Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ამერიკული გამოცემა „ფორინ ეფეარსი“ 15 იანვარს აქვეყნებს სტატიას ცენტრალურ აზიაში რუსეთის გეგმების შესახებ. პუბლიკაციის ავტორები შეგვახსენებენ, რომ, უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო აგრესიისა და სირიაში მზარდი საავიაციო ოპერაციების მიუხედავად, რუსეთის სტრატეგიული ინტერესების სფერო კვლავ ცენტრალური აზიაა, სადაც მოსკოვის ყველაზე მრავალრიცხოვანი სამხედრო ძალებია განლაგებული. ტაჯიკეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე 5 900 ჯარისკაცი მსახურობს და 2020 წლისათვის მოსკოვი ამ ციფრის გაორმაგებას აპირებს, ყირგიზეთში კი კანტში მდებარე საავიაციო ბაზა მოსკოვმა ახალი მოიერიშე თვითმფრინავებითა და საბრძოლო შვეულმფრენებით გააძლიერა.

„რუსეთი აცხადებს, რომ ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში სამხედრო ძალის გაძლიერება ავღანეთის მოსაზღვრე ცენტრალურ აზიაში ისლამური ტერორიზმის გაზრდის საშიშროებით არის ნაკარნახევი, მაგრამ აქ საქმე კიდევ უფრო სხვა რამეშია. სამხედრო ყოფნა ეს არის იმ მიზნის ნაწილი, რომ რუსეთს მთელ რეგიონზე სურს თავისი გავლენის შენარჩუნება. ამ ძალისხმევასთან არის თანხვედრაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სასაზღვრო ძალების შექმნის გეგმა, რომელიც მოსკოვმა 2015 წლის სექტემბერში თალიბანის მებრძოლების მიერ ყუნდუზის პროვინციის ხელში ჩაგდების შემდეგ შეიმუშავა და რომელმაც ცენტრალური აზიის საზღვრებთან ავღანეთიდან მომდინარე საფრხეები უნდა აღკვეთოს“, - წერს „ფორინ ეფეარსი“, რომელიც საეჭვოდ მიიჩნევს ახლო პერსპექტივაში მოსკოვის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის შენარჩუნებას ცენტრალურ აზიაში, ვინაიდან, საერთაშორისო სანქციების, ნავთობზე ფასების დაცემისა და ეკონომიკის მკვეთრი შენელების ფონზე, რასაც თან ახლავს ყირგიზი, ტაჯიკი და უზბეკი შრომითი მიგრანტებისათვის საიმიგრაციო წესების გამკაცრება, რუსეთი და მისი ლიდერობით შექმნილი ევრაზიული ეკონომიკური გაერთიანება სულ უფრო და უფრო კარგავს მიმზიდველობას ცენტრალური აზიის რესპუბლიკების თვალში. „რუსეთის ჩანაფიქრი, რომ სამხედრო დახმარებისა და მიგრანტების წინააღმდეგ მიმართული დამსჯელი ზომების შეზავებით დაიახლოოს ცენტრალური აზია, არ წარმოადგენს ამ რეგიონში კრემლის ჰეგემონიის გარანტიას. მოსკოვს ძალიან გაუჭირდება მტკიცე კავშირის თაობაზე გაკეთებული შეთავაზებების გასაღება იმ ფონზე, როდესაც მისი ეკონომიკა 2016 წელს განაგრძობს მკვეთრ დაცემას“, - დაასკვნის „ფორინ ეფეარსი“.

გასულ კვირაში პრესაში არაერთი წერილი მიეძღვნა ირანისთვის სანქციების გაუქმებას. ავსტრიის გაზეთი „შტანდარტი“ (ირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, ასევე გერმანიას შორის სწორედ ვენაში იქნა მიღწეული ბირთვული შეთანხმება) სტატიას იწყებს შეკითხვით: „ახლა ყველაფერი კარგადაა?“ და იქვე უპასუხებს: „ნაწილობრივ, რადგან გასულმა კვირამ აჩვენა, რამდენად მყიფეა ნდობის საფუძველი, რომელზეც დაყრდნობილია „ერთიანი მრავალმხრივი სამოქმედო გეგმა“. მისმა მონაწილეებმა მოახერხეს გეგმის მიმართულების შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ ფლანგებზე, მარჯვნივ და მარცხნივ, დიდი ხმაური იყო. ხმაური იყო ირანის მიერ რაკეტების გამოცდის და ვაშინგტონის მუქარის გამო, რომ სანქციებს დაუწესებს თეირანს; ხმაური იყო ირანში საუდის არაბეთის საელჩოზე იერიშისა და ასევე იმის გამოც, რომ აშშ-ის საზღვაო ფლოტის წარმომადგენლები დააკავეს ცოტა ხნით სპარსეთის ყურეში. თითოეულ ამ ინციდენტს შეიძლებოდა კრიზისი გამოეწვია. ეს არის რომ წარმოშობს შეკითხვას: რა მოჰყვება ვაშინგტონსა და თეირანში იმ ძალების დომინირებას, რომლებიც აშკარა დიპლომატიური ურთიერთგაგებით აუმღვრეველ ანტაგონიზმს აღიარებენ ირანსა და აშშ-ს, ესე იგი დასავლეთს, შორის ურთიერთობის ერთადერთ ფორმად?“, წერს გაზეთი „შტანდარტი“, რომელიც ვენაში გამოდის.

ირანის თემას მიუძღვნა სტატია „ნიუ იორკ ტაიმსმაც“, რომელიც წერდა, იმ დღეს, როცა შეთანხმების განხორციელება დაიწყო, იმის წინაპირობები შეიქმნა, რომ თეირანი, ხანრძლივი იზოლაციის შემდეგ, კვლავ გამოდის საერთაშორისო არენაზეო. ირანშიც და აშშ-შიც პოლიტიკურ დონეზე კამათია იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის. არადა, „ნიუ-იორკ ტაიმსის“ სტატიის ავტორის აზრით, საქმე ისაა, თუ რაშია სარგებელი და სად არის საფრთხე, როცა დიდი ხნის მანძილზე ანტაგონისტური ქვეყნები ნორმალურ ურთიერთობას ამყარებენ.

გაზეთები წერდნენ პოლონეთის პრეზიდენტის ბრიუსელში სტუმრობაზეც. ეს დუდას პირველი ვიზიტი იყო ევროპის კავშირში, ამ რანგში. ფინეთის გაზეთი „სავონ სანომატი“ წერდა ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე შემოწმდეს პოლონეთში „სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა“. ფინური გაზეთის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ტუსკისა და პოლონელი სტუმრის, დუდას, შეხვედრისას ტონი შემრიგებლური იყო და ტუსკიც დიდად მოხიბლული არ ჩანდა ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ეს გადაწყვეტილება მართებულია, რადგან „დემოკრატია არ ნიშნავს მარტივად უმრავლესობის უმცირესობაზე ბატონობას, არამედ ის სამართლებრივ სახელმწიფოსა და სიტყვის თავისუფლებასაც გულისხმობს და ევროკომისიამ ისინი უნდა დაიცვას“.

პოლონეთის გაზეთი „ვიბორშჩა“ წერდა, რომ ტუსკის და დუდას შეხვედრისას ბრიუსელში ტუსკი, რომელიც დიპლომატიური დიალოგის ჩარჩოებში რჩებოდა, არწმუნებდა დუდას, რომ პოლონეთის მიმართ ევროკავშირში არ არის შეთქმულება. დუდა, გაზეთის თანახმად, პოლონეთში ცვლილებებს იცავდა და მათ დემოკრატიული არჩევნების „ნორმალური ეფექტი„ უწოდა. გაზეთი ორი პოლონელი პოლიტიკოსის შეხვედრას დადებითად აფასებს და წერს, დუდამ შეძლო ეჩვენებინა, რომ ის ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის ჩარჩოებში მოქმედებსო.

ავსტრიის გადაწყვეტილებაზე, დააწესოს ლტოლვილთა რაოდენობის ზედა ზღვარი, სტატია დაბეჭდა ამ ქვეყანაში გამომავლმა „პრესემ“. მიგრანტების ხელგაშლით მიღების პოლიტიკისგან მათი შეჩერების მიმართულებით სრული შემობრუნება უნდა მომხდარიყო იმ შემთხვევაშიც, როცა ეს უსიამოვნო და არაკეთილშობილურია. ამას პოლიტიკა ჰქვია. ჟენევის ლტოლვილთა კონვენცია მაშინ იქნებოდა დარღვეული, ევროპას რომ ლტოლვილები თავიანთ საზღვრებთან დაებრუნებინა, როცა ისინი თავშესაფარს იმსახურებენ. რამდენადაც ცნობილია, ასე ავსტრიის საზღვრებზე არ ხდება. რაც შეეხება ადამიანის ღირსებას და ადამიანის უფლებებს, რა ჰქვია პოლიტიკას, როცა ადამიანებს ევროპაში მოიზიდავ, შემდეგ კი დაუსაქმებლად, უბინაოდ და, როგორც გერმანიაში ხდება, მემარჯვენე ექსტრემიზმისგან დაუცველს დატოვებ? - სვამს შეკითხვას გაზეთი და იქვე უპასუხებს, „არაჰუმანურიო“.

სლოვენიის გაზეთი „დელო“ ლტოლვილთა კრიზისს ევროპის ერთიანობისთვის საფრთხის კონტექსტში განიხილავს და წერს, ევროკავშირის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ „ეშმაკური იდეა“ ვრცელდებაო. „დელოს“ თანახმად, ეს იდეა ძალიან ჭკვიანურად ჩამოაყალიბა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტმა მაკლ-ლაიტნერმა: ავსტრიას სურს და არის მზად დაეხმაროს სლოვენიას და ხორვატიას, უკეთ გააკონტროლონ თავიანთი საზღვრები, რათა არასასურველმა ლტოლვილებმა არ გადაკვეთონ ევროკავშირის საზღვარი. სლოვენიის გაზეთი ამ ნათქვამს „არადიპლომატიურ ენაზე“ გვითარგმნის და მას „ბინძურ საქმეს“ უწოდებს, იქვე კი განმარტავს: ეს არის ევროკავშირის ორი სამხრეთელი წევრის ბუფერულ ზონად ბოროტად გამოყენება იმისთვის, რომ საკუთარი ხელები არ დაისვარონო.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG