Accessibility links

27 მაისს საქართველოს დედაქალაქში გაიმართა მასობრივი დემონსტრაცია, რომელსაც დასავლეთის პრესის გამოხმაურება მოჰყვა. „ნიუ იორკ ტაიმსი“ ამ თემაზე არცთუ მცირე ზომის წერილს ბეჭდავს. ავტორი იწყებს მას თეზით - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოპონენტების გამოსვლა კვირას, წლევანდელი საშემოდგომო საპარლამენტო არჩევნების წინ, საარჩევნო კამპანიის უფრო ძლიერი დასაწყისი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყოო. „ნიუ იორკ ტაიმსს“ აქვს დამოუკიდებელი წყაროს მონაცემები, რომ დემონსტრაციას დაახლოებით 80,000 კაცი დაესწრო. ამდენად, ეს დემონსტრაცია ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოსვლად იქცა 2003 წლის ქუჩის იმ საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რომელმაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანაო, ამცნობს მკითხველს „ნიუ იორკ ტაიმსი“. საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის თბილისის ოფისის პროექტის დირექტორს ლოურენს შიტსს მისთვის სატელეფონო საუბარში უთქვამს, ბევრია უკმაყოფილო ადამიანი, რომლებიც ხელისუფლებიდან სააკაშვილის წასვლას ისურვებდნენო. მისივე აზრით, დემონსტრაცია თბილისში „დიდი იმიტომ იყო, რომ შესაძლებელია ოპოზიციურ ჯგუფებს დემონსტრაციის ჩატარებისა და მთავარი ქუჩების გადაკეტვის ნება დართეს. სტატიაში მოყვანილია დემონსტრაციის მონაწილის, 54 წლის კარდიოლოგის, ფიქრია მირიანაშვილის ნათქვამი, რომ უმუშევარია, რომ „ცხოვრება აუტანელია,“ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტი ცხოვრობს ისე, როგორც ადამიანმა უნდა იცხოვროს, დანარჩენები ღარიბები არიან. სტატიის ბოლოს, ოპოზიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დახასიათებისას, ავტორი წერს, რომ ბიზნესმენს, სულ მცირე, ბიზნესის საქმეში რუსეთთან აქვს კავშირები და რომ ივანიშვილმა, რომელიც ახლა არ იყრის კენჭს საჯარო თანამდებობისთვის, მაგრამ რომელიც ფინანსურად უჭერს მხარს „ქართული ოცნების“ პარტიას, ამას წინათ ათეულობით მილიონ დოლარად გაყიდა თავისი სააფთიაქო ქსელი რუსეთში. ეს ისეთი ტრანსაქცია იყო, რომელიც, ალბათ, რუსეთში მთავრობის თანხმობის გარეშე ვერ განხორციელდებოდაო, წერს „ნიუ იორკ ტაიმსი“.

27 მაისის დემონსტრაციას უძღვნის რეპორტაჟს „ვაშინგტონ ტაიმსი“, რომელიც ასე ახასიათებს მომხდარს: „ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა დაიწყო საარჩევნო კამპანია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტიის წინააღმდეგ“. იქვე სტატიის ავტორს მოჰყავს ივანიშვილის სიტყვები: „ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდებაო“, და შენიშნავს, ეს სიტყვები მას შემდეგ ითქვა, რაც ხალხის უზარმაზარი მასა, რომელმაც დედაქალაქის მთავარი გამზირი გაავსო, ივანიშვილს დახვდა როგორც გმირს და მის სახელს გაჰყვიროდაო. „სააკაშვილი მშიშარაა, მას არ აქვს არგუმენტი, გარდა ტყუილისა და ძალადობისა“, მოჰყავს კიდევ ერთი ნათქვამი ივანიშვილისა გაზეთს, რომლის თანახმად, ივანიშვილს პირობა აქვს დადებული, რომ „ამ პატარა კავკასიურ სახელმწიფოს ევროკავშირსა და ნატოში გააწევრიანებს და სიღატაკიდან ამოიყვანს“.

გაზეთი „აიარიშ ტაიმსი“ საქართველოს პრეზიდენტის დიდი მასშტაბის მშენებლობებზე წერს და სათაურშივე იუწყება, რომ ისინი ყველას არ მოსწონს, ყველა არ მიესალმებაო. სტატია რიტორიკული შეკითხვით იწყება: რა არის ეს მშენებლობები, ქვეყნის მომავლის საფუძველს აგებს საქართველოს პრეზიდენტი თუ - მეგალომანია? სტატიაში შემდეგ აღწერილია წინანდალი, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლი, მოთხრობილია მისი ისტორია მოკლედ და ნათქვამია, რომ ახლა ცხოვრება იცვლება, თანაც სწრაფად – მიმდინარეობს ღვინის სარდაფების აღდგენა, შთამბეჭდავი ახალი შენობაც ფორმას იძენს. აქ 2014 წელს, „აიარიშ ტაიმსის“ ცნობით, რომელიც „სილკ-როუდ ჯგუფის“ ცნობას ეყრდნობა, გაიხსნება „რედისონის“ 100-ნომრიანი სასტუმრო. პროექტში 15 მილიონი ევროა ჩადებული. „სილკ-როუდ ჯგუფს“ მანამდე ისტორიული სახლი და ბაღები აღუდგენია. სტატიაში ნათქვამია ასევე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირადად აკურთხა პროექტი. დადებითი ტონით არის აღწერილი სხვა პროექტები, ინვესტიციებით სარგებლობა; ნათქვამია ამერიკელი მაგნატის, დონალდ ტრამპის შესახებ; ლაპარაკია ასევე 200 მილიონიან ევროს ღირებულების 47 სართულიანი „ტრამპტაუერის“ გეგმაზე, საცხოვრებელ კომპლექსზე, რომელსაც ასევე „სილკ-როუდ ჯგუფი“ აშენებს. იქვეა მოყვანილი ტრამპის სიტყვები: „ჩემი აზრით, საქართველოში ფართო საინვესტიციო შესაძლებლობები გაქვთ, საოცარია, რაც ხდება აქ. ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ადგილია მსოფლოში“. წერილში მოთხრობილია ლაზიკის, ახალი ქალაქის მშენებლობისა და ქუთაისში პარლამენტის გადატანის თაობაზე. მთავრობისა და პრეზიდენტ სააკაშვილის პროექტების მიმართ კრიტიკულად განწყობილთა არსებობაც იცის წერილის ავტორმა. სააკაშვილისადმი კრიტიკულად განწყობილი ის ათობით ათასი ადამიანი, რომელიც კვირას თბილისში გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობდა, ამ გეგმებს მეგალომანის პატივმოყვარეობის პროექტებს უწოდებს, წერს გაზეთი. მათ ვერ გაუგიათ, ვინ შეიძლება იცხოვროს იმ უზარმაზარ „ტრამპტაუერში“, წარმოდგენა არ აქვთ, ვინ იქნება ლაზიკის სავარაუდო 500 ათასი მცხოვრები; და ისინი პოლიტიკურ მაქინაციებს ხედავენ პარლამენტის თბილისიდან გადატანაში. ჩივიან ასევე, რომ საქართველოს ამჟამად არსებული ინფრასტრუქტურა სასწრაფო განახლებას საჭიროებს, რასაც ადასტურებს ამ თვეში თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს ძველი სახლების ნგრევა და ხუთი ადამიანის დაღუპვა, აღნიშნავს „აიარიშ ტაიმსი“, რომელიც ბოლოს ხატოვნად წერს, რომ კავკასიიდან შავ ზღვამდე მშენებლობის ხმაური სააკაშვილის პრეზიდენტობის „საუნდრეკია“. მაგრამ რას აშენებს ის? საქართველოს მომავლის მტკიცე საფუძველს თუ ძვირად ღირებულ პოტიომკინის ფასადებს? თუკი სააკაშვილის მიღწევები გაუძლებს დროის ქარტეხილს, ისევე როგორც ჭავჭავაძეების სასახლე წინანდალში, მაშინ ის საქართველოს შფოთიან ისტორიაში მყარ ადგილს დაიმკვიდრებს, წერს „აიარიშ ტაიმსი“.

საქართველოს კულტურის მნიშვნელოვან სფეროს - სამზარეულოს - მიუძღვნა წერილი ბრიტანეთის „ინდეპენდენტმა“, რომლის ავტორი ანთეა ჯერი თბილისში ქართული, როგორც ის წერს, ლეგენდარული სამზარეულოს გასაცნობად იყო. წერილი, რომელიც ლონდონელებს ქართულ რესტორნებში ეპატიჟება, ასეა დასათაურებელი: „შესანიშნავი ქართული: ახლა რუსეთის ცეცხლოვანი მეზობლების სამზარეულოთი თქვენი სახლის მახლობლადაც შეგიძლიათ დატკბეთ“. მოლოდინს სრულიად გადააჭარბა ნანახმა, ამცნობს მკითხველს სტატიის ავტორი და აღუწერს ქართული სამზარეულოს მარგალიტებს - ხაჭაპურსა თუ ნიგვზიან ფხალეულს, საცივსა თუ სხვა კერძებს, რომელთა ორიგინალურობაში ეჭვი არ ეპარება, თუმცა ამბობს, საქართველოში ოდითგანვე დიდი რაოდენობით მცხოვრები ებრაელების და მეზობელი თურქებისა და სპარსელების გავლენა უნდა იყოს ამ კერძებშიო. ის რუსეთის ფაქტორზე წერს და იუწყება, რომ რუსებს განსაკუთრებით უყვართ ქართული კერძები, რაც იმაშიც გამოჩნდა, რომ ლონდონში, სადაც სულ უფრო მეტი რუსი იკიდებს ფეხს, იხსნება ახალი ქართული რესტორნები, ძველი კი უკანა პლანზე გადადის. ქართული ღვინის კულტურის სიძველეზე, მისი დაყენების ტრადიციაზეც ლაპარაკობს ჯერი, რომელსაც მოჰყავს კლოდ ბოსის, მიშელინის ორვასკვლავიანი ჰიბისკუსის რესტორნის მფლობელის სიტყვები. ბოსი აღფრთოვანებულია ქართული პროდუქტის ხარისხით და შეყვარებულია საქართველოზე. ბოსი თავის გასტრონომიულ ხელოვნებაში ქართულ ელემენტებს იყენებს. სტატიის ავტორი ლონდონელებსა და მის სტუმრებს ინფორმაციას აწვდის რესტორნებსა და მაღაზიებზე, სადაც ქართული სამზარეულოს ნიმუშებით ტკბობა შეიძლება. ასეთებია: „პატარა საქართველო“, „თამადა“, „მარი ვანა“ და პირინის სარდაფები, სადაც ქართული ღვინის ყიდვა შეიძლება ბრიტანეთის დედაქალაქში. იქვე „ინდეპენდენტი“ მკითხველს ქართული კერძების მინილექსიკონს სთავაზობს - რა და როგორ უნდა შეუკვეთონ ამ რესტორნებში მოხვედრისას.
XS
SM
MD
LG