Accessibility links

მიმდინარე კვირაში, ხუთშაბათს, მინსკში გამართული სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ პოტენციურ სამშვიდობო გეგმაზე აღმოსავლეთ უკრაინისთვის. ზავი კვირას ამუშავდება, დონბასიდან დაიწყება მძიმე შეიარაღების გატანა. მინსკის შეხვედრას აქტიურად გამოეხმაურა დასავლეთის პრესა - ჟურნალისტთა ნაწილი წერდა, შედეგი მოწმობს, რომ მშვიდობა ორივე მხარეს უნდაო. მაგრამ, ბევრი გამოცემის თვალსაზრისით, ამ შეთანხმებით ყველაზე მეტად იხეირა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.

სლოვაკიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „სმე“ 13 თებერვლის ნომერში ბეჭდავს „ბლუმბერგ ვიუს“ კორესპონდენტის, ლეონიდ ბერშიდსკის, წერილს: „მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მას ილუზიები არ აქვს და რომ ზავი მყიფეა. გულმხურვალე უკრაინელმა პატრიოტებმა შესაძლოა ეს შეთანხმება ღალატად აღიქვან. სეპარატისტები და რუსები, რომლებიც მათ მართავენ, კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის დაკავებისკენ გამოავლენენ სწრაფვას და მოითხოვენ უფრო მყარ გარანტიებს, რომ უკრაინა არ გაწევრიანდება დასავლურ ალიანსებში. მაგრამ თუკი იარაღის გაჩუმება მოხერხდება, ეს უკრაინას მისცემს ვითარების მშვიდობიანი გადაწყვეტის შანსს, პუტინს ეკონომიკური სასჯელი გადაუვადდებ, ევროკავშირი კი შეძლებს ამერიკელ რადიკალთა მცდელობების შეჩერებას. ...ეს ყველაფერი წარმოადგენს წარმატებას, რის გამოც მოლაპარაკებათა მონაწილეებს უნდა მივულოცოთ. მაშინაც კი, თუკი ზავი არ შენარჩუნდება, მოლაპარაკებამ გამოაჩინა, რომ არსებობს სიცოცხლისუნარიანი გადაწყვეტის გამონახვის ძლიერი ნება“.

იტალიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული ორიენტაციის „კორიერე დელა სერა“ 13 თებერვლის ნომერში წერს, რომ მინსკში მიღწეულმა შეთანხმებამ გაამყარა ევროპის საგარეო პოლიტიკა და მისი როლი გლობალურ ასპარეზზე: „მოლაპარაკების ჩაშლა არ დაუშვეს მერკელმა და ოლანდმა - გამბედავმა წარმომადგენლებმა ევროკავშირისა, რომელიც გაყოფილი რჩება მაშინაც კი, როცა უშუალოდ მის საზღვართან ომი მძვინვარებს. კანცლერისა და პრეზიდენტის ძალისხმევით, მინსკის სამიტის შემდეგ ევროპა კიდევ უფრო გავლენიანი და თავდაჯერებული მოგვევლინა. ...საიმისოდ, რომ შეთანხმება რეალურად განხორციელდეს, ოთხივე მონაწილისა და ასევე აშშ-ის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური ნების გამოვლენა იქნება საჭირო. ჯერჯერობით მინსკის შეხვედრამ დიდსულოვნება გამოავლინა კრემლის ხელმძღვანელის მიმართ და ყირიმის ანექსირების ამბავს დუმილით შეხვდა. მაგრამ დღეს მოგებულებსა და წაგებულებზე ლაპარაკი მაინც შეცდომა იქნება. თამაში მხოლოდ ახლა დაიწყო“.

ბრიტანეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის „ფაინენშლ ტაიმსი“ 12 თებერვალს წერდა, მინსკში მიღწეული შეთანხმება უკრაინაში კონფლიქტს ვერ შეაჩერებს, რადგან რუსეთის პრეზიდენტის მთავარი მიზანი აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის სფეროს აღდგენააო. „მინსკში მიღწეული მეორე შეთანხმება წარმატებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუკი ბატონი პუტინი გადაწყვეტს დააცხროს თავისი კონფრონტაცია უკრაინასა და დასავლეთთან. მაგრამ ნიშანი, რომ ის ამის გაკეთებას აპირებს, არსად ჩანს. ბევრი ფაქტორი - მათ შორის, რუსეთის ეკონომიკური კრიზისი და რუსეთის მედიის მიერ წარმოებული მძლავრი ანტიდასავლური კამპანია - მოწმობს, რომ კრემლის ლიდერის ამბიციები უკრაინასაც კი სცილდება, რომ ის ცდილობს რუსეთის გავლენის სფერო აღმოსავლეთ ევროპაში აღადგინოს. ... გონივრული იქნება ვივარაუდოთ, რომ მინსკში მიღწეული ეს შეთანხმება, ფაქტობრივად, ტაქტიკური პაუზაა და სხვა არაფერი“.

„პუტინის ახალი გამარჯვება“ - ასეთი სათაურით აქვეყნებს სარედაქციო წერილს „უოლ სტრიტ ჯორნალი“ 12 თებერვალს. გამოცემა მიიჩნევს, რომ მინსკის შეთანხმებით განხორციელდა უკრაინაში რუსეთის სავასალოთა რატიფიცირება - თან იმ ფორმით, როცა კრემლი ამის გამო არანაირ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ კისრულობს. „აღმოსავლეთ უკრაინა გადაიქცა რუსეთის კიდევ ერთ ‘გაყინულ კონფლიქტად’, როგორიც რუსეთს აქვს მოლდავეთში, დნესტრისპირეთის სახით, და საქართველოში, აფხაზეთის სახით. ძალაში რჩება კონფლიქტის საყინულიდან სურვილისამებრ გამოღების შესაძლებლობაც. მხოლოდ მუქარა, რომ ამას გააკეთებს, პუტინის ხელში წარმოადგენს კიევისთვის მოღერებულ მათრახს, თუკი უკრაინა ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოებას შეეცდება“.

საქართველოს მაგალითს იხსენებს შვეიცარიის ყოველდღიური გამოცემა „ტაგეს-ანცაიგერიც“ 13 თებერვლის ნომერში და წერს, მინსკის შეთანხმებით უკრაინა იმავე სცენარისთვისაა განწირული, რომელიც რუსეთმა მის სამეზობლოში სხვა ქვეყნებს უკვე თავს მოახვიაო. „კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ქვეყანას შეუქმნეს ‘არც აქ, არც იქ’ ყოფნის ვითარება, გადაუჭრელი კონფლიქტის გარედან თავსმოხვეული გაყინვის შედეგად: არც აღმოსავლეთი და არც დასავლეთი, არც ევროკავშირი და არც ევრაზიული კავშირი. ეს უკვე მოხდა საქართველოში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტებით, მოლდავეთში - დნესტრისპირეთით, სომხეთსა და აზერბაიჯანში - მთიანი ყარაბაღით. ამ მეზობელ ქვეყნებში მოსკოვმა მცდელობა არ დაიშურა დაძაბული ვითარების შესანარჩუნებლად, რათა დარჩენილიყო თამაშში, რომელიც მას თავისი გავლენის გაზრდის იმედს აძლევს. რუსეთს სურს მსოფლიო ასპარეზზე წონიანი მოთამაშე იყოს, აშშ-ის თანასწორი პოზიცია ჰქონდეს. რეალურად კი მოსკოვი მხოლოდ იმას უსვამს ხაზს, რამდენად არამიმზიდველია ის უკრანისთვისაც კი: მან მხოლოდ იარაღის უხეში ძალის გამოყენებით შეძლო ამ ქვეყნისთვის წაერთმია საკუთარი მომავლის განსაზღვრის საშუალება“.

აზრს, რომ საზავო შეთანხმებიდან რუსეთი ხეირობს, ეთანხმება საფრანგეთში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური ორიენტაციის „ლიბერასიონიც“. 12 თებერვლის ნომერში ვკითხულობთ: „ერთი მხრივ, ახალი ტექსტი საერთოდ არ ახსენებს სიტყვა ‘ყირიმს’, რაც ნიშნავს, რომ ეს რეგიონი, ფაქტობრივად, რუსეთს შეატოვეს, ხოლო გატარებული სულისკვეთებით, ფაქტობრივად, დაარსდა ფედერალიზებული უკრაინა, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი აღმოსავლეთით - მაშინაც კი, თუკი ეს ამ ფორმით არაა დაკონკრეტებული. ამდენად, საქმე გვაქვს ძალთა კვლავაც პუტინისთვის სასარგებლო ბალანსთან. საამისოდ ევროპელ ლიდერებზე დაკვირვებაც საკმარისი იყო. ისინი დიდწილად ფრთხილობდნენ - უწინარესად, ანგელა მერკელი, რომელმაც ხაზგასმით განაცხადა, რომ მომავალს ილუზიებით არ უყურებს. ცხადია, მტკიცება არ უნდა იმას, რომ ყოველი ახალი მშვიდობიანი დღე კარგი და მისასალმებელია, ოღონდ თუკი ის იმ მოთამაშეს, რომელსაც ადგილზე უკვე უპირატესობა აქვს, პოზიციების კიდევ უფრო გამყარების საშუალებას არ აძლევს“.

ხორვატიაში გამომავალი კონსერვატიული გამოცემა „ვეჩერნი ლისტი“ 13 თებერვლის ნომერში წერს, პუტინს რაც სურდა, ის მიიღოო: „ამ საზავო შეთანხმების საფუძველზე უკრაინაში სისხლისღვრის დასრულების მოლოდინი დიდად არ უნდა გვქონდეს. პუტინმა კიდევ ერთხელ მიიღო ის, რაც სურდა - ამ შემთხვევაში, აღმოსავლეთ უკრაინის ავტონომია. ... ლუგანსკისა და დონეცკის ავტონომია იმას ნიშნავს, რომ რუსებს ქვეყანაში მყარი პოზიციები ექნებათ“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG