Accessibility links

logo-print

მიმდინარე კვირაში მთელი მსოფლიო მედიის ყურადღება მიპყრობილი იყო აშშ-საკენ, სადაც დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობა გაიმართა იმ სკანდალის ფონზე, რომელიც სოციალურ ქსელ „ვიკილიკსში“ დემოკრატიული პარტიის ლიდერთა ათასობით პირადი იმეილის გამოქვეყნებამ გამოიწვია.

მას შემდეგ, რაც 22 ივლისს „ვიკილიკსმა“ 19 ათასზე მეტი მესიჯი გამოაქვეყნა, პოსტიდან გადადგა დემოკრატთა ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარე დები ვასერმან შულცი, ხოლო კომიტეტმა, ელექტრონულ მიმოწერაში დაშვებული „მიუღებელი“ რემარკების გამო, სანდერსს ოფიციალურად მოუხადა ბოდიში. ამერიკელი დემოკრატების ბანაკში ეჭვი გაჩნდა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ელფოსტის გატეხაში რუსეთის მონაწილეობის თაობაზე. ასეთი ვარაუდი, კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც გამოთქვა.

ამ მორიგი, შესაძლოა, ჰაკერული თავდასხმის შესახებ სკანდალი ახალი ძალით მას შემდეგ გაჩაღდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე საჯაროდ მიმართა რუსეთს: "რუსეთო, თუ მისმენ, იმედი მაქვს შეგიძლია იპოვო 30 ათასი დაკარგული ელექტრონული წერილიო".

ამ მიმართვის შემდეგ დონალდ ტრამპი ამერიკული ლიბერალური და მემარცხენე გამოცემების სასტიკი კრიტიკის ქვეშ მოექცა.

„პროჯექტ სინდიკატში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც „ახალი ფილოსოფოსების“ მოძრაობის წევრს ბერნარდ-ჰენრი ლევის ეკუთვნის, „მოღალატე დონალდ ტრამპი“ ეწოდება.

სტატიის ავტორის აზრით, თუ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება, ამით ქვეყანასაც გაუჩნდება პრობლემები ბევრი მიმართულებით და მსოფლიოსაც.

„პრობლემას მხოლოდ ტრამპის ვულგარულობა, რასიზმი და გამომწვევი სიბნელე კი არ წარმოქმნის, არამედ მის მიერ ამერიკის ინტერესების შესაძლო ღალატი. ეიზენჰაუერისა და რეიგანის პარტიას მეთაურობს კორუმპირებული დემაგოგი, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის იდეას ღალატობს, არამედ მის ფუნდამენტურ ეროვნულ ინტერესებსაც“, - ფიქრობს ბერნარდ-ჰენრი ლევი, რომელიც მკითხველს შეახსენებს ბოლო წლებში დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ რასისტულ, სექსისტურ, ანტისემიტურ და ანტიმუსლიმანურ განცხადებებს, პუტინისა და რუსეთის ქების თანხლებით, და შეახსენებს იმასაც, რომ ამერიკის ბანკების მიერ „შავ სიაში“ შეტანილი საკუთარი ბიზნესინტერესებისათვის ტრამპი არ თაკილობდა თანამშრომლობას „გაზპრომის“ ხელმძღვანელობასთან, ორგანიზებული დანაშაულის ცნობილ ლიდერებსა და უკრაინის ყოფილი ლიდერის, ვიქტორ იანუკოვიჩის, ლობისტებთან.

ამავე თემას აგრძელებს „ნიუ იორკ ტაიმსი“.

„ზოგიერთი უცხოელი ლიდერი მილიარდობით დოლარის მოპარვით შემოიფარგლება, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კი შესაძლოა უფრო მეტად ფასეული რამის - ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების -მოპარვა სურდეს. იმ დროს, როდესაც ჩვენი არჩევნები ცივი ომისდროინდელი ჯაშუშური ნოველის სიუჟეტს გვაგონებს, დონალდ ტრამპის სახით, პუტინი ამ კამპანიის უდავო ფავორიტია“, - ნათქვამია სტატიაში, რომელსაც საგულისხმო სათაური აქვს: „ცდილობს თუ არა პუტინი ამერიკის არჩევნების მოპარვას“. სტატიის ავტორი იხსენებს რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერთავდასხმებს, როგორც კრემლის „ჰიბრიდული ომის“ ერთ-ერთ აქტიურ კომპონენტს, რასაც დამანგრეველი ეფექტი ჰქონდა უკრაინის კიბერსივრცისათვის მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიისა და პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების სამხედრო მხარდაჭერის დროს. 2014 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფებმა, რომლებიც კიბერსამყაროში „ბუნჩულა დათვისა“(Cozy Bear) და „ელეგანტური დათვის“ (fancy Bear) ფსევდონიმებით არიან ცნობილნი, მწყობრიდან გამოიყვანეს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ელექტრონული მოწყობილობა და პროგრამები.

„თუ უცხოეთის სახელმწიფოებს, როგორიც მოსკოვი და პეკინია, სურთ, რომ მათი ეროვნული ინტერესებისათვის საჭირო ერთი რომელიმე პარტია ან კანდიდატი მეორეს აღემატებოდეს, ისინი არ მოერიდებიან იმოქმედონ ამ მიზნის მისაღწევად“, - წერს „ნიუ იორკ ტაიმსი“.

რუსეთის მძლავრ სადეზინფორმაციო და კიბერუნარებზე წერს მიმდინარე კვირის „ნიუზვიკიც“, ოღონდ გამოცემის ვარაუდით, გადაჭარბებული უნდა იყოს სადაზვერვო უწყების ექსპერტთა აზრი, რომ დემოკრატიული პარტიის სერვერებზე ჰაკერული თავდასხმის ბრძანება შეიძლება უშუალოდ ვლადიმირ პუტინისგან მოდიოდეს. „ასეთ აზრს ფრთხილად იმისათვის უნდა მოვეკიდოთ, - წერს „ნიუზვიკი“, - რომ, ისტორიული გამოცდილების თანახმად, „სადაზვერვო უწყება“ ზოგჯერ აშკარად ოქსიმორონია. 1980-იან წლებში აშშ რუსეთს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ქიმიური იარაღის გამოყენაბაში სდებდა ბრალს და ამის დამადასტურებლად ჯუნგლების „ყვითელ წვიმას“ ასახელებდა, თუმცა წლების შემდეგ ცხადი გახდა, რომ „ყვითელი წვიმა“ შეიძლებოდა სინამდვილეში ექსკრემენტები ყოფილიყო“.

ევროპული გამოცემების მთავარი თემა კი გასულ კვირაში ტერორიზმის საფრთხე იყო. მიუნხენში მომხდარ ტერაქტს პრესაში ევროკავშირის კრიტიკა მოჰყვა. „ტერორისტები არ არიან მენტალურად დაავადებულები, ისინი არიან პოლიტიკურ-რელიგიური გეგმის ნაწილი, გეგმისა, რომლის მიზანიც დასავლეთის განადგურებაა“, წერს იტალიურ „ლა სტამპაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში დომენიკო ქუირიჩიო, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა 2013 წელს მძევლად აიყვანეს.

გერმანული გამოცემა „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ კი გერმანიის კანცლერს აკრიტიკებს მისი ობიექტურობის გამო, რაც შექმნილ ვითარებაში რეალობას არ შეესაბამება. „ქვეყანა გრძნობს, რომ აღარ არის უკვე საკმარისი უსაფრთხოების შესახებ კანონის ‘შემუშავება“და თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ კანონის მოთხოვნათა გამკაცრება, რომლის შემდეგაც ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. გერმანია მწარედ არის იმედგაცრუებული, მაგრამ კანცლერი ძველებურ იავნანას მღერის. და ეს მისი კრახია. ტერორიზმისაგან გამოწვეული ამ საშიშროების გამო მას კონკრეტული მოქმედების დაწყების სიგნალი უნდა მიეცა“, - წერს „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ .

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG