Accessibility links

logo-print

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონის განხილვას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს. კანონპროექტის ინიციატორი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა. კანონპროექტის მიზანი საქართველოში არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ასევე უცხოეთში საქართველოს მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვაა, თუმცა ადგილობრივი დამსაქმებლები კანონის სულისკვეთებას არ იზიარებენ და მიიჩნევენ, რომ ის ხელს შეუშლის საინვესტიციო გარემოს განვითარებას. რას ითვალისწინებს კანონი და რა ხარვეზებს ხედავენ მასში ოპონენტები?

კანონის იმ რედაქციით მიღების შემთხვევაში, როგორადაც ის ორმა საპარლამენტო კომიტეტმა უკვე განიხილა, დამსაქმებლებს სამსახურში უცხო ქვეყნის მოქალაქის აყვანა შეეზღუდებათ. დამსაქმებელი ვალდებული იქნება არსებული ვაკანსიის თაობაზე ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს. თუ ადმინისტრაციული ორგანო 7 დღის განმავლობაში ვერ მოიძიებს დასაქმების მსურველთა სახელმწიფო ბაზაში ვაკანტური ადგილის შესაფერისი კვალიფიკაციის კადრს, მაშინ დამსაქმებელს უფლება ექნება უცხო ქვეყნის მოქალაქე დაასაქმოს.

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი მიხეილ კორძახია კანონპროექტის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი. ის ორ მთავარ საკითხს გამოყოფს: ერთი, რომ დამსაქმებელი იძულებული იქნება საჯარო ვაკანსია ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების მსურველთა ბაზაში გაგზავნოს, რომლის მისამართია www.worknet.gov.ge, და არა ვაკანსიების კერძო საიტებზე. და, მეორე, დამსაქმებელს უჩნდება ვალდებულება დაასაბუთოს, თუ რატომ უთხრა უარი სამუშაოს მაძიებელს. რამდენჯერმე უარის თქმის შემთხვევაში, მიხეილ კორძახიას სიტყვებით, შესაძლოა დამსაქმებლის კეთილსინდისიერების საკითხიც დაისვას, რაც ბიზნესს პრობლემებს შეუქმნის:

„ნებისმიერი მცირე მეწარმეც კი, რომელიც შესაძლოა საერთოდ არანაირ კავშირში არ იყოს უცხოელებთან, მაგრამ მის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე შეიძლება პოტენციურად რომელიმე უცხოელმა მიაკითხოს, ამ შემთხევვაში მე წარმომეშვება ვალდებულება, რომ მე მას ვერ დავასაქმებ, რომც აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს, თუ არ გავიარე ჯანდაცვის სტრუქტურები. გამოდის, ფაქტობრივად, ის, რომ დაიმალება ვაკანსიები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება ქვეყანა მაშინ, როცა გაჟღერდება, რომ მსგავსი რეგულაციები და ხარვეზიანი რეგულაციები ამოქმედდა, და ეს განსაკუთრებით საინვესტიციო პოლიტიკისთვის იქნება ცუდი“.

თუნდაც დაერქვას ამას ადილობრივი სამუშაო ძალისთვის პრიორიტეტის მინიჭება, თუკი დამსაქმებლისთვის წარმოდგენილი კანდიდატურა იმ უნარებსაც აკმაყოფილებს, რაც არის ვაკანსიის ფარგლებში წარმოდგენილი, მე აქ საშიშროებას ნამდვილად ვერ ვხედავ...

​მიხეილ კორძახიას თქმით, პრობლემას ისიც ქმნის, რომ ჯერ კანონპროექტი არაფერს ამბობს დასაბუთებული უარის თაობაზე, ანუ რა კრიტერიუმები შეიძლება ჩაითვალოს დასაბუთებულ უარად.

ცვლილებები არ შეეხებათ უცხოეთის იმ მოქალაქეებს, რომელთაც საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება აქვთ, ასევე საინვესტიციო ბინადრობის უფლების მქონე პირებს, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე პირებსდა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებს.

როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ელზა ჯგერენაია ამბობს, კანონის მიხედვით, ასევე არ იზღუდება უცხოელის დასაქმება სეზონურ სამუშაოებზე, მაგრამ თანაბარი კვალიფიკაციის კადრებს შორის არჩევანი რომ საქართველოს მოქალაქეებზე გაკეთდეს, ამაშიელზა ჯგერენაია ცუდს ვერაფერს ხედავს:

„თანაბარი კვალიფიკაციის შემთხვევაში, სახელმწიფომ რომ იზრუნოს ადგილობრივ შრომის ბაზარზე და დაასაქმოს და შესთავაზოს მეტი შესაძლებლობა და თუნდაც დაერქვას ამას ადილობრივი სამუშაო ძალისთვის პრიორიტეტის მინიჭება, თუკი დამსაქმებლისთვის წარმოდგენილი კანდიდატურა იმ უნარებსაც აკმაყოფილებს, რაც არის ვაკანსიის ფარგლებში წარმოდგენილი, მე აქ საშიშროებას ნამდვილად ვერ ვხედავ“.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული შრომითი მიგრაციის შესახებ კანონის მიზნებზე საუბრისას ელზა ჯგერენაია ამბობს, რომ ის ხელს შეუწყობს ქვეყანაში ლეგალური შრომითი მიგრაციის განვითარებას და გამორიცხავს არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევებს, დაეხმარება ასევე ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებასა და ქვეყანაში შრომითი მიგრაციული პროცესების რეგულირებას.

მსგავსი რეგულაციების დაწესებას ქვეყანას ევროკავშირი არ აიძულებსო, ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, კანონი საქართველოში ინვესტიციების შემოდინებას შეუშლის ხელს:

ზურაბ ჭიაბერაშვილი

ზურაბ ჭიაბერაშვილი

„მსგავსი რეგულაციები საქართველოს კეტავს დანარჩენი სამყაროსაგან, აქცევს იზოლაციაში, რაც აისახება იმაზე, რომ დაასუსტებს ჩვენს ეკონომიკურ მიმზიდველობას, საინვესტიციო კლიმატს და რაც ნაკლები ინვესტიცია შემოდის, მით ნაკლები სამუშაო ადგილი იქმნება, მათ შორის, პირველ რიგში, ქართველი მუშახელისათვის“.

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის რომან გოცირიძის აზრით, წარმოდგენილი კანონპროექტი არის ხელისუფლების იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელმაც ქვეყანა სავალუტო კრიზისამდე მიიყვანა. რომან გოცირიძისვე თქმით, ეს არის ლტოლვა მეტისმეტი რეგულაციებისკენ და ხელისუფლების მცდელობა სახელმწიფომიტვირთოს იმის დარეგულირების ვალდებულება, რაც თავისუფალი ბაზრის დასარეგულირებელია:

„პოპულისტური, ფსევდონაციონალისტური მიდგომა, ქსენოფობიური, უცხოელების შიშით განპირობებული... ეს ფაქტორი მიწის კანონის მიღებისასაც ფიგურირებდა და ეს დღემდე არ არის გამოსწორებული. ამიტომ არავითარ კარგ შედეგს ეს არ გამოიწვეს და ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ მთავრობას არ აქვს ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვა“.

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებმა განიხილეს. მას შემდეგ, რაც მას შრომისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტიც მოისმენს, სავარაუდოდ, განსახილველად სესიაზე გავა. კანონის თანახმად, ახალი რეგულაციები შემოდის ასევე საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების შრომით მოწყობასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებამ საქართველოს მოქალაქეების ტრეფიკინგისგან დაცვა უნდა უზრუნველყოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG