Accessibility links

ირანმა და მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა ქვეყანამ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს ყოვლისმომცველ შეთანხმებას, რაც, აშშ-ის თანახმად, „ყოველგვარ გზას უჭრის“ თეირანს ატომური ბომბის შესაქმნელად. ჩარჩო-შეთანხმება სახიფათოდ მიაჩნია ისრაელს, რომლის აზრითაც, თეირანი უარს არ იტყვის თავის უმთავრეს მიზანზე, ირანის უზენაესი ლიდერის წარმომადგენელმა კი ლოზანაში მიღწეულ შეთანხმებას ირანისათვის საზიანო უწოდა.

საერთაშორისოს ჩარჩო-შეთანხმება, ირანის ბირთვული პროგრამის მნიშვნელოვანი შეზღუდვის სანაცვლოდ, აშშ-ის, ევროკავშირისა და გაეროს მიერ დაწესებული სანქციების ეტაპობრივ შემცირებას ითვალისწინებს. ირანი, კერძოდ, თანხმდება, 15 წლის განმავლობაში არ ააშენოს ახალი ატომური რეაქტორი, ხოლო გამდიდრებული ურანის მარაგები ან გააზავოს, ანდა გაყიდოს საერთაშორისო ბაზარზე.

როგორც ატომის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების წევრს, ირანს, არასოდეს მიეცემა უფლება შექმნას ატომური იარაღი...

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეულ შეთანხმებას მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა, რომლის თქმითაც, შეთანხმება თეირანს „ყოველგვარ გზას მოუჭრის“ ატომური ბომბის შესაქმნელად.

„ეს იქნება გრძელვადიანი კონტრაქტი, რაც ირანის მიერ ატომური ბომბის შექმნის ყველა პოტენციურ შესაძლებლობას შეეხება. იგი ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის მკაცრ შეზღუდვას ათი წლის განმავლობაში, ხოლო, დამატებით, 15-წლიანი შეზღუდვები დაუწესდება ბირთვული მასალების ახალი რეაქტორებისა და საცავების მშენებლობას. 20 და მეტი წლით გაგრძელდება უპრეცედენტოდ გამჭვირვალე ზომები, ზოგიერთი მათგანი კი, ცხადია, პერმანენტული იქნება და, როგორც ატომის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების წევრს, ირანს, არასოდეს მიეცემა უფლება შექმნას ატომური იარაღი“, განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2 აპრილს თეთრი სახლიდან გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში.

ირანი და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა შეთანხმდნენ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ყოვლისმომცველი ხელშეკრულების „საკვანძო პარამეტრებზე“. ამის შესახებ ცნობილი გახდა 2 აპრილის საღამოს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართულ ბრიფინგზე. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ წაიკითხა ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმადაც, 2 აპრილს მიღწეული „ურთიერთგაგება“ არის გადამწყვეტი ნაბიჯი ირანის ბირთვული პროგრამის შესაზღუდად. ამ შეზღუდვის სანაცვლოდ, თეირანს შეუმსუბუქდება მისთვის დაწესებული სანქციები.

ფედერიკა მოგერინი

ფედერიკა მოგერინი

„დღეს გადავდგით გადამწყვეტი ნაბიჯი. მივაღწიეთ ურთიერთგაგებას ერთობლივი, ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის საკვანძო პარამეტრებზე. ეს შესაძლებელი გახადა ყველა მხარის პოლიტიკურმა მისწრაფებამ, კეთილმა ნებამ და მძიმე შრომამ“, - განაცხადა ლოზანაში გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერმა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამად ჯავად ზარიფის განმარტებით, ირანი და ექვსეული - აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი - ჯერ არ მისულან საბოლოო მიზნამდე. მისი თქმით, საბოლოო ყოვლისმომცველი ხელშეკრულებით, გაუქმდებაგაეროს უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუცია, რომელიც აწესებს სანქციებს ირანის წინააღმდეგ.

თუმცა ჩარჩო-შეთანხმებას სახიფათოს უწოდებს ისრაელი, რომლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ რეგევმა 3 აპრილს განაცხადა, რომ ირანის ერთადერთ მიზანს ამ შეთანხმების გვერდის ავლით საკუთარი ატომური იარაღის შექმნა წარმოადგენს. ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ერთ-ერთმა მრჩეველმა კი მკაცრად გააკრიტიკა ლოზანაში თეირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას შორის მიღწეული ჩარჩო-შეთანხმება.

„ირანმა დოღისათვის გამზადებული ცხენი გახეულ აღვირში გაცვალა", - ასე შეაფასა შეთანხმება ჰუსეინ შარაიათამადარმა, რომლის სიტყვებითაც, ჩარჩო-შეთანხმება დარტყმას მიაყენებს ირანის ბირთვულ პროგრამას.

თუმცა ირანის სასულიერო ელიტის ერთ-ერთმა მაღალმა წარმომადგენელმა პარასკევის ლოცვის შემდეგ აღნიშნა, რომ აიათოლა ალი ხამენეი მხარს უჭერს მოლაპარაკებებში მონაწილე ირანის დელეგაციას. 3 აპრილს, თეირანის უნივერსიტეტში გამოსვლის დროს, აიათოლა მოჰამედ ემამი კაშანიმ ბირთვული პროგრამის თაობაზე საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციის წევრებს „მტკიცე, ბრძენი და მშვიდი“ ხალხი უწოდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG