Accessibility links

logo-print

მიმდინარე კვირის უცხოური პრესის მიმოხილვას დავიწყებთ ჰოლანდიურ ლიბერალურ გამოცემა „ჰანდელსბადში“ გამოქვეყნებული სტატიით, რომელიც მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების დამდგენი ტრიბუნალის შექმნის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოში წარდგენილ რეზოლუციაზე რუსეთის ვეტოს ეხმაურება. „გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა წევრი ქვეყანა, მათ შორის, რუსეთიც აცხადებს, რომ საუბარი არ შეიძლება იყოს იმაზე, რომ დამნაშავეებმა თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა, მაგრამ ამ ლამაზი სიტყვების ფასი რაც შეიძლება მალე უნდა გაირკვეს და უნდა მოიძებნოს ალტერნატიული გზა, რაც მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი „ბოინგ MH1“-ის ტრაგედიას სასამართლოს განსჯის საგნად აქცევს“, - წერს გამოცემა „ჰანდელსბადი“ და დასძენს, რომ ამის გაკეთება ყველაზე უკეთ „ალტერნატიული ტრიბუნალით“ შეიძლება, ხოლო ყოველგვარ ეჭვს მიკერძოებულ გამოძიებაზე ფართო საერთაშორისო მანდატით აღჭურვილი სასამართლო გაფანტავს.

კიდევ ერთი ლიბერალური ევროპული გამოცემა კი, შვეიცარიული „ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“, მიიჩნევს, რომ ვეტოთი პუტინი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. „სანდო საერთაშორისო ტრიბუნალი დაამსხვრევდა გამრუდებულ სურათს, რომელსაც რუსეთის ტელევიზიები ხატავენ ამ ტრაგედიის შესახებ, გამოააშკარავებდა კრემლის იმ დიდ ტყუილს, თითქოს რუსი სამხედროები არ იბრძვიან აღმოსავლეთ უკრაინაში და რომ კონფლიქტი უკრაინაში, უბრალოდ, სამოქალაქო ომია.. რომ არ ყოფილიყო ყირიმის ანექსია და, როგორც ამის შედეგი, რუსი პარტიზანების ფარული შეგზავნა აღმოსავლეთ უკრაინაში, არ იქნებოდა არც ომი უკრაინაში და არც მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი „ბოინგი“ ჩამოვარდებოდა. როდესაც ამ ყველაფერს რუსი ხალხი გააცნობიერებს, არა მხოლოდ პუტინის უკრაინული ავანტიურა დასრულდება კრახით, არამედ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება მისი რეჟიმის ძალაუფლებაც“, - წერს შვეიცარიული „ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“.

უცხოურ მედიაში დიდი ყურადღება ეთმობა თურქეთის ჩაბმას ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ დაწყებულ საომარ კამპანიაში, რომელსაც საერთაშორისო კოალიცია აწარმოებს. დანიური გამოცემა „ბერლინგსკე“ მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოგანი თანმიმდევრულად ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს“. „აშშ და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი სტრატეგიით დაუპირისპირდნენ ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“. აშშ-ს ამიერიდან შეუძლია გამოიყენოს ნატოს ინჯირლიკის სამხედრო ბაზა საავიაციო იერიშებისთვის, რაც გააფართოებს ალიანსის შემტევ პოტენციალს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ“, - წერს ლიბერალურ-კონსერვატიული გამოცემა „ბერლინგსკე“ და იქვე დასძენს: „მანამდე თურქეთი აშშ-ისგან მოითხოვდა მკაფიო ვალდებულებას, რომ მოეშორებინა სირიელი დიქტატორი ბაშარ ასადი, მაშინ როცა თეთრი სახლის მთავარი პრიორიტეტი იყო ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ამან შეასუსტა თურქეთ-აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობა და შეუძლებელი გახადა ნატოს სამხრეთ ფლანგზე კოორდინირებული სტრატეგიის შემუშავება“, - წერს გამოცემა „ბერლინგსკე“ და იქვე შეახსენებს მკითხველს, რომ ერდოანის ამოცანას არა მხოლოდ ბაშარ ასადის, არამედ PKK-ს (“ქურთ მუშათა ორგანიზაციის“) ალაგმვაც წარმოადგენს.

ანკარის პოლიტიკის ამ ასპექტზე წერს თურქეთის ყოველდღიური გამოცემა „ჰიურიეთი“ სტატიაში „თურქეთის ფარისევლური პოლიტიკა PKK-ს („ქურთ მუშათა ორგანიზაციის“) პროვოცირებას იწვევს“. გასული კვირის ბოლოს უკანონოდ გამოცხადებული PKK-ს მებრძოლებმა, მედიის ცნობით, 12 სამხედრო მოსამსახურე და პოლიციის თანამშრომელი დახოცეს. ლიბერალური გამოცემა მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედება ნაკლებად გასაკვირი უნდა იყოს იმ ფონზე, როდესაც თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ ბოლო წლების განმავლობაში არანაირ დათმობაზე არ წასულა ქურთთა მიმართ. „არჩევნების წინ თურქეთის მმართველი პარტია აცხადებდა, რომ სურდა მტკიცე მშვიდობის მიღწევა ქურთებთან, სინამდვილეში კი მიზნად ისახავდა PKK-ს აქტიურობის განეიტრალებას. ამიტომ ქურთები, რომლებსაც აღარ სჯერათ ანკარის, არ შეწყვეტენ ზეწოლას თურქეთზე და არც ბრძოლას შეწყვეტენ“, - წერს თურქეთში გამომავალი ლიბერალური „ჰიურიეთი“.

უცხოეთის პრესის მიმოხილვის ბოლოს კი თვალს გადავავლებთ პოლონურ „გაზეტა ვიბორჩას“. მასში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი უკრაინის წინაშე მდგარ პრობლემებზე წერს. ივლისის შუა რიცხვებში გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს დაუჩივლია, რომ საერთაშორისო კრედიტორები უკრაინას საბერძნეთზე უარესად ეპყრობიან, მაშინ როცა ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებმა ცოტა ხნის წინ ხაზი გაუსვეს იმ რეალურ პროგრესს, რასაც კიევმა მიაღწია თავდაცვის, საფინანსო სექტორში და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. „მაგრამ არსებობს მუდმივი საფრთხე, რომ საზავო შეთანხმების ხელახალი დარღვევა დონბასში სრულმასშტაბიან დაპირისპირებად გადაიქცეს. ამის გამო კი უკრაინაში კვლავ გადაიწევს რეფორმების პროცესი“, - წერს პოლონეთში გამომავალი „გაზეტა ვიბორჩა“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG