Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარავი - უსახლკაროთა გადასარჩენად


თბილისში, ალექსანდრეს ბაღში, უსახლკაროების დასახმარებლად სამოქალაქო აქტივისტებმა კარავი გაშალეს. 20 დეკემბრის ღამე კარავში სამმა უსახლკარომ გაათენა, თუმცა აქციის ”ერთად დავეხმაროთ უსახლკაროებს” ორგანიზატორები მომდევნო დღეებში მათი რიცხვის მატებას ვარაუდობენ. ამჟამად აქციის აქტივისტები უსახლკაროებისთვის აგროვებენ საკვებს, თბილ ტანსაცმელს, შეშას. როგორც ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, მომდევნო დღეებში კვლავ ყინვაა მოსალოდნელი.

ალექსანდრეს ბაღში, პატარა შადრევნის გვერდით, ხაკისფერი კარავია გაშლილი. ბაღში მომუშავე პერსონალი კარვის გარშემო თოვლს ხვეტს. კარავი 30 უსახლკარო ადამიანზეა გათვლილი, თუმცა 20 დეკემბრის ღამე იქ მხოლოდ სამმა ადამიანმა გაათენა. ”ბევრმა არ იცის კარვის ამბავი და ხალხიც ამიტომ არ არის, თუმცა ჩვენი აქტივისტები ქალაქში დადიან და პირადად ეძებენ უსახლკაროებს”, - გვეუბნება გიორგი ჩითარიშვილი. ის იმ აქციის ერთ-ერთი მოხალისეა, რომელიც, სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით, უსახლკაროების დასახმარებლად დაიგეგმა და 19 დეკემბრის საღამოს კარავიც გაიშალა:

”კარავი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ გააჩნია სახლ-კარი და ამ ყინვასა და თოვლში ქუჩაში უწევს ცხოვრება. თუკი ვინმეს გაუჩნდება დახმარების სურვილი, შეუძლიათ მოიტანონ შეშა, ტანსაცმელი, საკვები... ეს არის სამოქალაქო აქტიურობა და არა რომელიმე უწყების პროგრამა”, - ამბობს გიორგი ჩითარიშვილი.

კარვის შუაგულში შეშის ღუმელი, ღუმელზე კი ვერცხლისფერი ჩაიდანი დგას, მაგრამ ის არ დუღს. ღუმელში ცეცხლი არ ანთია. ”რამდენიმე საათის წინ შეშა გაგვითავდაო”, - წუხს გიორგი. ”იქნებ საღამოსთვის ელექტროენერგიის შემოყვანაც მოვახერხოთო”, - გვეუბნება ის. კარავში ბნელა. სველ, ნათოვლარ მიწაზე რამდენიმე ლეიბია გაშლილი. ზედ ის ტანსაცმელი აწყვია, რომელიც მოხალისეებმა კარავში მიიტანეს. სიჩუმეს კარვის სახურავზე ხეებიდან ჩამოცვენილი თოვლის ხმა არღვევს. სიბნელეს შეჩვეული თვალი კარვის სიღრმეში ეტლში მჯდომ ხანდაზმულ კაცს ამჩნევს. მას შავი სათვალე უკეთია. ის უსინათლოა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ სასტუმრო „აფხაზეთიდან“ გამოასახლეს, ცხინვალიდან დევნილი 79 წლის ზაურ ხადური ღამეებს მეტროსადგურში ათენებს.

”აი, ასე ვატარებ ქუჩაში სიცივესა და უბედურებაში დღეებს. რამდენი ხანია, არ დამიბანია. უბრალოდ, მოვიწმინდავ სახეს და ეგ არის. უპატრონოდ ვგდივარ. მივდივარ ლტოლვილთა სამინისტროში, მე ზევით ასვლის თავი არ მაქვს, ვერც ვერავის ავყავარ, ქვევით ჩამოსვლას კი არავინ კადრულობს, რომ ჩემი გასაჭირო ვუთხრა - ან სახლი მოვიკითხო, ან კარი”, - ამბობს ზაურ ხადური.

20 დეკემბრის ღამე ალექსანდრეს ბაღში გაშლილ კარავში გაათენა 61 წლის დარეჯან ანიაშვილმა. ის მეტრო „რკინიგზის სადგურში“ ცხოვრობს. მე და ზაური სადგურში მეზობლად ვცხოვრობთ და ერთმანეთს ვეხმარებითო, მეუბნება ის. სიცივისაგან გაყინულ თითებს გაცვეთილი ქურთუკის სახელოებში მალავს:

”მეხუთე თვე დაიწყო, ბინა არ მაქვს და ქუჩაში ვცხოვრობ. მეტრო „რკინიგზის სადგურში“ მოვიდნენ ახალგაზრდები და გაგვაგებინეს ამ კარვის ამბავი, გვირჩიეს, რომ აქ წამოვსულიყავით”, - ამბობს დარეჯან ანიაშვილი.
დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა ხალხი როგორ არის და პირადად მომეტანა თბილი ტანსაცმელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ კარავში იცხოვრებენ ...

კარავი, რომელიც ალექსანდრეს ბაღში 19 დეკემბერს გაიშალა, სამოქალაქო აქტივისტებს საერთაშორისო ორგანიზაციამ ”World Vision საქართველომ” გადასცა. ნანა ბერძენიშვილი,ორგანიზაციის წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმედს გამოთქვამს, რომ მოხალისე ახალგაზრდების ინიციატივას, დაეხმარონ უსახლკაროებს, მეტი მხარდამჭერი გამოუჩნდება. როგორც ნანა ამბობს, საჭიროების შემთხვევაში, ალექსანდრეს ბაღში მეორე კარავიც გაიშლება:

”დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა ხალხი როგორ არის და პირადად მომეტანა თბილი ტანსაცმელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ კარავში იცხოვრებენ. ეს არის ახალგაზრდების მიერ ინიცირებული აქცია და ეს არის კიდევ ერთი ნიშანი ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა”.

გასულ ზამთარს საქართველოში ყინვას ორი უსახლკარო ადამიანი ემსხვერპლა. დაფიქსირდა მოყინვის არაერთი შემთხვევა, რის გამოც კიდურების ამპუტაცია გახდა საჭირო. მას შემდეგ, რაც ყინვას მსხვერპლი მოჰყვა, 2012 წლის თებერვალში, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში არსებული სასადილოები დროებით ტრანსფორმირდა და უსახლკაროებს იქ ღამის გათენების საშუალება მიეცათ. მაშინ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა კაცარავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ”გადაწყვეტილების მიღება არასდროს არის გვიან”. მიუხედავად მძიმე კლიმატური პირობებისა, როგორც მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, ამ ეტაპზე უსახლკარო ადამიანების დასახმარებლად თბილისის მერია არანაირ კონკრეტულ ღონისძიებას არ გეგმავს და, შესაბამისად, კომენტარის გაკეთების აუცილებლობაც არ არსებობს.

რაც შეეხება ამინდს, როგორც ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მიუხედავად მცირედ აწეული ტემპერატურისა, უახლოესი 10 დღის განმავლობაში კვლავაც ნალექი და ყინვაა ნავარაუდევი:

”ღამით ისევ ყინვები უნდა გაძლიერდეს. 27 დეკემბერს - 5, - 6 გრადუსი ყინვა იქნება. ასეთივე ყინვები იქნება 28 და 29 დეკემბერს. მომდევნო დღეები უნალექო, მაგრამ ყინვიანი ამინდი იქნება”.

აქციის ორგანიზატორები მოსახლეობას თანადგომისაკენ მოუწოდებენ და, გარდა ტანსაცმლით, საკვებითა და შეშით დახმარებისა, სთხოვენ გაავრცელონ ინფორმაცია ალექსანდრეს ბაღში გაშლილი კარვის შესახებ - იმ კარვის შესახებ, რომელიც უსახლკაროებს ყინვების გადატანაში დაეხმარება.
XS
SM
MD
LG