Accessibility links

მუქარის შემცველი ვიდეორგოლები, რომლებიც თალიბანის სახელით გავრცელდა ინტერნეტსივრცეში გასულ კვირაში, შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების მიზეზად იქცა. სახელდება კონკრეტული გვარებიც. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ გამოძიებას ”გაწელილს” უწოდებს ”ნაციონალური მოძრაობა” და ის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

”არსებობს ვიდეოს წარმომავლობის არაერთი ვერსია და გამოძიების დასრულებამდე ცალსახად არ შემიძლია იმის თქმა, მართლაც თალიბების მიერ არის გავრცელებული თუ არა”, - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაზეთ ”ასავალ-დასავალთან” საუბრისას და იქვე გამოთქვამს იმედს, რომ სიმართლე რამდენიმე დღეში დადგინდება, რადგანაც გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და ქართულ მხარესთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც აქტიურობენ.

პროცესში უცხოელი პარტნიორების ჩართვაზე რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტი სააკაშვილიც ლაპარაკობდა. 8 ივნისს მან თქვა, რომ ვიდეოების ექსპერტიზის თხოვნით მან ნატოს გენერალურ მდივანს მიმართა და ასევე აშშ-ის ელჩსაც სთხოვა, რომ პროცესში ფედერალური გამოძიების ბიუროს ექსპერტები ჩართულიყვნენ. თუმცა 10 ივნისს ”ნაციონალური მოძრაობა” უკვე პროცესისადმი უნდობლობაზე ალაპარაკდა. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გივი თარგამაძემ აღნიშნა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გაჭიანურებული პროცესი საპარლამენტო აქტიურობამ უნდა ჩაანაცვლოს:

ჩემი აზრით, არ არის ეს იმ დონის საქმე, რომ საპარლამენტო კომისია შეიქმნას. გაცილებით მეტი პრობლემაა და გაცილებით მეტი დანაშაულია მომხდარი...
”გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს უკვე საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამოძიება მიდის ხელისუფლებისთვის არასასურველი მიმართულებით და არასასურველ პიროვნებებზე გადის და ამის გამო იწელება... გამოძიებას არ ვენდობი და, როგორც დეპუტატი, მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს მოთხოვნით, რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და პარლამენტში დეპუტატებმა გამოვიძიოთ ეს საკითხი საფუძვლიანად”.

გივი თარგამაძეს ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიუღია და სავარაუდოა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა-არშექმნის საკითხის გარშემო მსჯელობას მიმდინარე კვირაში პარლამენტის სხდომაზეც მოვისმენთ. თუმცა საგამოძიებო პროცესში პარლამენტის ჩართვა სრულიად ზედმეტად მიაჩნია ექსპერტს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების გადამდგარ პოლკოვნიკ ბესიკ ალადაშვილს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ ენდონ და არ დაელოდონ ამჟამად მიმდინარე გამოძიებას:

”ჩემი აზრით, არ არის ეს იმ დონის საქმე, რომ საპარლამენტო კომისია შეიქმნას. გაცილებით მეტი პრობლემაა და გაცილებით მეტი დანაშაულია მომხდარი, რაზეც პირველ რიგში უნდა იზრუნოს საკანონმდებლო ორგანომ. ეს, ჩემი აზრით, სავსებით ხელეწიფება შინაგან საქმეთა სამინისტროს და, როგორც ცნობილია, ჩვენი პარტნიორი, მეგობარი ქვეყნებიც ჩართული არიან. ეს სავსებით საკმარისია”.

ვის სძულს ყველაზე მეტად პრეზიდენტი და მისი გუნდი? ეს სიძულვილი უნდა მოიკითხოთ “ქართული ოცნების” რიგებში (ბუნებრივია, ყველას არ ვგულისხმობ)... და ვის ხელეწიფება ასეთი ტიპის კლიპების დამზადება...
ბესიკ ალადაშვილს დაუშვებლად მიაჩნია, რომ გამოძიების დასრულებამდე აქტიურად იშვერენ ხელს ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ”ქართული ოცნებისკენ” და რომ კონკრეტულ გვარებსაც კი ასახელებენ. ასე დასახელებულ ეჭვმიტანილებს შორის ფიგურირებს მთავრობის კანცელარიის წარმომადგენელი, ყოფილი ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი. ”ნაციონალურ მოძრაობას”, უკვე არც გამოძიების გარეშე ეპარება ეჭვი, რომ თალიბანის სახელით ვიდეოების შექმნისა და გამოქვეყნების მოტივაცია მხოლოდ ”ქართულ ოცნებას” ჰქონდა. გავიხსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეორგოლებში ისმის მუქარა ქართველი ჯარისკაცების, ქართველი ხალხისა და კონკრეტულად პრეზიდენტ სააკაშვილის მისამართით, რომ თალიბანი შურს იძიებს ქართული სამხედრო კონტინგენტის ავღანეთში ბრძოლის გამო. სავარაუდო კონკრეტულ დამნაშავეზე 10 ივნისს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმაც ილაპარაკა:

”ვის სძულს ყველაზე მეტად პრეზიდენტი და მისი გუნდი? ეს სიძულვილი უნდა მოიკითხოთ “ქართული ოცნების” რიგებში (ბუნებრივია, ყველას არ ვგულისხმობ)... და ვის ხელეწიფება ასეთი ტიპის კლიპების დამზადება, ვინ არის ჩართული პიარტექნოლოგიებში - ჯერ შევარდნაძის დროს, შემდეგ ივანიშვილის კარზე? ეს საკმაოდ შეზღუდული წრეა და ერთ-ერთ წამყვან ადგილზე იქ არის ყანდიაშვილი”.

დავით დარჩიაშვილისა და სხვათა მსგავს განცხადებებს ”ბოდვად” მიიჩნევს თავად ეჭვმიტანილად დასახელებული კოკა ყანდიაშვილი, რომელიც თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეოებს სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ”ვიდეოსაძაგლობას” უწოდებს. ამასთან, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ყანდიაშვილი აღნიშნავს, რომ ვიდეორგოლების შემქმნელად და გამავრცელებლად იკვეთება პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, "მოდელირებული ქრონიკის" ერთ-ერთი შემქმნელი, გიორგი არველაძის გუნდიდან”.

ამ განცხადებას ოდნავ მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ”შევარდნაძისდროინდელი კადრის”, ამჟამად ოფიციალური პირის კოკა ყანდიაშვილის უსაფუძვლო სიტყვები საზოგადოების მოტყუებას ისახავს მიზნად.
XS
SM
MD
LG