Accessibility links

logo-print
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გალერეა „არტ-ავენიუში“, „ქალთა ფონდის“ ინიციატივით, დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა, სახელწოდებით ”უთქმელი ისტორიები”. ფილმი მე-19-მე-20 საუკუნეებში მცხოვრები სამი ქალის ფემინისტურ მოღვაწეობას ეძღვნება. როგორც ფილმის ავტორები - ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრები - ამბობენ, მათი მიზანი იყო საზოგადოებისათვის ქართველი ქალების უცნობი ფემინისტური მემკვიდრეობა ეჩვენებინათ.

”მინდა მოგიყვეთ ბარბარე ჯორჯაძეზე, როგორც პირველ ფემინისტ ქალზე საქართველოში” - ასე იწყება დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით ”უთქმელი ისტორიები”, რომელიც მე-19 საუკუნის სამი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და ფემინისტის - ბარბარე ჯორჯაძის, ეკატერინე გაბაშვილისა და კატო მიქელაძის - ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება და რომელიც ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრებმა მათ მშობლიურ კუთხეებში გადაიღეს.

მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის მიჯნაზე მოღვაწე ქალების ფემინისტური აქტივობის მოკვლევა ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრებმა ბაია პატარაიამ, ნინო ხარჩილავამ და თამთა მელაშვილმა გადაწყვიტეს. ბაიამ ზურგჩანთა მოიკიდა, ნინომ ფოტოაპარატი მოიმარჯვა, თამთამ სამგზავრო ტრანსპორტად ველოსიპედი შეარჩია და 100 წლის წინანდელი ფემინისტი ქალების კვალს დაადგნენ, მათი მოგზაურობა კი ფილმის რეჟისორმა და ოპერატორმა სალომე საღარაძემ გადაიღო. სალომემ მითხრა:
ეს ქალი იყო ძალიან თამამი ქალი, რადგან იმ დროში, რასაც ის აკეთებდა, ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო. ფილმში ჩანს და ირკვევა, რომ ილია ჭავჭავაძე ძალიან მტრულად და შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდა ბარბარეს...

”ამ ფილმის გადაღებას რომ ვაპირებდით და ჩემს მეგობარს რომ ვუთხარი, ფილმს ვიღებ ეკატერინე გაბაშვილზე, რომელიც ფემინისტი იყო -მეთქი, ჩემმა მეგობარმა მითხრა, არ მჯერა, რომ გაბაშვილი ფემინისტი იყოო. მე გავაკეთე ფილმი იმ პირობით, რომ მას ამას დავუმტკიცებდი. თუკი ფილმს უყურებ, აუცილებლად მიხვდები, რომ გაბაშვილიც, ჯორჯაძეცა და მიქელაძეც ფემინისტები იყვნენ”.

ბარბარე ჯორჯაძის ამბავს ფილმში, სახელწოდებით ”უთქმელი ისტორიები”, ბაია პატარაია ჰყვება. ის ფილმის იდეის ავტორიცაა. მიუხედავად იმისა, რომ ბარბარე ჯორჯაძე ლექსებსაც წერდა, პიესებსაც და პუბლიცისტურ წერილებსაც, მას საზოგადოების ფართო წრე მაინც მისი კულინარიული წიგნით იცნობს. ბაიამ ფილმში ბარბარეს სულ სხვა გატაცებაზე გააკეთა აქცენტი:

”ეს ქალი იყო ძალიან თამამი ქალი, რადგან იმ დროში, რასაც ის აკეთებდა, ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო. ფილმში ჩანს და ირკვევა, რომ ილია ჭავჭავაძე ძალიან მტრულად და შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდა ბარბარეს და უწოდებდა მას ქალს, რომელსაც შინიდან ფეხი არ გაუდგამს, რომ მისი შემოქმედება ხელოსნობაა და არა ხელოვნება, მაგრამ ეს ქალი მას პასუხობდა. კი არ დაითრგუნა და ჩაიკეტა, პირიქით, ჰქონდა მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია და იმ პერიოდში რეალურად იყო ერთადერთი ქალი, რომელიც პუბლიცისტურ კამათში ებმებოდა”, - ამბობს ბაია.

ბარბარე ჯორჯაძე 12 წლის გაათხოვეს. მას წერა-კითხვა ძიძამ შეასწავლა და ამის მეტი განათლება მას არც მიუღია, თუმცა ბაია პატარაია ამბობს, რომ ბარბარე ჯორჯაძის წერილი ”ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ” სამართლიანად შეიძლება ჩავთვალოთ ქართული ფემინიზმის მანიფესტად”. აი, რას წერს ბარბარე:

”პირველიდანვე დაწყებული, ყოველი კაცი დედაკაცების გაკილვაში ყოფილა და არის. ყოველი ბრალეულობა ქალს მიაწერეს და დიდად ცდილობდენ ეს თავისი ამხანაგი ყოველი გზით დაეცათ და დაემდაბლებინათ. სიყრმიდანვე ჩასძახოდენ, “შენ რადგან შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს: ხმაგაკმენდილი, ჩუმად იყო, არავის შეჰხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშე, თვალები დახუჭე და იჯექ. ბუზმა რომ თვალები ამოგჩიჩქნოს, ხელი არ გაანძრიო, სწავლა და სხვა ენებით განათლება რა შენი საქმეაო”.
ადამიანი დაბადებულია იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს, ბედნიერი და სრულყოფილი ცხოვრება კი თავისუფალი სიყვარულის გარეშე არ არსებობს. სჯულად ქცეულ ტრადიციას, ცრურწმენებსა და კულტურულ ჩაკეტილობას ადამიანისთვის უბედურების გარდა არაფერი მოაქვს...

ფილმის მეორე გმირი ეკატერინე გაბაშვილია. მის ამბავს ნინო ხარჩილავა ჰყვება. ეკატერინე გაბაშვილზე ხშირად საუბრობენ, როგორც საზოგადო მოღვაწესა და საბავშვო მწერალზე, მაგრამ მას, როგორც ფემინისტს, იშვიათად მოიხსენიებენ - ასე იწყებს ეკატერინე გაბაშვილზე საუბარს ნინო. მომავალი მწერალი გორში დაიბადა, განათლება თბილისში მიიღო, 17 წლისამ კი მასწავლებლობა დაიწყო. სწორედ ეკატერინე გაბაშვილმა გახსნა ქალთა პირველი სკოლა გორში. ეკატერინეს 11 შვილი ჰყავდა და ის წერდა:

”მე იმ ვიწრო კედლებს შუა, რომლებსაც ოჯახის დიასახლისობას უძახიან და რომელიც შთანთქავს ხშირად დედაკაცის სულიერ არსებობას, პატარა ჭუჭრუტანა გავუკეთე და იქედან მუდამ ყურს ვუგდებდი და თვალს ვადევნებდი ჩემი ქვეყნის საზოგადო ზრდასა და მსვლელობას”.

ეკატერინე გაბაშვილის ფემინიზმზე დუმან. დუმილია იმაზეც, რომ ის თავისუფალი სიყვარულის მომხრე იყო, ამბობს ნინო ხარჩილავა ფილმში და საკუთარ ბლოკნოტში ჩანიშნულ ერთ ციტატას კითხულობს, რომელიც ეკატერინე გაბაშვილს ეკუთვნის:

”ადამიანი დაბადებულია იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს, ბედნიერი და სრულყოფილი ცხოვრება კი თავისუფალი სიყვარულის გარეშე არ არსებობს. სჯულად ქცეულ ტრადიციას, ცრურწმენებსა და კულტურულ ჩაკეტილობას ადამიანისთვის უბედურების გარდა არაფერი მოაქვს“.

მხატვარ ლევან ჭოღოშვილის დედა, მზია ანდრონიკაშვილი, ეკატერინე გაბაშვილის შვილიშვილი იყო. ლევანი ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟია. ახსოვს, როგორ უყვებოდა დედა ბებიის ამბებს, განსაკუთრებით კი ერთი ისტორია დაამახსოვრდა. ეკატერინეს ძალიან მკაცრი ბებია ჰყოლია. ერთ დღეს ეკატერინეს დაუნახავს, თუ როგორ დასაჯა ბებიამ მის მამულში მომუშავე გლეხი:

”და, თურმე, ჩაირბინა ეზოში და უკბინა და საშინელი ბრძოლა გაუმართა. ეს იყო მისი პირველი გამოსარჩლება იმ ადამიანებისადმი, რომელთაც უჭირთ. როგორც ჩანს, მას თავიდანვე ჰქონია ბუნებაში გაჭირვებული ადამიანების დაცვა”, - ამბობს ლევან ჭოღოშვილი.

ეკატერინე გაბაშვილის ყველაზე ცნობილი მოთხრობის - ”მაგდანას ლურჯას” -მთავარი გმირი, მაგდანა, იყო ქალთა უფლებების ერთ-ერთი პირველი დამცველი საქართველოში, ამბობს ლევან ჭოღოშვილი ფილმის ავტორებთან საუბრისას:

”როდესაც მე ჩემს უცხოელ სტუმრებს ვეუბნები ხოლმე, რომ ბებიაჩემმა დაწერა ნოველა, რომლის მიხედვითაც, პირველი საბჭოთა ფილმი გახდა კანის ფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი, ყოველთვის ვუსვამ ხაზს, რომ ის იყო ქალთა უფლებების პირველი დამცველი”, - ამბობს ლევან ჭოღოშვილი, ეკატერინე გაბაშვილის ერთ-ერთი შთამომავალი.

მოთხრობა არაჩვეულებრივ მოტივაციას გაძლევს, რომ იყო ძლიერი და ებრძოდე უთანასწორობას, ამბობს ნინო ხარჩილავა და ფილმის საშუალებით მოუწოდებს მაყურებელს:

”წაიკითხეთ თავიდან! ”მაგდანას ლურჯა” ფემინისტური ტექსტია!”
ფილმის მთავარი გმირები იყვნენ პირველები ჩვენს ისტორიაში და ძალიან მნიშვნელოვანია მათი არსებობა ჩვენს ისტორიაში, რადგან მათ პირველებმა დაიწყეს ტაბუების რღვევა...

ფილმის მესამე პერსონაჟი, კატო მიქელაძე, საზოგადოებისათვის ყველაზე ნაკლებად არის ცნობილი. ის 1878 წელს ქუთაისის მაზრაში დაიბადა. 900-იანი წლების დასაწყისიდან კატო საცხოვრებლად და სამუშაოდ ჯერ გორში, შემდეგ ცხინვალში გადადის. გორში მან ბიბლიოთეკა დააარსა, ცხინვალში კი ის მესამედასელებს დაუახლოვდა და რევოლუციურ საქმიანობაში ჩაება. საიდუმლო ჯგუფი, რომელშიც კატო მიქელაძე გაერთიანდა, ძირითადად არალეგალური ლიტერატურის გავრცელებით იყო დაკავებული. მან განათლება საფრანგეთში მიიღო. კატო მიქელაძის ამბავს ფილმში თამთა მელაშვილი ჰყვება. თამთა ფილმის სცენარისტიცაა. როგორც თამთა ჰყვება, კატო სწორედ პარიზში ცხოვრებისას გაეცნო ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას. ის საქართველოში 1916 წელს დაბრუნდა და მაშინვე დაიწყო ფემინისტური აქტიურობა და თანამოაზრეების შემოკრება. 1917 წელს კი მისი ინიციატივით გამოვიდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ფემინისტური გაზეთი საქართველოში ”ხმა ქართველი ქალისა”. თამთა ამბობს, რომ გაზეთი, რომელიც თითქმის ერთი საუკუნის წინ გამოდიოდა, ყველა იმ თემას აშუქებდა, რომელიც ქალებისათვის დღესაც აქტუალურია:

”ოჯახური ძალადობა, პროსტიტუცია, ქალების პოლიტიკური აქტივობა, უსაფრთხო სექსუალური ცხოვრება - ამ საკითხებზე წერდნენ ქალები 100 წლის წინ, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ფემინიზმი არ არის მხოლოდ დასავლურ-ბურჟუაზიული მოვლენა და მას აქვს თავისი ქართული ფესვები. ანუ ჩვენ, დღევანდელ ფემინისტებს საქართველოში, გვყავს წინამორბედები. დღესაც იგივე თემებია ქალებისთვის აქტუალური, რაც მაშინ იყო და ეს ცოტათი სევდის მომგვრელია, რადგან ისეთი შეგრძნება ჩნდება, თითქოს არაფერი შეცვლილა. მაგრამ ამას ყველაფერს აქვს მეორე, კარგი მხარე, ის, რომ ჯერ კიდევ 100 წლის წინ საქართველოში არსებობდნენ ისეთი მაგარი გოგოები, რომლებიც ასე წერდნენ, ასე აზროვნებდნენ და ასეთი ფემინისტები იყვნენ”.

ფილმი ”უთქმელი ისტორიები” საქართველოში არსებული „ქალთა ფონდის” მხარდაჭერით შეიქმნა და ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვება მოიპოვა. ფილმის პრეზენტაცია ორგანიზატორებმა 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, დაამთხვიეს - დღეს, რომელსაც ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ნანა ფანცულაიას თქმით, საბჭოთა კავშირმა მძიმე სტერეოტიპი დაადო. როგორც ნანა ამბობს, მათი სურვილია, რომ საზოგადოებამ სხვა 8 მარტი დაინახოს.

”ფილმის მთავარი გმირები იყვნენ პირველები ჩვენს ისტორიაში და ძალიან მნიშვნელოვანია მათი არსებობა ჩვენს ისტორიაში, რადგან მათ პირველებმა დაიწყეს ტაბუების რღვევა. არ ეყვარები არასდროს არავის, თუ შენ სტერეოტიპს ანგრევ, თუ შენ ამბობ, რომ ტაბუ ცუდია, რომ რაღაც ცუდი ტრადიციაა და ის შენ გთრგუნავს... და ეს ფემინისტების ხვედრია. ჩვენ არ ვუყვარვართ, მაგრამ ეს ჩვენ ძალიან დიდ ძალას გვაძლევს”, - ამბობს ნანა ფანცულაია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG