Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის პრესის მიმოხილვას დავიწყებთ გამოხმაურებით, რომელიც მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის გაფრთხილებას ევროკავშირის მიიმართ, რომ ზამთარში ევროპისათვის გაზის მიწოდება შეიძლება შეფერხდეს.

პრეზიდენტ პუტინის ამ განცხადებას, რომელიც მან ხუთშაბათს, სერბიაში ვიზიტისას გააკეთა, გამოეხმაურა ნიდერლანდის გაზეთი „ტელეგრააფი“: „ექსპერტებს მეტად სადავოდ მიაჩნიათ, პუტინს მართლაც ჰქონდეს ასეთი მუქარის ფუფუნება. საქმე ის არის, რომ რუსეთის ეკონომიკას ღრმა რეცესია ემუქრება, რაც, ნაწილობრივ, დასავლეთის სანქციების შედეგია. რუბლმა წელს თავისი ღირებულების 20 პროცენტზე მეტი დაკარგა და რუსეთის ეკონომიკის დაღმასვლას ბოლო არ უჩანს, სანამ ნავთობის ფასი არ აწეულა. მაგრამ, მზარდი ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, პუტინის პროპაგანდისტული მანქანა მთელი ძალით მუშაობს. და ის, როგორც ჩანს, უშედეგო არ არის. ხუთიდან სამ რუსს ჯერ კიდევ სჯერა, რომ რუსეთის ეკონომიკას სარგებელს მოუტანს სანქციები, რომლებიც ამ ქვეყანას დასავლეთმა დაუწესა“.

ამავე თემაზე წერს ავსტრიის გაზეთი „პრესეც“: „ევროპას ჯერ არ მოუძებნია პასუხი შეკითხვაზე, როგორ უნდა გათავისუფლდეს რუსეთზე დამოკიდებულებისაგან. თუმცა ოპტიმიზმი სუფევს ლოზუნგით: ჩვენი საცავები ნახევრად სავსეა - და არა ნახევრად ცარიელიო. არადა, 90 პროცენტამდე სავსე გაზის საცავებიც კი არ არის იმის გარანტია, რომ ზამთარი დაგვინდობს. საამისოდ, ჯერ ამინდის ღმერთებთან უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება, რაც იცის (ენერგეტიკის საკითხებში) ევროკომისარმა ოტინგერმაც, რომელიც ამბობს, მადლიერი ვარ ყოველი დღისთვის, რომელიც ზამთრის დადგომას აყოვნებსო“.

ახლა სხვა თემა. პარიზის მემარცხენე-ლიბერალური „ლიბერასიონი“ აუცილებლად მიიჩნევს ევროპის კოორდინირებულ დახმარებას აფრიკისთვის, ებოლის ეპიდემიის შესაჩერებლად: „ზომები, როგორიცაა საფრანგეთის გადაწყვეტილებით საზღვრებზე ჩასატარებელი შემოწმებები, უსარგებლოა. ყველა ექსპერტი დაბეჯითებით ამბობს, რომ არც საფრანგეთს, არც ესპანეთს და არც შეერთებულ შტატებს არ ემუქრება ამ დაავადების გავრცელება. ებოლის მსხვერპლთა უმრავლესობა ცხოვრობს სამ ქვეყანაში, რომლებიც აფრიკაში უღარიბესებს მიეკუთვნებიან. ჰუმანიტარული ორგანიზაციები მკაცრად აკრიტიკებენ კონტროლის უსარგებლო მეთოდებს. ერთადერთი აზრიანი ზომა იქნებოდა ევროპის კოორდინირებული მოქმედება, მაგრამ ევროპელები ისევ არაერთსულოვნები და უსუსურები არიან“.

დაბოლოს, გამოხმაურებაზე, რომელიც მოჰყვა ბელგრადში 14 ოქტომბერს ჩატარებულ საფეხბურთო მატჩს: ეს იყო ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი სერბიასა და ალბანეთს შორის და ის ჩაიშალა ბელგრადის სტადიონზე მომხდარი ჩხუბის გამო. ჩხუბი კი მოჰყვა სტადიონის თავზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენას. მასზე ალბანეთის ნაციონალისტური დროშა იყო დამაგრებული.

ბულგარეთში გამომავალი გაზეთი „დუმა“ წერს: „სერბიასა და ალბანეთს შორის საფეხბურთო მატჩი ჩვეული მიზეზების გამო არ ჩაშლილა - ხულიგნებს ახლა დიდი პოლიტიკა ჩაენაცვლა. საინტერესოა, როგორ გაართმევს უეფა თავს ამ სიტუაციას და ვის დასჯის, მით უმეტეს, რომ სკანდალი თვითონ უეფას მიერ იყო პროვოცირებული. რომელ „გენიოსს“ მოაფიქრდა უეფაში კონტინენტის ორი დაუძინებელი მტრის ერთ ჯგუფში შეყვანა?“

ლონდონის ყოველდღიური „გარდიანი“ კი დაასკვნის, რომ სერბიასა და ალბანეთს შორის „საფეხბურთო ომი“ დამთავრდება ისე, როგორც ყველა ომი ბალკანეთში - აშკარა გამარჯვებულის გარეშე და უთანხმოებით იმის გარშემო, თუ ვინ დაიწყო ომი.

XS
SM
MD
LG