Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


„ყველაფერში სულთანი ერდოანია დამნაშავე“

სტამბოლის ცენტრში მომხდარი ტერაქტის შემდეგ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა, ასეთი ტერორიზმი სირიაში მიმდინარე ომისა და ხელისუფლებაში წარმოქმნილი ვაკუუმის შედეგიაო. თუმცა თურქეთის კონსერვატიულ გაზეთ „მილიეთს“ აინტერესებს, შექმნილ სიტუაციაში რამდენად დიდია თავად თურქეთის მინისტრთა კაბინეტის პასუხისმგებლობა. გამოცემამ შემდეგი შეკითხვებით მიმართა აჰმედ დავუთოღლუს:

„რომელი სახელმწიფოები და ხელისუფლებებია დამნაშავე ძალაუფლების ასეთი ვაკუუმის შექმნაში? რა პოზიცია დაუპირისპირა თქვენმა მთავრობამ ამ ვითარებას? იზიარებს თუ არა პასუხისმგებლობას, დასავლეთთან ერთად, თქვენი მთავრობაც სირიაში სამოქალაქო ომის განვითარებასა და ესკალაციის ამჟამინდელ დონეზე?.. დროის უკან დაბრუნება რომ შეგძლებოდათ, დაუჭერდით თუ არა ისევ მხარს სირიის ოპოზიციას? დაიჭერდით თუ არა ვისიმე მხარეს სირიის სამოქალაქო ომში, რომელიც, თქვენი თქმით, ტერორიზმის უდიდესი წყაროა? ყველა ეს პასუხგაუცემელი შეკითხვა, - დასძენს თურქული გამოცემა „მილიეთი“, - ჯერ კიდევ გუშინ უნდა დასმულიყო, როდესაც პირველი არასწორი ნაბიჯები გადაიდგა. სამწუხაროდ, აფეთქებებით გამოწვეულ ხმაურში ამ შეკითხვების მოსმენა უკვე აღარავის სურს“.

იტალიის კათოლიკური მიმართულების გამოცემა „ავენირე“ კი თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელიც, სტამბოლის განცხადებით, „სირიული წარმომავლობის თვითმკვლელმა“ ჩაიდინა, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„პირველი ნაბიჯი, რომელიც ტერაქტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ერდოანმა გადადგა, მედიის მორიგი ჩახშობა იყო. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმ რეჟიმის გონებაშეზღუდულობისა, რომლისთვისაც სულერთია გამჭვირვალობა და დემოკრატია, სამაგიეროდ, დევნილთა მისაღებად ევროკავშირისაგან დამამცირებელი გადასახადის მიღებას არ თაკილობს... ერდოანმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, იმისათვის, რომ უკიდურესად დაეძაბა ისედაც რთული ვითარება რეგიონში“, - წერს იტალიური გამოცემა „ავენირე“ და დასძენს, ნაცვლად იმისა, რომ რეგიონში მოგიზგიზე ხანძარი ჩააქროს, თურქეთი თავად იქცა ცეცხლის ყველაზე სახიფათო გამჩაღებლადო. - „თურქეთის მთავრობის ბევრი წევრი ბუზღუნებს იმაზე, რაც ადრე დაფარული იყო: მთავარი პრობლემა სულთანი რეჯეპ ტაიპ ერდოანიაო“.

პოლონური გამოცემების მთავარი თემა კი პოლონეთის კონსტიტუციური სასამართლოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის გარშემო ვარშავასა და ბრიუსელს შორის წარმოქმნილი უთანხმოებაა. პრეზიდენტ ანჯეი დუდას კონსერვატიული მთავრობა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კონსტიტუციური სასამართლო რეფორმის ინიციატივით გამოვიდა. პოლონეთის მმართველი პარტიის - „სამართალი და სამართლიანობის“ - ამ ნაბიჯში ხსენებული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ხარისხის შესუსტებისა და მათზე პოლიტიკური პარტიის გავლენის გაძლიერების საშიშროება დაინახეს ბრიუსელში, რის გამოც ევროკომისიამ ვარშავის ამ ჩანაფიქრის შესწავლა გადაწყვიტა. ლიბერალური „გაზეტა ვიბორჩა“ შეახსენებს პოლონეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას იმ დემოკრატიული პრინციპებისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის ვალდებულებას, რაც ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებით იკისრა. „ევროკავშირს აქვს უფლება გამოთქვას პროტესტი, როდესაც არ ხდება ევროპული ფასეულობების, დემოკრატიის პრინციპებისა და სამოქალაქო უფლებების დაცვა. ბრიუსელის შეშფოთება შესაძლოა გადაჭარბებული იყოს, ისევე როგორც იმათი, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ პოლონეთში დემოკრატიას იცავს, მაგრამ სწორედ ხელისუფლების მოვალეობაა იმის დამტკიცება, რომ ეს შიშები უსაფუძვლოა, მით უფრო, რომ ევროკავშირი პოლონეთის მიმართ მტრულად განწყობილი ორგანიზაცია კი არ არის, არამედ გაერთიანება, რომლის ნაწილს პოლონეთიც წარმოადგენს და რომელზეც ყველა ჩვენგანი ერთიანად ვაგებთ პასუხს“, - წერს პოლონური გამოცემა „გაზეტა ვიბორჩა“.

ევროკავშირის გაფრთხილების გათვალისწინებას ურჩევს პოლონეთის მთავრობას კონსერვატიული ტაბლოიდი „ფაქტიც“, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ ევროკომისიამ პოლონეთის მიმართ პირველად გამოიყენა მკაცრი მონიტორინგის მექანიზმი და ვარშავას დასჯითაც დაემუქრა. „ეს არის სიგნალი მმართველი „სამართალი და სამართლიანობის“ პარტიისათვის, რომელმაც არჩევნებში გამარჯვებითა და ხალხის ნებით ბოროტად არ უნდა ისარგებლოს ყველა თავისი პოლიტიკური ნაბიჯისა და იმ ჩანაფიქრის გასამართლებლად, რომლის მიღწევასაც ესწრაფვის. ამას გარდა, პოლონელ ხალხს „სამართლისა და სამართლიანობისათვის“ ხმა იმის გამო არ მიუცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა სურდა. ამის შესახებ საარჩევნო კამპანიის დროს საერთოდ არ ყოფილა საუბარი“, - წერს პოლონური კონსერვატიული ტაბლოიდი „ფაქტი“.

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი“ გერმანიის პოლიტიკური ელიტისა და მედიის მიერ სიმართლის მიჩქმალვაზე წერს და მხედველობაში აქვს ადოლფ ჰიტლერის ნაცისტური მანიფესტის, „მაინ კამპფის“ („ჩემი ბრძოლის“), ახალი გამოცემა, რაც ერთგვარად გადაფარა ახალი წლის წინა დღეებში კიოლნში ქალებზე მომხდარმა ძალადობამ. „როგორც ჩანს, გერმანიის მმართველებს არ სჯერათ, რომ გერმანელ ხალხს შეუძლია თვალი გაუსწოროს მწარე სიმართლეს. სიმართლის ჩახშობის ეს ინსტინქტი თავს იჩენს მაშინაც, როცა საქმე ეხება ერთ დროს მომწამვლელ დოქტრინას, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიპყრო მთელი ერი და მთელი ევროპა ჰოლოკოსტამდე და განადგურებამდე მიიყვანა, ანდა როცა აღმოჩნდები საშიში რეალობის წინაშე, რომ, შენივე მთავრობის პოლიტიკის გამო, ქალებისათვის უკვე აღარ არის უსაფრთხო გერმანიის გარკვეულ ქალაქებში ფეხით სიარული. ეს ღრმად არაჯანსაღი ხასიათის გამოვლინებაა“, - წერს ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი“.

განვლილი კვირის მთავარი საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენა იყო სახელმწიფოს მდგომარეობის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება, რომლითაც ბარაკ ობამამ უკანასკნელად მიმართა კონგრესს. მიუხედავად პრეზიდენტის მიღწევებისა, მისმა გამოსვლამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დატოვა დაუმთავრებელი საქმეების გამო, - წერს ფრანგული მემარცხენე-ცენტრისტული „ლე მონდი“ და იზიარებს „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველის დევიდ იგნაციუსის შეფასებას, რომ ობამას პრეზიდენტობა ძალიან რთულ დროს მოუხდა. „იგი დონალდ ტრამპისა და მარინ ლე პენის ანტიპოდია. ობამას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საპროტესტო განცხადებებსა და რადიკალურ გადაწყვეტილებებს იგი დემოკრატიის ჟანგბადს, კომპრომისს, ამჯობინებდა, მაგრამ მას აკლდა უნარი სხვებიც შეეყვანა ამ ფარვატერში, აკლდა ხელოვნება ევაჭრა პოლიტიკური ძალებით და საჭიროების დროს გაეკეთებინა მოკლე და მტკიცე განცხადებები, რასაც შეეძლო რთულ პერიოდში რეალობად ექცია ბრძენი ადამიანის იდეები“, - წერს ფრანგული „ლე მონდი“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG