Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ავტორი: ანა ლომთაძე

ამ კვირაში უცხოეთის პრესის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სამმა მოვლენამ: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულმა ახალმა სანქციებმა, საბერძნეთში ულტრამემარცხენე პარტია „სირიზის“ გამარჯვებამ და ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღემ.

24 იანვარს უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე თავდასხმა, რომლის შედეგად დაიღუპა 30 სამოქალაქო პირი და დაშავდა ათობით ადამიანი, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე ფიქრის საფუძვლად იქცა. გაეროს ინფორმაციით, შეტევა სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა. 29 იანვარს ბრიუსელში შეიკრიბნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები. მათ გადაწყვიტეს, სექტემბრამდე გააგრძელონ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები და გააფართოონ იმ ცალკეული პირებისა და კომპანიების სია, რომელთა მიმართაც უკვე მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვები.

ლატვიის კონსერვატიული გაზეთი „ლატვიას ავიზე“ ევროკავშირს მეტისმეტად დაგვიანებულ რეაქციასა და არასაკმარისად მკაცრი ზომების მიღებაში ადანაშაულებს:

„მცდელობამ, სწრაფი რეაგირება მოეხდინათ, არ გაამართლა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათის მაგივრად - როგორც დაგეგმილი იყო - ხუთშაბათს ხვდებიან ერთმანეთს. ამჯერად, ეს მეტწილად საფრანგეთის ბრალია. ბუნებირვია, საფრანგეთს რუსეთის მიმართ აქვს საკუთარი ინტერესები, თუნდაც „მისტრალის“ ტიპის ვერტმფრენმზიდების სახით. მაგრამ ორი კვირის წინ ევროპის გარშემო ხალხი გააერთიანა პარიზის მიმართ სოლიდარობამ. ისინი გმობდნენ ფრანგებისწინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას. ტერორისტული თავდასხმა მარიუპოლზე ზუსტად ისევე მნიშვნელოვანია და ისეთივე მიზეზია სოლიდარობის დაუყოვნებლივ გამოსახატად“.

27 იანვარს ავსტრიის კანცლერი, ვერნერ ფაიმანი რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების გაგრძელების წინააღმდეგ გამოვიდა. აი, რას წერს ავსტრიის ყოველდღიური გაზეთი „კურიერი“:

„ევროკავშირი იმ ერთადერთი საშუალებით მოქმედებს, რაც მოეპოვება - ეს არის სანქციების გამკაცრება... კანცლერი ფაიმანი და სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ქრისტოფ ლაიტლი სასოწარკვეთილნი ვიშვიშებენ, რომ დადგა დრო, დაკარგული ნდობა დიპლომატიის მეშვეობით აღვადგინოთო, მაგრამ რომელი ნდობა? ნდობა პუტინისა და სეპარატისტების მიმართ, რომლებიც უკვე ერთი წელია, ჯიუტად ცდილობენ, მიზანს მიაღწიონ და ყირიმის მიმართულებით სახმელეთო დერეფანი გაიყვანონ? იმ ყირიმისა, რომლის ანექსია რუსეთის მიერ დიდი ხანია, ყველამ აღიარა უკრაინის გარდა. მართალია, სანქციები რუსებს ვერ შეაჩერებს... სანქციები მხოლოდ იმის ნიშანია, რომ თავისუფალი სამყარო არ შეეგუება მსგავს ქმედებებს, ისევე როგორც არ შეეგუება ტერიტორიის გაფართოებასთან დაკავშირებულ ამბიციებს.“

ინგლისის გაზეთი „ფაინენშლ ტაიმსი“ ევროკავშირს მოუწოდებს, კიევი იარაღით მოამარაგოს:

„ცხადი უნდა იყოს, რომ ბატონი პუტინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაწყნარდება, თუ ომის გაგრძელება მისთვის ზედმეტად ძვირი გახდება. უკრაინის იარაღით მომარაგება რუსეთისთვის ომის გაგრძელების ფასს გაზრდის და გაიზრდება იმის შანსიც, რომ რეალური შეთანხმება იქნეს მიღწეული.“

ევროპაში ასევე ბევრს საუბრობენ საბერძნეთში ულტრამემარცხენე პარტია „სირიზის“ გამარჯვებაზე. „სირიზის“ თავმჯდომარე ალექსის ციპრასი 26 იანვარს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. მისი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო ევროკავშირთან მოლაპარაკება საბერძნეთის უზარმაზარ ვალზე და მისი შემცირება ან, სულაც, გაუქმება. 29 იანვარს ციპრასი ვალის საკითხზე სასაუბროდ შეხვდა ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, მარტინ შულცს. ციპრასის გეგმასთან დაკავშირებით ევროპის მედიასაშუალებებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. აი, რას წერს, მაგალითად, ავსტრიის გაზეთი „შტანდარდი“:

„ციპრასი ისე იქცევა, თითქოს ევროპას სჭირდებოდეს საბერძნეთი და ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროზონიდან მისი გასვლის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ფინანსური ბაზრების რეაქცია საპირისპიროზე მიგვანიშნებს: ბერძნული აქციების ფასი ეცემა, სხვები კი მდგრადობას ინარჩუნებენ... სოციალური თვალსაზრისით რამდენად გასაგებიც უნდა იყოს მთავრობის გეგმა, ფაქტია, რომ მთავრობა აპირებს ხალხისთვის იმ ფულის დარიგებას, რომელიც სინამდვილეში არ გააჩნია. და ამ ფულს მას არც კერძო ინვესტორები ასესხებენ, და არც სხვა ქვეყნები.“

„შტანდარდისგან“ განსხვავებით, ლუქსემბურგის მემარცხენე-ლიბერალური ყოველკვირეული გაზეთი „ჟედი“ ევროკავშირს ლმობიერებისკენ მოუწოდებს:

„ხალხისა და ინტერესების ამ გაერთიანებაში, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია, ბერძნებსაც უნდა ვათხოვოთ ყური... ბერძნების მოსმენა და - კიდევ უკეთესი - მათი გაგება დაგვეხმარება, პასუხი მოვუძებნოთ ნაციონალიზმთან, სეპარატიზმთან და ევროსკეპტიციზმთან დაკავშირებულ იმ საფრთხეებს, რომლებმაც ბევრგან იჩინა თავი“.

რას ფიქრობენ თავად საბერძნეთში? ასევე მემარცხენე-ლიბერალური ორიენტაციის გამოცემა „ეთნოსი“ წერს, რომსაბერძნეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკის პროფესორმა იანის ვარუფაკისმა უნდა დაიწყოს ფიქრი ვალის გაუქმების ალტერნატივებზე:

„საუბარია ფულზე, ძალიან ბევრ ფულზე. ვისურვებდი, ვარუფაკისს საიდუმლო გეგმა ჰქონდეს, რადგან იგი უარს ამბობს, თვალი გაუსწოროს რეალობას - ეს კი ნამდვილად შემაშფოთებელია.“

დაბოლოს, 27 იანვარს აღინიშნა ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღე. ზუსტად 70 წლის წინ, 1945 წლის იანვარში, წითელმა არმიამ გაათავისუფლა ნაცისტების ყველაზე სისხლიანი „სიკვდილის ბანაკი“ ოსვენციმი-ბირკენაუ, სადაც მილიონამდე ადამიანი დახოცეს.

გერმანიის გამოცემა „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ მთავრობას ახსენებს, რომ იმ ხალხს, ვინც ჰოლოკოსტს გადაურჩა, დღესაც არ ულხინს:

„517 ათასი გადარჩენილი ებრაელიდან ნახევარი ჯერ კიდევ ცოცხალია და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. მათი უმრავლესობა დღეს ისრაელში ან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშია მიმოფანტული. განათლების აკრძალვისა და საკონცენტრაციო ბანაკებში მიღებული ტრავმების შემდეგ ცოტამ თუ მოახერხა პროფესიული კარიერის გაკეთება თავის გამოსაკვებად. ეს საკითხი თითქმის არც განუხილავთ, როდესაც გერმანიის ახალგაზრდა რესპუბლიკამ ფულადი კომპენსაციები გადაიხადა“.

აშშ-ის გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ კი ოსვენციმის მნიშვნელობის არასწორ გაგებაზე წერს. სტატია ეწინააღმდეგება ფართოდ გავრცელებულ აზრს, რომელიც ოსვენციმს ჰოლოკოსტის ტექნოლოგიურ დაგვირგვინებად წარმოადგენს:

„ნაცისტურმა ხელმძღვანელობამ სიკვდილის ფაბრიკები შექმნა არა ფულის დაზოგვის მიზნით, არამედ იმისთვის, რომ მკვლელები მათივე მსხვერპლებისგან დაეშორებინა. ოსვენციმის მექანიკურ ხასიათზე, როგორც ჰოლოკოსტის წინაპირობაზე, ყურადღების გადატანა ხალხს აფიქრებინებს, რომ ასეთი მასშტაბის ძალადობის განსახორციელებლად აუცილებელია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი და ბიუროკრატიაში გაწვრთნილი სახელმწიფო... მაგრამ ეს ასე არ არის. მასობრივი მკვლელობის გააზრების პროცესში მისი ტექნიკური მხარე მთავარი არ არის. მნიშვნელოვანი აქ სხვა რამ არის: პოლიტიკურ ლიდერთა გადაწყვეტილება, მოაწყონ გენოციდი, ამაში საზოგადოების დიდი ნაწილის მონაწილეობა და კიდევ უფრო მეტის მხარდაჭერა - და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, - იდეოლოგია, რომელიც ცდილობს, ისინი დაარწმუნოს, რომ ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის განადგურება საჭირო და სწორია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG