესაძლებელია ნებისმიერ დროს უარი უთხრან და რუსეთისკენ გამგზავრების გეგმები ჩაუშალონ. სწორედ ამიტომ, ბევრისთვის ადვილი მისახვედრია, რომ სიაში ჩასასმელად კორუფციული გზებიც გამოინახება.
სერიოზულად გაიზარდა, ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე - პირადი ინტერესებიდან, რადგან ადამიანები მიხვდნენ, რომ შეუძლიათ ჩამოვიდნენ, ნათესავი მოინახულონ და მათ არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ...
პაატა ზაქარეიშვილი

ანალიტიკოსებს არ უკვირთ, რომ, გასული წლის ბოლოს ვოლგოგრადში მომხდარი აფეთქებების კვალდაკვალ, რუსეთმა უკეთ გააცნობიერა ტერორიზმის რეალური საფრთხე და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებით თადარიგის დაჭერა გადაწყვიტა. თუმცა ფაქტია ისიც, რომ სიფრთხილეს რუსეთი თავის მიერვე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მისამართითაც იჩენს და ამ მოტივით მას სასიცოცხლოდ აუცილებელ შესაძლებლობებსაც უზღუდავს.

ამგვარი ვითარების საპასუხოდ, მართალია, არაოფიციალური მოწოდების სახით, თბილისი აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს ალტერნატიულ გზებს სთავაზობს. როგორც სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა უთხრა 7 იანვარს რადიო თავისუფლებას, რადგანაც სოჭის ოლიმპიადასა და შემდეგ დაგეგმილ პარაოლიმპიადასთან დაკავშირებული პროცესები აპრილამდე გაგრძელდება, სწორედ ეს პერიოდი უნდა იქნეს გამოყენებული ალტერნატიული შესაძლებლობების შესათავაზებლად:

”შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი თავისუფალი გადაადგილების საშუალება დღეს მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ექნება სწორედ ზუგდიდის რაიონის საშუალებით, სამეგრელოს მხრიდან. ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება ამ ადამიანებს ნახონ სხვა შესაძლებლობები გადაადგილებისა და მომავალში, როცა მიხვდებიან, რომ ზუგდიდის მიმართულებით დანარჩენ საქართველოში გადაადგილება არაფერ პრობლემას არ წარმოადგენს, თუკი ამ თვეების მანძილზე მიეჩვევიან ჩვენი მიმართულებით მოძრაობას, მომავლში, როცა გაიხსნება სოჭის მიმართულება, ჩვენი მხრიდანაც ექნებათ მათ ალტერნატიული გზები თავიანთი ბიზნესის, საქმიანობისა თუ გარკვეული პირადი ინტერესების რეალიზაციისთვის”.

პაატა ზაქარეიშვილი ამგვარ პერსპექტივას იმედით უყურებს და, როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ამ იმედს მას ბოლო თვეებში გამოვლენილი პროცესები აძლევს. სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ გაიზარდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადმომსვლელთა რიცხვი:

”სერიოზულად გაიზარდა, ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე - პირადი ინტერესებიდან, რადგან ადამიანები მიხვდნენ, რომ შეუძლიათ ჩამოვიდნენ, ნათესავი მოინახულონ და მათ არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ”.

მათ შორის, ვინც სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებულ პროცესებთან მიმართებით პაატა ზაქარეიშვილის ოპტიმიზმს არ იზიარებს, "ევროპული კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილიც გახლავთ. როგორც ანალიტიკოსმა 7 იანვარს უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსეთი საკუთარი ინტერესების საზიანოდ ყურადღებას არავითარ შემთხვევაში არ მოადუნებს:

კახა გოგოლაშვილი
კახა გოგოლაშვილი
”რუსეთში ოლიმპიადის ჩატარება არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა მიატოვა აფხაზეთი... რომ რუსულმა დაზვერვამ, რუსულმა უშიშროების სამსახურებმა მიატოვეს აფხაზეთი და დაუშვებენ, რომ ვინმემ თავისუფლად წყალში ჩაუყაროს იმდენი შრომა, რაც გასწია რუსეთის მთავრობამ თავისი ყველა ამ ინსტიტუტით იმისთვის, რომ აფხაზეთი აბსოლუტურად მოექციათ იზოლირებაში საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან... ნამდვილად იქნება გარკვეული მარაგი მოგროვილი აფხაზეთში. ნუ დაგვავიწყდება, რომ აფხაზეთის მთავრობა ძალიან ინტენსიურად მუშაობს კრასნოდარის მხარის ხელმძღვანელობასთან პირდაპირ - ყველანაირ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე არის პირდაპირი კოორდინაცია მასთან.”

მიუხედავად ამისა, კახა გოგოლაშვილი მაინც მნიშვნელოვნად მიიჩნევს აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის ალტერნატიული გზების შეთავაზებისა და მათი დაინტერესების მცდელობას თუნდაც შორეულ პერსპექტივებზე გათვლით. თუმცა უმჯობესია, თუკი შეთავაზება მოხდება ჩუმად და უხმაუროდ, რათა საპასუხოდ არ მივიღოთ ხმამაღალი უარი, რამაც ურთიერთობებში შეიძლება კიდევ უფრო დიდი პრობლემა წარმოშვას.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG