Accessibility links

logo-print

ავტორი: ანა ლომთაძე

ამ კვირაში უცხოეთის პრესის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სამმა თემამ: საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის ვიზიტმა რუსეთში, კენიაში უნივერსიტეტზე მიტანილმა სისხლიანმა იერიშმა და ბოსტონის მარათონის დროს მოწყობილ აფეთქებებში ბრალდებული ჯოხარ ცარნაევის დამნაშავედ ცნობამ.

8 აპრილს მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი. შეხვედრის მიზანი იყო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის, ინვესტიციებისა და ვაჭრობის ხელშეწყობის გზების განხილვა. მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ციპრასმა თქვა, რომ საბერძნეთი ეწინააღმდეგება რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, თუმცა, მისივე თქმით, ეს სანქციები „ევროპის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.“ დასავლეთის პრესაში წერენ, რომ პუტინი ყოველ ღონეს ხმარობს, როგორმე განხეთქილება შეიტანოს ევროკავშირში. ზოგის აზრით, პუტინი ჭკვიანურად იქცევა, როცა ციპრასის დახმარებით ცდილობს, თავი დააღწიოს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს.

ავსტრიის კონსერვატიული გაზეთი „პრესე“ წერს:

„რაც უფრო მეტად ეცადა პუტინი ევროკავშირის დასუსტებას, მით მეტად გააძლიერა ის. პუტინმა ვერ განახორციელა გეგმა, კიდევ უფრო გაემწვავებინა ევროკავშირში ისედაც არსებული განხეთქილებების. მოსკოვის მცდელობას, ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკის გატარებაში ხელი შეეშალა ევროკავშირისთვის - რაც რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა - და ზოგი ქვეყნისთვის შეღავათები შეეთავაზებინა, უარყოფითი შედეგი მოჰყვა. ფაქტია, რომ ახლა რუსეთი ცდილობს ევროკავშირის ცენტრიდან ყურადღება მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე გადაიტანოს. ეს სასოწარკვეთილი ნაბიჯია. ახლა, როგორც არასდროს, რუსეთი გრძნობს ევროპის კავშირის ერთიანობას სანქციების საკითხში“.

იტალიის ლიბერალური ბიზნესგაზეთი „სოლე 24 ორე“ იზიარებს „პრესეს“ აზრს და დასძენს:

„ყველაზე მეტად პუტინი დაინტერესებულია, საბერძნეთი იმ ქვეყნების რიგს შეუერთდეს, რომლებიც კვლავ მზად არიან მოსკოვთან თანამშრომლობისთვის, როგორც, მაგალითად კვიპროსი და უნგრეთი. მისი მიზანია, ეს ჯგუფი რაც შეიძლება მეტად გააფართოვოს და შემდეგ სულ მოიხსნას სანქციები, რომლებიც ივნისამდეა ძალაში. თუმცა, ამასთან ერთად, მას სურს, ურთიერთობა განაახლოს ყველა პარტნიორთან და ბაზართან, რომლებიც სჭირდება. თავის გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტმა ჭკვიანურად გამოიყენა შარლ დე გოლისა და ჰელმუტ კოლის სიტყვები, მხარი დაუჭირა იმ ევროპის იდეას, რომელიც ატლანტის ოკეანიდან ურალამდეა გადაჭიმული. ამით პუტინს სურდა, რუსეთისა და საბერძნეთის თანამშრომლობა წარმოეჩინა, როგორც ევროპის მოსახლეობისთვის სიკეთის მომტანი“.

მიუნხენში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური ორიენტაციის გაზეთი „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ ბრიუსელთან პუტინისა და ციპრასის კონფლიქტზე ამახვილებს ყურადღებას:

„ორივე, პუტინიც და ციპრასიც, კონფლიქტშია ბრიუსელთან - პუტინი ყირიმის ანექსიისა და დონბასში განხორციელებული ქმედებების გამო, ციპრასი კი - საბერძნეთის ვალის მიზეზით. ეს ორი პოპულისტი ლიდერი ნამდვილად არ გაუშვებდა ხელიდან შანსს ბრიუსელის გასაღიზიანებლად და მასზე რაიმე სახის ზეწოლის მოსახდენად. პუტინისა და ციპრასის შეხვედრა სიმბოლურად იმაზეც მიუთითებს, თითქოს რუსეთი სულაც არ არის იზოლირებული, ხოლო ევროკავშირი ისე დასუსტდა, რომ მისი წევრები მოსკოვში სამათხოვროდ ჩადიან. ყველაფერი ეს ხელს უწყობს სანქციების თაობაზე ევროკავშირში განხეთქილების წარმოშობას - სწორედ ეს არის რუსეთის მოკლევადიანი გეგმა“.

ესპანეთში გამომავალი კონსერვატიული „მუნდო“, ციპრასის სტრატეგიაზეც წერს:

„სანქციების წინააღმდეგ მიმართული რიტორიკით ციპრასს იმედი აქვს, რომ „ტროიკა“ მას დანებდება. ციპრასი თავის ევროპელ მოკავშირეებთან ბაგირის გადაძალვას ცდილობს, მაგრამ მას ეს ბაგირი საბოლოოდ შეიძლება გაუწყდეს და შედეგად გაეთიშოს ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რომელზეც საბერძნეთი უკვე წლებია, შეერთებულია. საბერძნეთის ერთიანი ვალუტის, ევროს, ზონიდან გასვლა უკვე დიდი ხანია შიშს აღარ ბადებს, რადგან ბაზარი ამისთვის უკვე მზადაა“.​

2 აპრილს კენიაში უნივერსიტეტის შენობას თავს დაესხა ოთი შეიარაღებული პირი, როომლებმაც 150-მდე დამიანი დახოცეს. ისინი ექსტრემისტული დაჯგუფების, ალ-შააბის, წევრები იყვნენ. კენიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი, აბდირაჰიმ აბდულაჰი, კენიის მთავრობის ვაჟია.

აი, რას წერს მომხდარ ტრაგედიაზე ავსტრიის გაზეთი „შტანდარტი“:

„ალ-შაბააბის დაჯგუფებას სტრატეგიული მიზანი აქვს. სომალიში კენიის ჩარევამ ამ გაერთიანებას მოზრდილი ტერიტორია და შემოსავლიანი პორტები წაართვა. ოპოზიცია აკრიტიკებს კენიის მთავრობის ქმედებებს - როგორც მეზობელი ქვეყანა, სომალის საქმეებში არ უნდა ვერეოდეთო. ეს მართალია. ამასთანავე, გამოკვეთილი არ არის სტრატეგიული მიზანი. და მაინც, ჯარის ნაჩქარევი გაყვანა შეცდომა იქნებოდა და ალ-შაბააბის გაძლიერებას შეუწყობდა ხელს“.

საინტერესოა, რას წერს თავად კენიის პრესა. ინგლისურენოვანი გაზეთი „დაილი ნეიშნის“ აზრით:

„ხალხი სავსებით სამართლიანად მოითხოვს გადამჭრელ მოქმედებას იმისთვის რათა დამნაშავეთა ვინაობა დადგენილ იქნეს და ისინი სათანადოდ დაისაჯონ. ეს ასევე ეხება კენიასა თუ სომალიში ფარულად მოქმედ ქსელებს, რომლებსაც ალ-შაბააბის ტერორისტები ეყრდნობიან. სამწუხაროა, რომ საზოგადოებაში მეტისმეტად ბევრს მსჯელობენ დამნაშავეების ეთნიკურსა თუ რელიგიურ წარმომავლობაზე. ალ-შაბააბსაც ეს უნდა“.

8 აპრილს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ სცნო ბოსტონის მარათონის დროს მოწყობილ აფეთქებებში ბრალდებული ჯოხარ ცარნაევი. მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ცარნაევი დამნაშავეა იმ გეგმის შემუშავებაში, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას ითვალისწინებდა. ჯერჯერობით

„ბრალდების მხარე მტკიცედ მოითხოვს, ცარნაევი სიკვდილით დაისაჯოს. და თავის პოზიციას იმით დაასაბუთებს, რომ ბრალდებული მუხანათურად, სასტიკად და ვერაგულად მოქმედებდა და უღალატა შეერთებულ შტატებს მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნის მოქალაქე გახდა და თავისი საქციელიც არ მოუნანიებია. დაცვის გუნდის ამოცანაა ცარნაევს თავიდან ააცილონ სასიკვდილო განაჩენი. ვექილები ყურადღებას გაამახვილებენ მათი აზრით შემამსუბუქებელ გარემოებებზე - იმაზე, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის ბრალდებული 19 წლის იყო, არ იყო ნასამართლევი და თავისი უფროსი ძმის, 26 წლის ტამერლანის გავლენას განიცდიდა“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG