Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ორწლიანი პაუზის შემდეგ, 2016 წლის აპრილში, პირველად გაიმართა ნატო-რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა. გასულ კვირას დასავლური პრესა ამ ამბავს აქტიურად აშუქებდა. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მოსკოვს ადგილი უნდა მიუჩინოს, მეორე მხარე კი ფიქრობს, რომ ნატოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ ზედმეტად აგრესიულია.

გერმანული გაზეთი „ტაგესშპიგელი“ 21 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა, ბოლოს და ბოლოს, ხმა უნდა ამოიღონ.

„მოსკოვი საფრთხედ მიიჩნევს ნატოს ძალებს აღმოსავლეთ ევროპაში, ალიანსი კი ირწმუნება, რომ ეს რეაქციაა რუსეთის უკრაინაში შეჭრაზეო“, წერს გამოცემა და დასძენს, მიუხედავად რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა უკრაინაში, არც აშშ-ს, არც საფრანგეთს და არც გერმანიას არ მოუთხოვიათ მისთვის ჯარების გაყვანა, რაც კონფლიქტს ვერ გადაწყვეტს, პირიქით, გააძლიერებს რუსეთის იმ პროპაგანდას, რომელთან შეწინააღმდეგებასაც დასავლეთი ცდილობსო.

სლოვენიური გამოცემა „დელო“ კი შიშობს, რომ თუ მოსკოვი და ნატო შეთანხმებას მალე ვერ მიაღწევენ, სიტყვების ნაცვლად იარაღით დაიწყებენ დაპირისპირებას.

„რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის შიშით, ნატოს იმდენივე სამხედრო ჰყავს აღმოსავლეთ ევროპაში, რამდენიც ჰიტლერს ჰყავდა „ოპერაცია ბარბაროსას“ დაწყებამდე და ის დასავლელი ანალიტიკოსები, რომლებსაც უკვირთ, რატომ უწოდებს ამ „თავდაცვის პოლიტიკას“ რუსეთი აგრესიულს, უბრალოდ, გულუბრყვილობას იბრალებენო“, - წერს გამოცემა.

ავსტრიული მემარცხენე გაზეთი „სტანდაარდი“ კი 21 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, ნატო-რუსეთის საბჭოს აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ მას მეტ დატვირთვას მიანიჭებენო.

გამოცემა წერს, დიალოგი ელჩების დონეზე კარგი დასაწყისია, თუმცა მოლაპარაკებებში ორივე მხრიდან უფრო მაღალი დონის წარმომადგენლები უნდა ჩაერთონო.

გასულ კვირას ისევ აქტუალური იყო მიგრანტების კრიზისი და თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობა.

ფრანგული ყოველდღიური გაზეთი „ლა კრო“ წერს, რომ არ შეიძლება ევროპა თურქეთისადმი დათმობებზე წავიდეს.

„თურქეთი თავის თავს ხედავს, როგორც დამოუკიდებელ რეგიონალურ ძალას, როგორც ისლამური სამყაროს ლიდერ სახელმწიფოს და არა ევროკავშირის წევრ 29-ე ქვეყანასო“, - წერს გამოცემა და შიშობს, რომ პრეზიდენტი ერდოღანი არ იზიარებს ევროპულ იდეალებს.

21 აპრილს გამოქვეყნებულ ამ სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ, მეორე მხრივ, ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს იმ თურქებს, რომლებიც ქვეყანაში დასავლური დემოკრატიისთვის, გამოხატვის თავისუფლებისა და გენდერული თანასწორობისთვის იბრძვიან.

ბერძნული გამოცემა „პროტაგონი“ კი ცდილობს განმარტოს, რატომ შეიძლება ყოფილიყო მარტის დასაწყისში ევროპის მიერ თურქეთისადმი შეპირებული უვიზო მიმოსვლა ემოციური და არაპრაქტიკული გადაწყვეტილება. ამ შეთანხმების სანაცვლოდ თურქეთს საბერძნეთიდან უკან უნდა მიეღო მიგრანტები.

ევროპას ეშინია, იქ კიდევ უფრო მეტი მუსლიმი არ ჩავიდესო, წერს გამოცემა 21 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში და ამის დასტურად მოჰყავს მიგრანტთა კრიზისის შედეგად ევროპაში გაძლიერებული ნაციონალიზმი, რომლის გამწვავებისაც ეშინია ზოგიერთი ქვეყნის ლიდერს და ამიტომაც უარს ამბობს თურქეთთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებაზე.

თურქული გამოცემა „ჰიურიეტ“ კი ცინიკურად აღნიშნავს, უცნაურია, რომ უცებ ევროპა ავლენს ინტერესს თურქეთის პრობლემების მიმართ, როდესაც წლების განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდაო:

„ევროპის წაყრუება თურქეთში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე, 2010-დან მოყოლებული, სწორედაც რომ ხელს აძლევდათ ევროპელებს და ეს იყო იარაღი იმისთვის, რომ თურქეთის გაწევრიანება ევროკავშირში გადადებულიყო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG