Accessibility links

logo-print

განვლილი კვირის განმავლობაში უცხოეთის პრესაში გამოქვეყნებული სტატიებიდან ყურადღებას მივაპყრობთ, უწინარეს ყოვლისა, სტატიას, რომელიც ეძღვნება სინგაპურის ყოფილ ლიდერს, ლი კუან იუს. ის ორშაბათს, 23 მარტს,91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შეერთებული შტატების გამოცემა „პოლიტიკოში“ დაბეჭდილ სტატიაში შეგვახსენებენ, რომ ლი კუან იუს, ავტორიტარული მმართველობის მიუხედავად, სინგაპურის მართლაც შთამბეჭდავი ეკონომიკური წარმატებების გამო აქებდნენ და აქებენ აშშ-ის ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტები, ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სია გრძელია.

„ლი კუან იუს წყევლა“ - ასეა დასათაურებული სტატია, რომლითაც დავიწყებთ უცხოეთის პრესის მიმოხილვას.

სტატიის ავტორი, ჟურნალისტი ბენ ჯუდა, აღნიშნავს, რომ ხანგრძლივი სიცოცხლის ბოლო წლებში ლი კუან იუ იყო მეტი, ვიდრე, უბრალოდ, ადამიანი: ის იყო მითი, გლობალური იდეა, კულტი წარმოდგენის გარშემო, რომ აუცილებელი არ არის ავტოკრატი ცუდი იყოს. შესაძლოა ის აღმოჩნდეს პროგრესულად მოაზროვნე ფილოსოფოსი-მეფე, რომელსაც თავისი ქვეყანა კეთილდღეობისა და ძლევამოსილებისაკენ მიჰყავს, ლიბერალური დემოკრატიის მომაბეზრებელი მოთხოვნებისათვის გვერდის ავლით.

„2000-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, ლი კუან იუს კულტი სრული კატასტროფაა აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც სინგაპურის - თავის სისწორეში დარწმუნებულმა - ავტოკრატმა ხელი შეუწყო ავტორიტარიზმის რეაბილიტაციასა და ლეგიტიმაციას. ვლადიმირ პუტინი ლი კუან იუს დიდი თაყვანისმცემელია, ის რუსეთის პრესტიჟული „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვა. საქართველოში ლის ქარიზმამ მოაჯადოვა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მის წიგნებს ბიბლიასავით არიგებდა“, წერს ბენ ჯუდა გამოცემა „პოლიტიკოში“.

ჟურნალისტი მიანიშნებს პრობლემაზე, რომ რუსეთში, საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში (ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის დროს) სინგაპურით შთაგონებულმა მმართველობამ ქვეყნები მიიყვანა ომამდე და ეკონომიკურ ჩიხამდე. „ლი კუან იუს კულტმა ამ ელიტებს - მოსკოვში, კიევსა და თბილისში - ხელში მისცა არგუმენტი, რომ შეეძლოთ ეპოვათ ალტერნატიული გზა წარმატებისაკენ, ლიბერალური დემოკრატიის გარეშე (...). როცა ევროკავშირის მიმზიდველობა განელდა, სინგაპურის მითმა აღმოსავლეთევროპელ ლიდერებს შესთავაზა ილუზია, რომ არსებობს სწრაფი ზრდის, მკაცრი მმართველის ალტერნატივა. ვისაც სააკაშვილის თბილისში არ სურდა ევროკავშირის მიერ შეთავაზებული მასშტაბური და რთული რეფორმების განხორციელება, თავის მართლებას იწყებდა მითითებით სინგაპურის მოდელზე, რომელსაც მართლაც ახლდა მრავალი მძიმე ეკონომიკური მსხვერპლი ერთპარტიული მმართველობის პირობებში“.

ბენ ჯუდას ამ სტატიაში დაწვრილებით არის საუბარი რუსეთში ლი კუან იუს კულტზეც. თუმცა წერია ასევე, რომ თავად ლი კუან იუ კარგს არაფერს ამბობდა პუტინის რეჟიმზე: მათი სისტემა არ მუშაობსო. სინგაპურის ყოფილ ლიდერს ნაწინასწარმეტყველები აქვს, რომ იელცინისა და პუტინის არასწორი მმართველობის შედეგად, საბოლოოდ ჩინელები დაეუფლებიან ციმბირს...

ბენ ჯუდას სტატია, რომელიც ლეგენდად ქცეულ ლი კუან იუს ეძღვნება მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, როგორც ითქვა, გამოცემა „პოლიტიკომ“ გამოაქვეყნა.

ახლა სხვა თემა: კრემლი აპირებს, რუსული წარმოების ვერტმფრენებითა და სატრანსპორტო თვითმფრინავებით აღჭურვოს არგენტინის არმია. ამ თემაზე წერს ჰოლანდიის ყოველღდიური „ფოლკსკრანტი“, რომელშიც ვკითხულობთ:

„არგენტინასთან იარაღის შესახებ რუსეთის გარიგების შედეგად, ბრიტანელებს მომდევნო წლებში გაცილებით მეტი ფულის დახარჯვა მოუწევთ არგენტინასთან სადავო ფოლკლენდის კუნძულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამჟამად რუსები ცეცხლში ნავთს ასხამენ, როცა აცხადებენ, რომ თავად უკეთესი მიზეზები აქვთ ყირიმზე პრეტენზიის გამოსათქმელად, ვიდრე ბრიტანელებს ფოლკლენდის კუნძულების შემთხვევაში. პრეზიდენტი პუტინი ყველგან, მთელ მსოფლიოში, ეძებს პარტნიორებს, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ ახალ ცივ ომში დასავლეთის წინააღმდეგ. არგენტინაში მას დიდი ინტერესით უსმენენ. მარცვლეულისა და ძროხის ხორცის სანაცვლოდ, არგენტინელები ახლა 12 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებენ რუსეთიდან. ვაჭრობა კარგად ესადაგება მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც არგენტინის პრეზიდენტ კირხნერს აკავშირებს რუს კოლეგასთან. კირხნერი იყო იმ მცირერიცხოვან სახელმწიფო ლიდერებს შორის, ვინც დადებითად გამოეხმაურა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას“, - ვკითხულობთ ამსტერდამში გამომავალ „ფოლკსკრანტში“.

დაბოლოს, თემაზე, რომელიც რამდენიმე დღეა დომინირებს უცხოეთის პრესაში - ავიაკომპანია „ჯერმანუინგზის“ თვითმფრინავის კატასტროფაზე, რომელმაც 150 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი, როგორც ჩანს, განზრახ ჩამოაგდო მეორე პილოტმა, ანდრეას ლუბიცმა, გერმანიის გაზეთი „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ წერს: „ერთმა ადამიანმა 149 ადამიანი დახოცა იმის გამო, რომ თვითონ აღარ უნდოდა სიცოცხლე. ის, რომ ერთმა სიკვდილში თან გაიყოლა ათობით ადამიანი, მოსპო მათი აწმყო და მომავალი, არა მარტო გაოგნებას - რისხვასაც იწვევს. რაც მოხდა, იყო განზრახვა. ეს არის ყველაზე უარესი აღმოჩენა, რომლის გაკეთებაც ასეთ ვითარებაშია შესაძლებელი“, - წერს „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ 24 მარტს მომხდარ ავიაკატასტროფაზე, რომელიც, სავარაუდოდ, განზრახ მოაწყო თვითმფრინავის მეორე პილოტმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG