Accessibility links

logo-print

ამერიკული და ევროპული პრესის მიმოხილვას დავიწყებთ ანალიტიკურ პორტალ „სტრატფორ კომენტარში“ გამოქვეყნებული მასალით რუსეთის მზარდი როლის შესახებ კავკასიაში, რომელიც ისტორიულად ყოველთვის ევროპასა და აზიას შორის გეოპოლიტიკური დაპირისპირების „ტრანსკონტინენტური ზონა“ იყო.

ანალიტიკური სტატიის ავტორები შეგვახსენებენ, რომ საბჭოთა კავშირის რღვევის შემდგომ ხანაში რუსეთი წარმოადგენდა ყველაზე უფრო ძლიერ საერთაშორისო ძალას კავკასიაში: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა შეძლო გაეძლიერებინა სამხედრო ძალები სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რუსეთს 5 000-კაციანი სამხედრო ძალა ჰყავს სომხეთში, ხოლო აზერბაიჯანის ჩრდილოეთით და სამხრეთით რუსეთს ეგულება მის მიმართ ლოიალურად განწყობილი ძალები, რომლებიც ბაქოს, ყოველგვარი რუსული სამხედრო ძალის გარეშეც, აიძულებენ მოსკოვის სტრატეგიული ინტერესები გაითვალისწინოს.

იმავდროულად, რუსეთის ჩაბმა სირიაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში და დაპირისპირება თურქეთთან, რაც კავკასიის რეგიონზეც აისახა, აიძულებს ანკარას ამ არეალში ეძიოს ბერკეტები მოსკოვის წინააღმდეგ. დასავლეთის სანქციებისგან განთავისუფლებამ, შესაძლოა, ირანიც უფრო აქტიური გახადოს კავკასიაში, სადაც რუსეთის დომინანტური როლი ახლო მომავალშიც შენარჩუნდება. თუმცა აშკარაა ისიც, რომ ეკონომიკურმა პრობლემებმა და სირიასა და უკრაინაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა ვალდებულებებმა, შესაძლოა, სულ უფრო და უფრო გაართულოს მოსკოვის მზარდი გავლენის შენარჩუნება შიდა ურთიერთობების თვალსაზრისით მეტად აწეწილ კავკასიაში, - აღნიშნულია ანალიტიკურ პორტალ „სტრატფორ კომენტარში“ გამოქვეყნებული მასალაში.

რაკი თურქეთი ვახსენეთ, მიმოხილვას ევროპულ პრესაში ევროკავშირ-თურქეთის სამიტზე ევროპაში მიგრანტთა კრიზისის თაობაზე წინასწარ შეთანხმებული პროექტის შესახებ გამოქვეყნებულ გამოხმაურებას გაგაცნობთ. 11 მარტს გამოსული ავსტრიული ქრისტიანულ-ლიბერალური „ზალცბურგერ ნახრიხტენი“ მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთიდან „დევნილები გეოპოლიტიკის ინსტრუმენტად გადაიქცნენ“. გამოცემა წერს, რომ თავის დროზე ლიბიის ლიდერი მოამარ კადაფი ჰპირდებოდა ევროპას აფრიკიდან დევნილების მიღებას, რის გამოც ამ დესპოტს, რომელიც ტერორისტებს აფინანსებდა, ევროპელმა ლიდერებმა სანქციები მოუხსნეს. ახლა თურქეთმა უნდა ითავოს დევნილთა ნიაღვრის შეკავება. ეს კი უამრავ ადამიანს აბრაზებს ევროპაში, რადგან ეს ქვეყანა არ ჩანს სანდო პარტნიორი. თურქეთის საზღვრის დამცველად მიჩნევა სწორედ იმის დემონსტრირებაა, თუ რა დონემდე გადაიქცა მიგრაცია გეოპოლიტიკის ინსტრუმენტად“, - წერს ავსტრიული ქრისტიანულ-ლიბერალური „ზალცბურგერ ნახრიხტენი“.

გასულ კვირაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას გამონათქვამებს რუსეთის სამხედრო უპირატესობაზე, რომლის წინაშეც უკრაინა დიდწილად დაუცველია. ბარაკ ობამა მიიჩნევს, რომ რუსეთი ყოველთვის შეძლებს უკრაინაზე დომინაციის შენარჩუნებას, ვინაიდან ეს ქვეყანა შედის რუსეთის ფუნდამენტური ინტერესის სფეროში. ამ და სხვა მოსაზრებებს შეიცავს ჟურნალ „ატლანტიკში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ბარაკ ობამას მიერ გამოცემის კორესპონდენტ ჯეფრი გოლდბერგისათვის სხვადასხვა დროს მიცემული ინტერვიუების ერთგვარი კომპილაციაა.

აშშ-ის პრეზიდენტი,ბარაკ ობამა, მიანიშნებს, რომ უკრაინა აშშ-სთვის არ წარმოადგენს ფუნდამენტური ინტერესის საგანს. გასულ წელს ამერიკის ლიდერს საკმაოდ დიდი ზეწოლის გადატანა მოუხდა იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც კიევისათვის სასიკვდილო შეიარაღების მიწოდებას უჭერდა მხარს პრორუსულად განწყობილ დონბასელ სეპარატისტებთან საომარ დაპირისპირებაში, რასაც, სტატისტიკას თუ გავიხსენებთ, 2014 წლის აპრილიდან მოყოლებული, 9100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ობამას თქმით, „არსებობს შეკავების გზები, თუმცა ძალიან მკაფიოდ უნდა განისაზღვროს სამომავლო პერსპექტივაში რა ღირს ომში ჩართვად და რა არა“. აშშ-ის პრეზიდენტი უარყოფს პოზიციას, რომ რუსეთში ან ჩინეთში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რაიმე გავლენას მოახდენს მკაცრი რიტორიკა ან რაიმე ფორმის სამხედრო მოქმედება. ეს პოზიცია ეწინააღმდეგება ყველა მტკიცებულებას, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში გვინახავსო, განაცხადა მან. ვაშინგტონში თუ ვინმე თვლის, რომ „ჩვენ რუსეთთან ომში ჩაბმაზე ვიმსჯელებდით ყირიმის ან აღმოსავლეთ უკრაინის გამო, ეს ხმამაღლა ძალიან მკაფიოდ უნდა განაცხადოს", - მოჰყავს ობამას სიტყვები „ატლანტიკის“ ჟურნალისტ ჯეფრი გოლდბერგს, რომელმაც 10 მარტს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში თავი მოუყარა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ პრობლემებზე 2009-2013 წლებში გამოთქმულ მოსაზრებებს.

უკრაინაზე - უფრო ზუსტად, რუსეთის ტყვეობაში მყოფ სამხედრო მფრინავ ნადია სავჩენკოს გახმაურებულ საქმეზე - საინტერესო სტატია გამოაქვეყნა „ატლანტიკ კაუნსილის“ საინტერნეტო გამოცემაში ჯეფრი გედმინმა. რადიო თავისუფლება/ რადიო თავისუფალი ევროპის ყოფილი პრეზიდენტი რუსეთის საპყრობილეში მყოფ უკრაინელ მფრინავ ნადია სავჩენკოს „რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დაუმორჩილებლობისა და იმედის“ სიმბოლოს უწოდებს. უკრაინელ სამხედროს 23 წლით პატიმრობა ელოდება ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობასთან კავშირში ბრალდების გამო.

„დროა გავიხსენოთ ისტორია. არსებობდნენ სავჩენკოს მსგავსი პიროვნებები, რომლებმაც დასავლეთის დახმარებითა და კრიტიკულ ვითარებაში გამოჩენილი სოლიდარობით დიდი წვლილი შეიტანეს კრემლისა და მისი მოკავშირეების ტირანიის დამხობაში, იმ ტირანიისა, რომლის აღორძინებასაც ისინი ესწრაფვიან“, - წერს ჯეფრი გედმინი და ჩამოთვლის „ცივი ომის“ დროინდელ საბჭოთა და აღმოსავლეთევროპელ დისიდენტებს: პოლონელ სასულიერო პირს, უშიშროების აგენტების მიერ სასტიკად მოკლულ ეჟი პოპელუშკოს, რუმინელ მწერალსა და ლიტერატურის კრიტიკოს ქალ მონიკა ლოვინესკუს და საბჭოთა დისიდენტ ნატან შარანსკის, რომლებიც უკომპრომისოდ ებრძოდნენ საბჭოთა ტირანიას.

„თავისი უკომპრომისო ხასიათით, მამაცმა უკრაინელმა ქალმა საკუთარი შინაგანი ხმა იპოვა. სავარაუდოდ, რუსებიც დაიწყებენ თავიანთი შინაგანი ხმის ძიებას. ჩვენც ასევე ვალდებული ვართ ხელახლა ვიპოვოთ საკუთარი შინაგან ხმა“, - წერს ჯეფრი გედმინი „ატლანტიკ კაუნსილის“ საინტერნეტო გამოცემაში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG