Accessibility links

logo-print

მიმდინარე კვირის ბოლოს დასავლეთის პრესა ბევრს წერდა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე. იყო არაერთი კრიტიკული წერილიც - მაგალითად, საბერძნეთში გამომავალი მემარცხენე ორიენტაციის „ავგი“ 5 აგვისტოს ნომერში წერდა: „დღეს რიო დე ჟანეიროში მასშტაბური ცერემონიით გაიხსნება ილიმპიური თამაშები. რიოში, სადაც გვხვდება როგორც ფეშენებელური სახლები, ისე ქოხმახების უსასრულო დასახლებები. რიოში, სადაც ფულის დიდი ნაწილი ოლიგარქების ჯიბეებში მოხვდა, ზუსტად ისევე, როგორც 2004 წელს ათენის თამაშებზე. იმ მასშტაბური პროექტებიდან, რომლებსაც თამაშების ერთიანობის დემონსტრირება უნდა მოეხდინა, მხოლოდ მცირედი ნაწილი თუ გააუმჯობესებს მცხოვრებთა ყოველდღიურ ყოფას“.

ფინეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „სავონ სანომატი“ კი 5 აგვისტოს წერდა: „სპორტის ბევრმა თაყვანისმცემელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ თამაშების წინა პერიოდში განწყობა არცთუ ძალიან საზეიმო იყო, მაგრამ ამას დადებითი შედეგიც შეიძლება აღმოაჩნდეს. თუ მაყურებლის რაოდენობა დაიკლებს, გაქრებიან მსხვილი სპონსორებიც, რომლებიც უკვე ეჭვის თვალით უყურებენ ოლიმპიადის იმიჯს. ფინანსების ნაკლებობა კი საუკეთესო მოტივაცია იქნება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული თანამეგობრობისთვის საიმისოდ, რომ არსებული დარღვევების წინააღმდეგ გადადგან ნაბიჯები. ნაცვლად იმისა, რომ ბიუჯეტი წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად იბერებოდეს, ზამთრის და ზაფხულის თამაშები უფრო ნაკლებად მასშტაბური ფორმით გაიმართებოდა“.

გერმანიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ 4 აგვისტოს ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობას გამოეხმაურა: „ეს, შესაძლოა, მართლაც ისტორიული მნიშვნელობის დაახლოების ძალიან ამბიციური მცდელობის დასასრულის დასაწყისი იყოს. ევროპაში ახლა გავრცელებულია განცდა, რომ თურქეთის ადგილი ევროკავშირში არ არის, რომ მისი მთავრობა მეტისმეტად ავტორიტარულია, ქვეყანა - მეტისმეტად გახლეჩილი, მისი წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. ... ეს ტრაგედიაა, რადგან სწორედ ახლა თურქეთს ყველაზე მეტად ესაჭიროება დახმარება ევროპისგან. ყველა საფუძველმოკლებული ფორმით ბრალდებულის თუ ნამდვილი პუტჩისტის სასამართლო პროცესს ევროპელი დამკვირვებლები უნდა ესწრებოდნენ. ადამიანის უფლებების ევროპული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ციხეებში და პოლიციის საკნებში უნდა მოითხოვონ შესვლა. თურქეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ოდესმე კვლავ დაადგეს მშვიდობისა და კანონის უზენაესობის გზას, თუ ნათელი სურათი შეიქმნება იმაზე, რა მოხდა რეალურად 15 ივნისს და მას შემდეგ“.

მიმდინარე კვირაში მედია ბევრს წერდა აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის, განცხადებებზე მუსლიმი ამერიკელების ოჯახის მისამართით, რომლებმაც შვილი, ამერიკელი სამხედრო, დაკარგეს ერაყში. ეს განცხადებები კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების მხრიდან. ბევრმა ისინი შეურაცხყოფად და უადგილოდ მიიჩნია. ირლანდიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „აირიშ ეგზამინერი“ 3 აგვისტოს წერდა: „ამ მომენტამდე მილიონობით ამერიკელს კვლავ სჯეროდა, რომ ტრამპი ამერიკულ პოლიტიკაში სიახლეა - ერთადერთი მსხვილი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც ესმის მათი საჭიროებები, შეშფოთება და გაუცხოების განცდა. მისი ანტიმუსლიმური განცხადებები და მუქარა, რომ მექსიკასთან საზღვარზე კედელს ააშენებს შემაძრწუნებელი იყო რესპუბლიკური პარტიის მსხვილი ფიგურებისთვის, მაგრამ ეხმიანებოდა ბევრი მოქალაქის შიშებს და წინასწარ შექმნილ განწყობებს. მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მას ზედმეტი მოუვიდა. ამერიკის პოლიტიკურ დისკურსში ძალიან ცოტა რამაა დაუშვებელი, მაგრამ თავიანთი ქვეყნის სამსახურში დაღუპული სამხედროები სწორედ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა“.

ბრიტანეთში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული „გარდიანი“ 3 აგვისტოს ნომერში წერდა: „გაუგებარია რატომ არჩია მან მგლოვიარე ოჯახზე მიეტანა საპასუხო დარტყმა. ხანები პოლიტიკოსები არ არიან. ისინი ჩვეულებრივი, იმიგრანტი მოქალაქეები არიან, რომლებმაც უზარმაზარი მსხვერპლი გაიღეს თავიანთი ახალი ქვეყნისთვის. ... ერთია, როცა დებატების დროს შენივე კალიბრის, მსხვილ საჯარო ფიგურებს ესხმი თავს, რიგით მოქალაქეზე თავდასხმა კი სულ სხვა ამბავია. და, საერთოდ, უპრეცედენტო შემთხვევაა თავდასხმა ყველაზე პატივსაცემ რიგით მოქალაქეზე - ომში დაღუპული გმირის პატრიოტ მშობლებზე“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG