Accessibility links

logo-print

უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა ნატოს სამიტამდე ერთი თვით ადრე


უშიშროების საბჭოს სხდომა

უშიშროების საბჭოს სხდომა

ნატოს უელსის სამიტისათვის მზადება იყო 1 აგვისტოს მთავრობის კანცელარიაში გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს პირველი სხდომის მთავარი თემა. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოიწვია, რომელიც ნატოს სამიტზე ქვეყნის დელეგაციას უხელმძღვანელებს. შეკრებაზე ელოდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც, თუმცა ის სხდომას არ დაესწრო. რა ინფორმაცია მოისმინა უშიშროების საბჭომ სამიტამდე ერთი თვით ადრე და

რა ნაბიჯების გადადგმს გეგმავს ქვეყანა დარჩენილ მოსამზადებელ პერიოდში?

უშიშროების საბჭოს ორსაათიანი სხდომის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის სხდომის შედეგებით კმაყოფილია და მთავრობის მიერ ნატოს სამიტისათვის ჩატარებული სამუშაო იმედს იძლევა, რომ უელსიდან საქართველოს დელეგაცია სასურველი შედეგებით დაბრუნდება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ კი 1 აგვისტოს მედიასთან საუბარში შენიშნა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელიც ნატოს უელსის სამიტს მიეძღვნა, ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა. იმის შესახებ, თუ რა მოლოდინით მიდის სექტემბერში საქართველოს დელეგაცია ნატოს სამიტზე და რა გააკეთა საქართველოს მთავრობამ, უშიშროების საბჭოს წინაშე მოხსენებებით თავად მაია ფანჯიკიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ნატოში საქართველოს ელჩი ლევან დოლიძე წარდგნენ.

პრემიერი არ დაესწრო სხდომას, რადგან მთავრობამ ამ მიმართულებით ყველანაირი სამუშაო ჩაატარა და ჩვენ მივაწვდით პრეზიდენტს ინფორმაციას ამის თაობაზე. როგორც იცით, მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, რომ ნატოს სამიტზე საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს პრეზიდენტი...

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, მათ დეტალურად განიხილეს საქართველოსათვის შემოთავაზებული პაკეტი. მისივე სიტყვებით, სექტემბერში დაგეგმილ სამიტამდე საქართველომ მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოიყენოს დარჩენილი დრო.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში არაერთი ვიზიტი განხორციელდა, სამიტისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში ჩართული იყო უწყებათშორისი ჯგუფიც, თუმცა რჩება უახლოეს პერიოდში გადასადგმელი სხვა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა შესახებ ინფორმაციას უშიშროების საბჭო უნდა ფლობდეს. სწორედ ამ საკითხებს შეეხებოდა მისი მოხსენებაც.

შეკითხვას, თუ რატომ არ მივიდა პრემიერი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს პირველ სხდომაზე, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა:

„პრემიერი არ დაესწრო სხდომას, რადგან მთავრობამ ამ მიმართულებით ყველანაირი სამუშაო ჩაატარა და ჩვენ მივაწვდით პრეზიდენტს ინფორმაციას ამის თაობაზე. როგორც იცით, მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, რომ ნატოს სამიტზე საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს პრეზიდენტი. უშიშროების ეს საბჭო კი, რომელიც ძველი კონსტიტუციით არსებული ფორმატით მუშაობს, სექტემბერში შეიცვლება და სხვა სახე ექნება“.

უელსის სამიტი არ შეეხება გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP), არამედ ის შეეხება მეტ მხარდაჭერას, რომ საქართველო უფრო დაუახლოვდეს ნატოს. ეს იქნება არსებითი პაკეტი...

რისი იმედი უნდა ჰქონდეს საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უელსის სამიტზე? ამ შეკითხვას ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ჯერ კიდევ 25 ივნისს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გასცა პასუხი, როდესაც განაცხადა, რომ საქართველო აღარ უნდა მოელოდეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის - MAP-ის - მიღებას და რომ საქართველო ამ ეტაპზე ე.წ. ”არსებით პაკეტს” მიიღებს. თავად რასმუსენმა ნატოში საქართველოს მომავალზე მხოლოდ ის თქვა, რომ ნატოს კარი ღია რჩება და, ასევე, კვლავაც ძალაშია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

”უელსის სამიტი არ შეეხება გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP), არამედ ის შეეხება მეტ მხარდაჭერას, რომ საქართველო უფრო დაუახლოვდეს ნატოს. ეს იქნება არსებითი პაკეტი და ჩვენ ამ პაკეტზე ვიმუშავებთ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის პროცესში - ამ წუთიდან სამიტამდე“.

რას გულისხმობს კონკრეტულად „არსებითი პაკეტი“, რომელსაც ნატო საქართველოს უელსის სამიტზე შესთავაზებს, უცნობია, თუმცა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ იმედი გამოთქვა, რომ ნატოს უელსის სამიტი შეთანხმდება შემდეგ საფეხურებზე: „მეტი ნატო საქართველოში, მეტი საქართველო ნატოს განხილვებსა და წვრთნებში“.

1 აგვისტოს უშიშროების სხდომაზე, ნატოს უელსის სამიტის გარდა, ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტის შემცირების საკითხზეც იმსჯელეს. როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, საუბარია იმაზე, რომ მომავალი წლიდან ავღანეთში მყოფი 1600 ქართველი ჯარისკაცის ნაცვლად ადგილზე 750-მა ჯარისკაცმა იმსახუროს, თუმცა ამ გადაწყვეტილების მისაღებად უშიშროების საბჭოს პარლამენტის თანხმობა დასჭირდება.

XS
SM
MD
LG