Accessibility links

პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ წამყვანი ამერიკული და ევროპული გამოცემები ერთხმად ალაპარაკდნენ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გასანადგურებლად დაწყებულ ბრძოლაში რუსეთის სამხედრო დახმარების აუცილებლობაზე, თუმცა კვლავ მწვავე უთანხმოების საგანია რუსეთის, როგორც პარტნიორის, სანდოობა.

ავტორთა აზრით, სირიის მოწესრიგება საჭიროებს მეგობრებისა და მოკავშირეების დახმარებას, მოსკოვი კი არც ერთია და არც მეორე, რადგან, შეუძლებელია იმ რუსეთის ნდობა, რომელმაც 2008 წელს საქართველოს ანექსია მოახდინა, უგულებელყოფს ევროკავშირის შუამავლობით შემუშავებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებას და არღვევს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მინსკში მიღწეული შეთანხმების პირობებს. ასეთია მთავარი იდეა 17 ნოემბრის „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებული ჯეფ გედმინისა და გარი სმიტის პუბლიკაციისა, სათაურით, „უფრთხილდით რუსეთის „დახმარებას“ ახლო აღმოსავლეთში“.

„რუსეთში ბატონმა პუტინმა შექმნა პოლიციური სახელმწიფო, რომელიც კლეპტოკრატიულ სახელმწიფოებრივ კაპიტალიზმს, შიშისმომგვრელ ნაციონალიზმსა და მისი საკუთარი პიროვნების კულტს ეფუძნება. ხელოვნებასა და განათლებაში პუტინისეული რუსეთი განადიდებს გონებაშეზღუდულ, ქსენოფობიურ კულტურას, რაც ხოტბა-დიდებას ასხამს უხეშ ძალას და ადგილს არ უტოვებს სუსტ არსებებს, დისიდენტებს თუ ცხოვრების ალტერნატიულ სტილს. იგი თანამედროვე ფაშისტია, რომლის ფასეულობები გამუდმებულ წინააღმდეგობაშია დასავლურ ფასეულობებთან. სირიის მომავალზე პუტინის შეხედულება არ დაემთხვევა იმ ხედვას, რომელიც ამერიკას აქვს“, - წერენ „უოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ჯეფ გედმინი და გარი სმიტი.

მათგან განსხვავებულ აზრს გამოთქვამს ტერელ ჯერმეინ სტარი 20 ნოემბერს „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ მასალაში, რომელშიც ის პუტინთან თანამშრომლობის საჭიროებას იმით ხსნის, რომ „ისლამური სახელმწიფო“ რუსეთის ლიდერზე უფრო დიდი პრობლემაა, ხოლო ამ პრობლემის გადაჭრა რუსეთის ლიდერის გარეშე წარმოუდგენელია.

„რამდენად პრობლემატურიც უნდა იყოს ვლადიმირ პუტინის საქციელი, მისი ქმედების შედეგი ევროპაში ახლოს ვერ მოდის სირიაში არსებულ საფრთხეებთან. თუ ჩვენ გვსურს, ოდესმე მაინც ვეღირსოთ ასადის გადაყენებას, რაც ნებისმიერ შემთხვევაში სირიის სამოქალაქო ომის დასრულების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, თუ გვსურს „ისლამური სახელმწიფოს“ ამოძირკვა და სტაბილური გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც შეძლებს დასავლეთთან მუშაობას, მაშინ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ პუტინთან. როგორც ჩანს, ამ აზრს ეთანხმება ობამა, რომელმაც ოთხშაბათს შემდეგი განაცხადა: „თუ სირიის სამოქალაქო ომის დასრულების პროცესის თაობაზე ჩვენ უფრო უკეთეს ურთიერთგაგებას მივაღწევთ რუსეთთან, მაშინ უეჭველია, რომ ეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინაღმდეგ კოორდინირებულად მოქმედების უფრო მეტ შესაძლებლობას მოგცემს“, - მოჰყავს აშშ-ის პრეზიდენტის ციტატა ტერელ ჯერმეინ სტარს.

ფრანგული ლიბერალური გამოცემა „კონტრეპოინტი“ კი საფრანგეთის სახელმწიფოს წარუმატებლობად მიიჩნევს მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვას, რაც პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ კონტრტერორისტული ოპერაციის დასახმარებლად გახდა საჭირო. „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ამჯერად აშკარად ფეხქვეშ თელავს ფუნდამენტურ უფლებებს და უსაფრთხოების დაცვის მისია თავისუფლებაზე პრიორიტეტული ხდება. მაშინ იქნებ უფრო შორსაც წავიდეთ და ერთხელ და სამუდამოდ საერთოდ ვთქვათ უარი ადამიანის უფლებების მოჩვენებით დაცვაზე? იქნებ არაორაზროვნად გვეთქვა მათზე უარი, ნაცვლად იმისა, რომ შევლახოთ ის ყოველი ახალი თავდასხმისა თუ სავარაუდო შეტევის დროს?" - კითხულობს ფრანგული გამოცემა და იქვე შეახსენებს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ „როდესაც ტერორიზმის წინააღმდეგ ომში ებმება, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მოქალაქეთა განუყოფელი ინდივიდუალური უფლებები: უსაფრთხოება, კეთილდღეობა, თავისუფლება. თუ სახელმწიფო მის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად იძულებული გახდება შელახოს ეს უფლებები, მაშინ იგი ძალიან შორს შეტოპავს... მეტიც, საშინლად ხელმოცარული აღმოჩნდება მისი ძირითადი მისიაც“.

პარიზში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება ჩეხური წამყვანი გამოცემა „ლიდოვე ნოვინის“ პუბლიკაცია, ნიშანდობლივი სათაურით: „დღევანდელი მიგრანტები - ხვალინდელი ტერორისტები“. ნიშანდობლივი კი ეს იმიტომაა, რომ ჩეხეთის მთავრობა იმთავითვე ეწინააღმდეგებოდა თავის ტერიტორიაზე ახლო აღმოსავლეთიდან დაძრული მიგრანტების, როგორც საფრთხის მატარებლების, მიღებას. „ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა ვერაფერი გააცნობიერა, რადგან პარიზის თავდასხმის შემდეგაც კი კვლავ დაჟინებით მოითხოვს დევნილთა გადანაწილებას მთელი ევროპის მასშტაბით. იმ ქვეყნების მოქალაქეებს, სადაც მუსლიმი უმცირესობა არ ცხოვრობს, იუნკერი ეუბნება: დააბინავეთ მუსლიმური თემი ჩვენი ინსტრუქციების მიხედვით და თუ გაგიმართლებთ, მაშინ მესამე თაობამდე მასში არ წარმოიშობიან ტერორისტები. ევროკავშირი ასეთ რამეს სერიოზულად იმ შემთხვევაში შეიძლება ამბობდეს, თუკი საკუთარი განადგურება განუზრახავს. ნებისმიერი ცოცხალი არსების ბუნებრივი რეაქციაა დაიცვას საკუთარი თავი. ეს კი ნიშნავს, რომ უნდა დასრულდეს დევნილთა უკონტროლო ნაკადის დინება“, წერს კონსერვატიული ჩეხური გამოცემა „ლიდოვე ნოვინი“.

ევროკავშირის წევრ საბერძნეთს, რომელიც ეკონომიკური მომჭირნეობის პროგრამით ცხოვრობს, ახალ-ახალ რადიკალურ ზომებზე უწევს წასვლა. ამ ფონზე კრედიტორებს საბერძნეთის ხელისუფლებისგან პირდაპირ მოუთხოვიათ შემოეღო რამდენიმე ბეგარა, მათ შორის, ღვინოზე. ამ თემას ეხმაურება ბერძნული კონსერვატიული გამოცემა „კატიმერინი“, რომელიც მიიჩნევს, რომ მომჭირნეობის პოლიტიკის მსხვერპლი შესაძლოა აღმოჩნდეს ბერძნული ღვინის წარმოება, რომელიც ბოლო წლებში წარმატებით ვითარდებოდა. „საბერძნეთის კოალიციური მთავრობის ფინანსური გუნდი, როგორც ჩანს, არც ქვეყნის პროდუქციის მწარმოებელ ძალებს იცნობს და არც რეალობას. მაშინ როცა, ერთი მხრივ, მზად არის შემოიღოს გადასახადები, რათა უზრუნველყოს ქვეყანაში დაფინანსება იმ სექტორებისა, რომლებიც მცირე პროდუქციას ქმნიან, საბერძნეთის ხელისუფლების საფინანსო გუნდს არ ძალუძს რაიმე დახმარება აღმოუჩინოს იმ სექტორებს, რომლებიც რეალურად ქმნიან პროდუქციას და ქმნიან გარკვეულ დოვლათს ეკონომიკაში. დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში ღვინის სექტორში სპეციალური გადასახადის დაწესება ყოვლად გაუგებარი ნაბიჯია“, წერს ბერძნული გამოცემა „კატიმერინი“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG